80 წლის კინოლეგენდამ, მაიკლ დუგლასმა ჩეხეთში, კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსახიობობის შეწყვეტა გადაწყვიტა.
"2022 წლიდან მიზანმიმართულად აღარ მიმუშავია, რადგან მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა... თითქმის 60 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრს ვმუშაობდი. არ მინდოდა, ისეთი მსახიობი გავმხდარიყავი, რომელიც გადასაღები მოედნიდან წასვლას ვერ ხვდება.
დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა არც პენსიაზე გავსულვარ. თუ რამე განსაკუთრებული მოხდებოდა, დავბრუნდებოდი, მაგრამ სხვა შემთხვევაში - არა“, - განაცხადა მსახიობმა.

მაიკლ დუგლასმა კინოკარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო სერიალში „სან-ფრანცისკოს ქუჩები“, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გადიოდა. პირველი ოსკარი 1975 წელს მოიგო, როგორც პროდიუსერმა ფილმისთვის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. ხოლო მეორედ ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო მიენიჭა როგორც მსახიობს, ფილმში "უოლ-სტრიტი" შესრულებული როლისთვის.