ავტორი:

რა მნიშვნელობა აქვს მამის ჩართულობას ბავშვის ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის? - ინტერვიუ ნეიროფსიქოლოგ მარიამ ხვადაგიანთან

რა მნიშვნელობა აქვს მამის ჩართულობას ბავშვის ემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის? - ინტერვიუ ნეიროფსიქოლოგ მარიამ ხვადაგიანთან

მზრუნველი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართული მამა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრების ყველა ეტაპზე, ჩვილობიდან მოზარდობის ჩათვლით.

მამის შეხება, ხმა, ხშირი კონტაქტი ჩვილს კომფორტსა და უსაფრთხოების განცდას უქმნის. ზოგადად, ორივე მშობელთან პოზიტიური ინტერაქცია ახალშობილის ტვინის განვითარებას უწყობს ხელს, შესაბამისად მამის ჩართულობა და კომუნიკაცია დადებითად მოქმედებს ბავშვის სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებაზე.

რაც შეეხება 1-3 წლამდე და მოზრდილობის ასაკს, ამ დროს მამა როლური მოდელია ბავშვისთვის. ის აკვირდება ყველაფერს, თუ როგორი კომუნიკაცია აქვთ მშობლებს ერთმანეთთან, როგორ მეტყველებს, რა აქტივობებით არის დაკავებული მამა და დიდი შანსია, რომ გაუცნობიერებლად გაიმეოროს იგივე ქმედებები იმავე ან უკვე ზრდასრულობის ასაკში.

ავტორი: თათია ნადარეიშვილი/UNFPA

მამის ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია წყვილის ურთიერთობისთვისაც. საქმის განაწილება და მხარდაჭერა დადებითად აისახება დედის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რაც პირდაპირ ახდენს პოზიტიურ ზეგავლენას ბავშვზე.

ბოლო წლებში მამები უფრო აქტიურები გახდნენ ბავშვის აღზრდისა და საოჯახო საქმეების განაწილების პროცესში, რასაც ჩვენ გარშემო ყოველდღიურად შეამჩნევთ. ამ პროცესს ახლავს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელიც UNFPA-ს (გაეროს მოსახლეობის ფონდი) საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივითა და კერძო და საჯარო სტრუქტურების კოორდინაციით ტარდება. მათ შორის არის გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ კამპანია „კაცები ზრუნავენ“, რომლის ფარგლებში, 2021 წელს თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ გაიხსნა და დღემდე უკვე ასზე მეტი მონაწილე ჰყავს.

უფრო მეტს, რა ზეგავლენას ახდენს ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე, მის მომავალსა და ქცევებზე ზრდასრულობის ასაკში, ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი გვიამბობს:

ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

● რა მნიშვნელობა აქვს მამების პატარა ასაკიდანვე ჩართულობას ბავშვების აღზრდის პროცესში, როგორც თვითონ ბავშვისთვის, ისე წყვილისთვის?

ბავშვისთვის ორივე მშობლის ადრეული ასაკიდანვე ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის. ბავშვი რომ იბადება, მისთვის გარემო აბსოლუტურად უცხოა და ადამიანი, ვისი საშუალებითაც იწყებს მის აღქმას ძირითადად არის დედა, მაგრამ ასევე მამაც. იმისათვის, რომ მისთვის სამყარო უსაფრთხო იყოს, შვილს ყველაფერში მხარდაჭერა სჭირდება, რაშიც იგულისხმება ზრუნვა, მიხვედრა, რა დროს რის გამო ტირის, რა აწუხებს და სხვა.

როცა მისი ასეთი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, ბავშვი გარემოს უსაფრთხოდ აღიქვამს. ამ პროცესში მამის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვის. მხარდამჭერი მამა ნიშნავს იმას, რომ დედას აქვს უკეთესი შესაძლებლობა, შემდეგ შვილს უსაფრთხო გარემო შეუქმნას. თუ დედა არის დასტრესილი, რადგან საოჯახო საქმეებიც და ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობაც მხოლოდ მასზეა, შემდეგ ეს ბავშვზეც ავტომატურად აისახება.

რაც შეეხება თავად მამისა და შვილის ურთიერთობას, რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრეული ასაკიდან ერთვება მამა მოვლის, დაძინებისა და სხვა პროცესებში, კავშირი მათ შორის ბევრად ადრე ჩნდება და გაზრდილზე, ასე ვთქვათ მორალური პრინციპების ჩამოყალიბებისთვის კი არ იწყებს ის კომუნიკაციას, არამედ უკვე აქვს ადრეული ასაკიდანვე ემოციური კავშირი ბავშვთან.

● როგორ აისახება ბავშვზე მამასთან სიახლოვე, მასთან დროის ხშირად გატარება, სხვადასხვა აქტივობის ერთად დაგეგმვა და განხორციელება?

არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მამის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი ემოციური, კოგნიტური და ინტელექტუალური განვითარებისთვის. ბავშვს სჭირდება ყურადღება იმ ადამიანისგან, ვისთანაც ცხოვრობს, ამ შემთხვევაში როგორც დედისგან, ისე მამისგან.

საქართველოში ყველა მშობელი მუშაობს, მამები მთელს კვირას ძირითადად სამსახურებში ატარებენ, საღამოს უკვე დაღლილები არიან და გასაგებია, რომ არ რჩებათ დრო ბავშვთან ერთად ბევრი აქტივობა დაგეგმონ და განახორციელონ. მაგრამ თუნდაც დასვენების დღეების გამოყენება დროის ერთად გასატარებლად უკვე დადებითად აისახებოდა ბავშვზე.

მთავარი არ არის, რა დროს ვატარებთ მასთან, რადგან შეიძლება მთელი დღე ბავშვთან ერთად ვიყო, მაგრამ ხან კომპიუტერში ან ტელეფონში ვაკეთო რაღაც, ხან ტელევიზორს ვუყურო და თან ვეთამაშო კიდეც, მაგრამ ეს არ არის ხარისხიანად დათმობილი დრო. თუ ბავშვთან ორ საათს მაინც ვატარებთ, სასურველია, სხვა რაღაცით არ ვიყოთ მოცულები და მხოლოდ მას დავუთმოთ დრო.

ავტორი: თათია ნადარეიშვილი/UNFPA

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზეც: ბიჭებისთვის მამა არის როლური მოდელი, ცდილობენ მიბაძონ მას და ქცევის პატერნს მისგან იღებენ. გოგოებისთვის კი ძალიან ხშირად მამა უსაფრთხოების გარანტია. ბევრი კვლევა არსებობს, რომ ზრდასრულობის ასაკში ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ურთიერთობებზე, თუ როგორ გარემოში ვიზრდებოდით, ასევე რა ურთიერთობა ჰქონდათ ჩვენს მშობლებს ერთმანეთთან და საწინააღმდეგო სქესის მშობლებს ჩვენთან. ამაში იგულისხმება ყურადღება, პატივისცემა და სხვა.

ხშირია ასეთი შემთხვევები, რომ თუ მამა ფიზიკურად ძალადობს ოჯახში, გოგოები ხშირად ქორწინდებიან ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ასევე ძალადობენ მასზე, იმიტომ რომ ქცევა მისთვის ნაცნობი და მისაღებია. ცხადია, ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ ზოგადი სურათი ამას აჩვენებს. ეს არის, რასაც ის მთელი ბავშვობა უყურებდა, ამიტომ თუ აღმოჩნდა, რომ მასზე ქმარი ძალადობს, მისაღები ხდება ეს ქცევა, რადგან ჩვეულია ამ სიტუაციას. ბიჭები კი ხშირ შემთხვევაში უკვე თავად ხდებიან მოძალადეები, რადგან ეს არის მამისა და კაცის მოდელი, რასაც მთელი ბავშვობა უყურებდნენ.

სწორედ ამიტომ შვილებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არამარტო ის, თუ რას ვეუბნებით, რაზე ვესაუბრებით, არამედ როგორ ვიქცევით მათთან და მათი თანდასწრებით, რადგან თავისდაუნებურად ბავშვი სწორედ ქცევას იმახსოვრებს.

ავტორი: მაია აბაშიძე

● რა პრობლემები შეიძლება შექმნას მამასა და შვილის ურთიერთობაში მამის ჩართულობის ნაკლებობამ როგორც პატარა, ისე ზრდასრულ ასაკში?

ბავშვისთვის ურთიერთობებში რამდენიმე კომპონენტია მთავარი: პირველ რიგში რომ ის არის ღირებული და მნიშვნელოვანი, რომ მას ხედავენ, პატივს სცემენ და უსმენენ. როდესაც ბავშვს ეს შეგრძნება არ აქვს, როდესაც მისთვის მშობელი დროს ვერ პოულობს, რომ ეთამაშოს, მოუსმინოს, კომუნიკაცია ჰქონდეს, ის უკვე აღიქვამს, რომ საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის.

ზოგმა ბავშვმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ის არ არის საკმარისად კარგი ან რაღაცას ისე ვერ აკეთებს იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს. შემდეგ როდესაც იზრდებიან, სამწუხაროდ ეს პატერნი გადადის სხვებთან ურთიერთობაშიც და არამარტო პარტნიორებთან, არამედ მეგობრებთანაც შეიძლება სულ ჰქონდეს განცდა, რომ არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი, რომ მან უნდა დაიმსახუროს, რომ ყურადღება მიაქციონ და უყვარდეთ. ამიტომ უკვე ურთიერთობებშიც ექმნებათ პრობლემები და ხშირ შემთხვევაში შეიძლება გარიყულად იგრძნონ თავი.

● თქვენი დაკვირვებით წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა ვითარება მამების ჩართულობასთან დაკავშირებით? რა გამოწვევები არსებობს დღეს ამ მხრივ?

სტატისტიკაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, თუმცა პირადი დაკვირვებით შემიძლია შევაფასო ბოლო 20 წელში მომხდარი ცვლილებები: მამები გახდნენ ბევრად უფრო ჩართულები, რაც გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ორსულ დედებთან ერთად დადიან მშობელთა სკოლაში, მონაწილეობას იღებენ ბავშვის მოვლაში, გასეირნებაში, გახდნენ უფრო ინფორმირებულები. ჩემთვისაც არაერთხელ მოუმართავს მამას კონსულტაციისთვის რაიმე თემაზე, როდესაც თავად ან შვილს სჭირდებოდა მხარდაჭერა და მიმართულების მიცემა.

ასევე, არაერთხელ მოუმართავს განქორწინებულ მამასაც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია ბავშვს ისე, რომ არ დასტრესოს. რომ შევაჯამო, თავად მამების მხრიდან ბავშვის ემოციური მხარდაჭერის ნაწილში ჩართულობა გაიზარდა. რა თქმა უნდა, ადრეც უყვარდათ შვილები, თუმცა ცოტა სხვა მიდგომებით ხელმძღვანელობდნენ და უფრო დედებს ჰქონდათ ბავშვის მოვლა გადაბარებული, ახლა ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

რაც შეეხება გამოწვევებს, თავდაპირველად ისევ ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ვისაუბროთ. ოჯახების ნაწილში დღემდე მხოლოდ დედა აგვარებს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს და მამა მხოლოდ ფინანსური მხადამჭერია, რაც რა თქმა უნდა, დასაფასებელია, თუმცა ცვლილება მაინც კარგი იქნებოდა. სამუშაო გრაფიკის გამო იმდენად დიდია დატვირთვა, რომ რთულია, 8 საათი იმუშაო, 2 საათი საცობში იდგე და შემდეგ ნაყოფიერად გაატარო დრო ბავშვთან, ყველა ადამიანის რესურსი ამოწურვადია, თუმცა თუნდაც 15 წუთით დათმობილი დრო უკვე დადებითად იმოქმედებდა ბავშვის ემოციურ განვითარებასა და მასთან პოზიტიური კავშირის დამყარებაზე.

ავტორი: თათია ნადარეიშვილი/UNFPA

მე ყურადღებას გავამახვილებდი საჯარო და კერძო სექტორის როლზე როგორც დედების, ისე მამების მხარდაჭერის კუთხით. ზოგიერთ საჯარო სამსახურში მშობლებს, რომლებსაც ბაღის ასაკის ბავშვი ჰყავთ, აძლევენ შესაძლებლობას, სამუშაო გრაფიკი შეცვალონ, რაც კარგი იქნებოდა, თუ კერძო კომპანიებშიც დაინერგებოდა. მაგალითად, კარგი იქნებოდა, თუ დილით ან საღამოს 1 საათი მიეცემოდათ მშობლებს, ბავშვის ბაღში ადაპტაციისთვის მასთან ერთად გაეტარებინათ დრო. ამასთან მნიშვნელოვანია, დედის მსგავსად დეკრეტული შვებულებით სარგებლობა მამებსაც რომ შეეძლოთ. კანონმდებლობაში ეს გვაქვს, თუმცა ამ მხრივაც ცნობიერების ამაღლება გვჭირდება. როდესაც მამების მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება დეკრეტულ შვებულებაზე, კერძო კომპანიებიც უკვე თავად დაიწყებენ მათთვის შესაბამისი პირობების შექმნას.

● რა რჩევებს მისცემთ მამებს, რა მცირე აქტივობებით შეიძლება დაკავდნენ შვილთან ერთად, თუ გადატვირთული გრაფიკი აქვთ და ენერგია აღარ ჰყოფნით ბავშვებთან ხარისხიანი კომუნიკაციისთვის?

მგონია, რომ მშობლები ცოტა დაღლილები არიან ამდენი რჩევებისგან და მხარდაჭერა უფრო სჭირდებათ, მაგრამ მე ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა და ეს კომპონენტი ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც მცირე, მაგრამ ხარისხიანი, მხოლოდ ბავშვისთვის დათმობილი დრო და ეს დრო უნდა იყოს სასიამოვნო არამხოლოდ ბავშვისთვის არამედ მშობლისთვისაც. ამისათვის საჭიროა მშობელმა და ბავშვმა ერთად იკვლიონ რა არის ის, რაც ორივეს მოსწონს, გააცნონ ერთმანეთს თავიანთი ინტერესები და სცადონ ერთად მიიღონ სიამოვნება.

● გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო პოზიტიურად შეიცვლება ვითარება მამების ჩართულობის კუთხით?

ცნობიერების ამაღლებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების და თუნდაც კერძო კომპანიების მხრიდან უკვე ბევრი აქტივობა ტარდება, რაც დადებით დინამიკას გვიჩვენებს.

ასევე ალბათ კარგი იქნება, თუ ცოტა უფრო ახალგაზრდებთან ზოგადი განათლების სფეროშიც შემოვა ეს საკითხი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე მშობლის ჩართულობა. კერძო სკოლების ნაწილი ამას უკვე აკეთებს, მამებს იწვევენ და უსმენენ მათ გამოცდილებას, ატარებენ ექსპერიმენტებს, ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, რაც ძალიან მისასალმებელია.

შესაბამისად, ნამდვილად მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მამების ჩართულობა გაიზრდება.