მედიის ცნობით, ტეხასში, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი. 41 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ინფორმაცია კერის ოლქის შერიფმა ლარი ლიტამ კვირა საღამოს ჟურნალისტებს დაუდასტურა.
დაკარგულად ითვლება კერის ოლქში მდებარე ბანაკში მყოფი 10 გოგონა და კონსულტანტი. შეგახსენებთ, დაკარგული ადამიანები ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში, კემპ მისტიკში იმყოფებოდნენ, რომელიც გვადალუპეს მდინარის ნაპირზე მდებარეობდა. ძლიერი წვიმების შედეგად, მდინარე მოულოდნელად გადმოვიდა კალაპოტიდან და არნახული კატასტროფა გამოიწვია.
ტეხასის რამდენიმე ოლქმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დანგრეულია გზები, გათიშულია ტელეფონის ხაზები.
მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში რეგიონში კიდევ უფრო მეტი შტორმია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამაშველო ჯგუფების მუშაობას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს შტატის ხელისუფლებასთან. ტეხასში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი ჩავიდა.
ნოემმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრამპი „ღრმად შოკირებულია“ წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო და მზადაა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად ფედერალური მთავრობის სრული რესურსები გამოყოს.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც მაშველებს ყველა საჭირო რესურსზე წვდომას აძლევს.

ხელისუფლების ცნობით, მდინარე გვადალუპეს დონემ ერთ საათზე ნაკლებ დროში თითქმის 7 მეტრით აწია. წყალდიდობამ წაიღო სახლები, მანქანები და ქოხები, სადაც ხალხი 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულს ატარებდა.
მანამდე, კერის ოლქის უფროსმა ოფიციალურმა პირმა, მოსამართლე რობ კელიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა წინასწარ არ განახორციელეს ევაკუაცია, რადგან „არ იცოდნენ ამ ტიპის წყალდიდობის მოახლოების შესახებ“.
იხილეთ ასევე: