Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსახიობი ანა ტყებუჩავა. გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო „სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
- ანა, მსახიობი რატომ გახდით? რა მოგეწონათ ამ პროფესიაში?
- საერთოდ პროფესიის არჩევა რთული რამაა. გარდა იმისა, რომ ბავშვობაში ადამიანს სამომავლოდ რაღაც უნდა და რაღაცაში არის ნიჭიერი, მშობელმა ნიჭზე მეტად ყურადღება მის უნარებს უნდა მიაქციოს. რამდენად აქვს ის თვისებები, რაც ამ პროფესიას სჭირდება. ძალიან პრაქტიკული თვისებებს ვგულისხმობ - შრომისუნარიანობას, ემპათიას, მოსმენის უნარს, რეპეტიციის ნებისყოფას. რაც წლები გადის, ეს ყველაფერი სულ უფრო მნიშვნელოვანია.
შეიძლება კარგად ცეკვავდე, კარგი აღნაგობა გქონდეს, მაგრამ არ გქონდეს იმის ნებისყოფა, მთელი დღე ძელთან იდგე, იმეცადინო და მოცეკვავე გახდე... ხასიათსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
პროფესიას რომ ვირჩევდი, მაშინ უამრავი სხვა რაღაც იყო, მაგრამ მადლობა ყველას, ვინც იმისკენ მიბიძგა, რაც მართლა მინდოდა. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა ვმჯდარიყავი ოფისში, როგორ უნდა მეკეთებინა ერთი და იგივე საქმე. რაღაც გართობა-პროფესია უფრო მინდოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ მსახიობობა ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი პროფესიის თამაში მომიწევდა. ბევრ წარმოსახვით რაღაცაში ვაჩვენებდი ჩემს თავს, რადგან ბევრნაირი ვიყავი. სხვადასხვა ფერი იყო ჩემი და მინდოდა გამომეხატა. სახლში უამრავი საინტერესო სპექტაკლი მაქვს ჩატარებული. ეს მომწონდა და ამიტომაც ავირჩიე მსახიობობა. იმედი მაქვს, არ შევცდი.
- რა როლს არ ითამაშებდით არასდროს?
- მსახიობი ვარ და ჩემი მოვალეობაა, როლი ვითამაშო. არ ვითამაშებდი თუ არ იქნებოდა საინტერესო და ახალს არაფერს მომცემდა. თუმცა შეიძლება, პროფესიის თვალსაზრისთ, ახალი არ მოგცეს, მაგრამ ეს იყო ადამიანებთან ერთად კარგ ხალხთან, საინტერესო გარემოში ასეთივე თავგადასავალი, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად საყვარელი საქმის კეთება. ეს დიდი თერაპიაა. თუ ეს მნიშვნელოვანი რაღაცები არ არის და ახალიც არაფერია, მაშინ არ ღირს და ძნელია ამის კეთება.
- ამდენი წელი სერიალი მცირედი პაუზების გარდა ეკრანიდან არ ჩამოსულა. ახლა როდესაც ის ეთერში უკვე აღარ გადის, რა გრძნობაა?
- სასიამოვნოა შორიდან ამის ყურება, სასიამოვნოა იმის ყურება თავიდან თუ როგორი რეაქციები აქვთ ადამიანებს. სწორედ ახლა მაქვს იმის შესაძლებლობა, სერიალსაც და მაყურებელსაც ერთდროულად ვადევნო თვალი. კი, სასიამოვნო და სასაცილოცაა ეს ყველაფერი...
ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მნიშვნელოვანია ეს პაუზა. ჩვენი პროფესია არ იძლევა იმის ფუფუნებას, რომ ცოტა ხანი დაისვენო, დაღვინდე, შენში რაღაცები დაგროვდეს, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია, ესეც, რა თქმა უნდა, თავისებური მსხვერპლია. თამაში, კამერა, სცენაც - ორივე ძალიან მენატრება, მაგრამ ასეთი პაუზები ჩვენს პროფესიაში ზუსტად ისევე აუცილებელია, როგორც საინტერესო პროექტებზე მუშაობა.
- ამ ეტაპზე თეატრში რატომ არ ხართ და რა არის თქვენთვის თეატრის სცენა?
- თეატრში რატომ არ ვარ, ეს ალბათ თეატრის ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოთ. თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი დასის წევრობისგან, იმიტომ, რომ ეს მოთხოვნილება არ მაქვს. მინდა ვიმუშაო, კარგ, საინტერესო პროექტებზე და საინტერესო რეჟისორებთან. ასე უბრალოდ რაღაცის წევრი ვიყო, ვფიქრობ, ეს უკვე გავიარე. შეიძლება, ვცდები და შეიძლება არსებობდეს სადმე თეატრი, რომლის დასის წევრობა ჩემთვის საინტერესო იქნება. მოკლედ, ჯერჯერობით არ მაქვს ასეთი სურვილი. სცენაზე ყოფნა ჩემთვის, ამხელა ენერგიის გაცვლა ადამიანების ჯგუფებს შორის, ენერგეტიკული აქტია და აქტებს შორის ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი. საერთოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას.

- ამ ეტაპზე ძირითადად რით ხართ დაკავებული. რას საქმიანობთ?
- ნებისმიერ პროფესიაში არის ან ძალიან ბევრი საქმე, ძალიან დაუნდობელი გრაფიკი, ან საერთოდ არაფერი. ამიტომ ვისწავლე, როდესაც არ არის აქტიური სამუშაო, დავუბრუნდე იმ სურვილებს, ცხოვრებაში რისი კეთებაც მინდა. ვისწავლო უცხო ენა, ვიმოგზაურო, წავიკითხო წიგნები, ვიარო ცეკვაზე, მილიონი რამ შეგიძლია გააკეთო, რაც ადამიანს ძალიან სჭირდება. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მნიშვნელოვანია ჩემი სამყარო იყოს მრავალფეროვანი. ეს ჩემი შიდა სამზარეულოს ერთ-ერთი ნაწილია. იქიდან შეიძლება ცოტა რამ დამჭირდეს პროფესიაში, მაგრამ მჭირდება ბევრი წყარო, მათ შორის, ბავშვებთან ერთად ყოფნა...
ვერ ვიტყვი, რომ იდეალური დედა ვარ, ან იდეალური მეუღლე, სულ ვსეირნობთ, ვთამაშობთ, არა, ეს დიდ ნებისყოფას მოითხოვს და საერთოდ, ყველაზე რთული რამ არის, იყო მშობელი, რადგან გართობის მიღმა უამრავი რამ არის…
- რომ არა მსახიობი, კიდევ ვინ იქნებოდით პროფესიით?
- ადრე ვფიქრობდი, რომ ვიქნებოდი მოცეკვავე. ბავშვობაში ბევრი გამავალი ფიქრი გაქვს... ბავშვებს მინდა, ვუთხრა, რომ გაანდეთ თქვენი სურვილები მშობლებს, უფროსებს, თანატოლებს, მეგობრებს. ჩემს თავს თვითონ გავეცი პასუხი, მაგალითად, ვუთხარი, რომ არ მაქვს მოცეკვავის აღნაგობა და მოცეკვავეობაზე უარი ვთქვი. მერე ბევრი უცხოური პროექტი ვნახე, რომელშიც საინტერესო ადამიანები მონაწილეობდნენ და გამახსენდა ის ბავშვი, რომელმაც იფიქრა, რომ მოცეკვავე ვერ გამოვიდოდა და გული დამწყდა. ასე რომ, გააჟღერეთ თქვენი სურვილები.
- უარყოფით კომენტარებზე როგორ რეაგირებთ. გიპასუხიათ ოდესმე ვინმესთვის?
- ისეთი არაადეკვატური უარყოფითი წამიკითხავს, რომ ძალიან მიცინია არა მარტო მე არამედ ჩემს მეუღლესაც. ისეთ რაღაცას წერენ, ისე გაფასებენ, რომ მართლა სასაცილოა. ისეთ უნიჭოდ უარყოფით რაღაცებს დაწერენ, რომ არანაირად მეხება და შესაბამისად არც მწყინს. არის შინაურების კომენტარებიც, რაც უფრო გასაკვირია - ამას რომ წერს ეს ადამიანი, ხომ მიცნობს?! რატომ წერს ასეთ უსაფუძვლოდ ზოგად ფრაზას ჩემი საჯარო პოსტის ქვეშ, მაგრამ როგორც მითხრეს, საჯარო პოსტის ქვეშ ყველას აქვს უფლება აზრი გამოთქვას. შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს დამიწერია უარყოფითი კომენტარი, უახლოესი ადამიანებისთვისაც კი, სრულიად დაუნდობელ პოსტზე, რომელიც აგრესიის და ძალიან ბევრი ცუდის წამახალისებელი ყოფილა. ყოველთვის თავს ვიკავებ, რომ უარყოფითად შევაფასო.
- ღიმილიანი სახე გაქვთ, მგონია, რომ არასდროს ბრაზდებით. ისე, მართლა არ ბრაზდებით და რას გამოჰყავხართ მდგომარეობიდან?
- ეს ჩემს შვილებს უნდა ჰკითხოთ... მდგომარეობიდან გამოვყავარ, - ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვბრაზდები ძალიან უცებ, ძალიან სერიოზულად და ბევრ რაღაცაზე. ასე უეცრად ავფეთქდები, ვიტყვი უსამართლობის საპირისპიროდ მწარე სიმართლეს. ვბრაზდები ძალიან ცუდად და ცუდად გამოვიყურები ამ გაბრაზების დროს, გაცილებით საშიშად, ვიდრე შეიძლება ვფიქრობდე. ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ კიდევ მსახიობი სხვანაირად ჩხუბობს სახლში და სხვანაირად იღიმის.
- სერიალის მსახიობებს გაქვთ ისევ გადაკვეთის წერტილები? ალბათ გენატრებათ კიდეც გადასაღები მოედანი...
- ძალიან გვენატრება, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად სტრესული იყო. გაურკვეველი დროით მიდიოდი სახლიდან და არავინ იცოდა, როდის მოხვიდოდი. იმ გარემოში, სადაც ვიყავი, ყოველთვის მიხაროდა... მიხარია იმ ხალხის ნახვა, ვმეგობრობ მათთან და ის ყველაფერი ძალიან კარგი იყო.
- „დაქალები“ როგორ ფიქრობთ, ოდესმე აღდგება? ინტუიცია რას გკარნახობთ. თუ არ აღდგება, როგორ აფასებთ იმ პერიოდს, რომელმაც საოცარი წარმატება მოგიტანათ.
- მეორე სეზონიდანვე სულ იყო იმაზე ლაპარაკი, რომ დაიხურება, დაიხურება. ვამბობდი, რომ არ დაიხურება-მეთქი და ასე მივედით 12 წელი. ახლა თუ ჩემს ინტუიციას დავუჯერებთ, ყველანაირი ლოგიკით, არ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მგონია, რომ სერიალის შემქმნელები ოდესმე შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ, დასკვნითი რამდენიმე სერია ან ფილმი გადაიღონ. ეს თავისებურად ძალიან საინტერესო იქნება. სხვა ყველაფერთან ერთად, ძალიან გამიმართლა, რომ ამ პროექტში მოვხვდი, რადგან ამან ძალიან ბევრი რამ განაპირობა ჩემს ცხოვრებაში.