ავტორი:

ღამით რუსებმა უკრაინის 4 ქალაქს შეუტიეს - არის მსხვერპლი და ათობით დაშავებული (ფოტო/ვიდეო)

ღამით რუსებმა უკრაინის 4 ქალაქს შეუტიეს - არის მსხვერპლი და ათობით დაშავებული (ფოტო/ვიდეო)

ღამით რუსებმა ხარკოვს, ხერსონს, ოდესას და კიევს შეუტიეს - არის მსხვერპლი და ათობით დაშავებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში დაშავებულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. მრავალსართულიან შენობაში ბინებს ცეცხლი გაუჩნდა.

ოდესაზე განხორციელებულ შეტევას ემსხვერპლა ერთი ადამიანი. დაზიანდა ავტომობილები, ავტოფარეხები და ავტოგასამართი სადგურები.

კიევში დაზიანდა გათბობის მაგისტრალი, დაახლოებით 500 შენობა ცხელი წყლის გარეშე დარჩა.

დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, შევჩენკოვსკის რაიონში, 9-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. დარტყმა დაფიქსირდა სლობოდსკოს რაიონშიც, სადაც 5 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, რუსები დრონებით თავს დაესხნენ ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავსაც, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

  • არსებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის ოლქში არსებულ ქიმიურ ქარხანაზე.

ადგილობრივმა მოსახლეობამ დრონებით განხორციელებული თავდასხმები და აფეთქებები კრასნოზავოდსკის ქალაქთან ახლოს შენიშნა, სადაც რუსეთის არმიის ამარაგება მომუშავე ქიმიური ქარხანა მდებარეობს.

  • ამასთან, რუსეთის აეროპორტებში კვირას, სულ მცირე, 393 ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო, - ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციის“ განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

შეზღუდვები შეეხო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტს და ნიჟნი-ნოვგოროდის ჩკალოვის აეროპორტს. გარდა ამისა, ივანოვოს, კალუგის, ფსკოვის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებმა რეისების მომსახურება დროებით შეწყვიტეს.

„როსავიაციის“ ცნობით, შერემეტიევოში 171 ავიარეისით გაუქმდა, 56 კი -ორ საათზე მეტი ხნით გადაიდო. პულკოვოში 90 რეისი გაუქმდა, ხოლო 37 გადაიდო. ჩკალოვის აეროპორტში 26 ავიარეისი გაუქმდა და 13 გადაიდო. შეზღუდვები ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში.

ამასთან, ერთი დღით ადრე, 5 ივლისს, შერემეტიევოში, პულკოვოსა და ჩკალოვში 250-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა და 270-ზე მეტი გადაიდო. გამოცემა „კომერსანტი“ ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში საჰაერო მიმოსვლის ორდღიანმა კოლაფსმა ავიაკომპანიებს, შესაძლოა, დაახლოებით 20 მილიარდი რუბლი დაუჯდეთ.