გამომცემლობა „პალიტრა L“ არაერთი წელია, აქტიურად ავითარებს წიგნიერების ხელშეწყობის კულტურას საქართველოში. ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა რეგიონის სკოლებისა თუ საბავშვო ბაღების წიგნებით მომარაგებას — განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც წიგნზე ხელმისაწვდომობა ხშირად ფუფუნების საგანია.
ამჯერად წიგნები მაღალმთიან რეგიონებში გაიგზავნა: გიორგი კეკელიძის ჩართულობით, სვანეთის სოფელ წვირმის საჯარო სკოლასა და ჭიათურის სოფლების სკოლას, ორ საბავშვო ბაღსა და დღის ცენტრ “ენძელას” ესტუმრნენ.
წვირმის საჯარო სკოლაში ამჟამად 34 მოსწავლე სწავლობს. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, რომელიც ახალი წიგნებით კიდევ უფრო გამრავალფეროვანდა.
„ჩვენ გვაქვს ბიბლიოთეკა, რომლის განახლებაშიც ადრე ბატონმა გიორგი კეკელიძემ ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა. საბავშვო ბიბლიოთეკის გამდიდრების თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშნელოვანი საჩუქარი იყო. მოფიქრებული მაქვს იდეა, როგორ ჩავრთო ბავშვები და დავაინტერესო საკითხავი ლიტერატურით. საკითხავი ლიტერატურის გარდა, რომელიც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე გვაქვს სხვადასხვა საგნის მიმართულებით ძალიან კარგი რესურსი, რომელიც მასწავლებლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ დამხმარე რესურსად საკლასო ოთახში, ასევე კლასგარეშე აქტივობების დაგეგმვისას. ასევე, ვგეგმავთ კითხვის კლუბის ჩამოყალიბებას უფროსკლასელთათვის სექტემბრიდან. კვირაში ერთხელ გვექნება კითხვის დღე, ერთად წავიკითხავთ, განვიხილავთ სხვადასხვა წიგნს. იმ რესურსს, რაც მოგვაწოდა „პალიტრა L”-მა, გამოვიყენებთ ეფექტიანად, რომ ბავშვებმაც მეტი სარგებელი მიიღონ ამ წიგნებიდან. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი გამოცდილება გვაქვს, ასე, რომ შთამბეჭდავ ისტორიას შევქმნით ამ წიგნების გამოყენებით.“ - გაგვიზიარა სოფიო ქუხილავამ, რომელიც წვირმის საჯარო სკოლაში ინგლისურის მასწავლებელია.

მისივე თქმით, წიგნები არ რჩება მხოლოდ სკოლის ბიბლიოთეკაში:
„სხვა სკოლებსაც ვიწვევთ ხოლმე. ვცვლით წიგნებს, ერთად ვკითხულობთ, ვმსჯელობთ — რაც თემებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს. ეს წიგნები ნამდვილად შთამბეჭდავი ისტორიის დასაწყისია. სვანეთის სოფლებისთვის ასეთი აქტივობები არის ნათელი წერტილი ამ ცივი ამინდებისა და ერთფეროვანი პირობების ფონზე, ეს არის გამონათება და მათი ცხოვრების გალამაზება. ბავშვები სიამოვნებით ერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომლებიც მათ არა მხოლოდ გარკვეულ ცოდნას აძლევს, არამედ სხვადასხვა უნარებსაც უვითარებს. ძალიან წარმატებული მოსწავლეები გვყავს.
ჭიათურაში ბაღების, სკოლებისა და დღის ცენტრის ბიბლიოთეკებიც შეივსო
ნონა ჯალაბაძე, ინგლისურის მასწავლებელი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელი ჭიათურიდან, გვიყვება, როგორ გავრცელდა ინიციატივა საბავშვო ბაღებში და დღის ცენტრებში:
„წიგნები გადავეცით როგორც სკოლას, ისე ორ ბაღს და “დღის ცენტრ ენძელას”, სადაც შშმ ბავშვები სწავლობენ. ეს ყველაფერი ბატონ გიორგი კეკელიძესთან თანამშრომლობით განხორციელდა. ბაღებში განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ილუსტრირებულ და ხმოვან წიგნებზე — და სწორედ ასეთი წიგნები შევარჩიეთ. ბავშვებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ და ასეთი ლამაზი, ფერადი, ხმოვანი და ილუსტრირებული წიგნები ბევრს ნანახიც კი არ ჰქონდა. მათთვის ეს უდიდესი საჩუქარია.“
ქალბატონმა ნონამ სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარა:
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვმა — მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა — შეძლოს თანამედროვე, ფერადი და სანდო ლიტერატურასთან შეხება. პედაგოგებისთვისაც ეს დიდი დახმარებაა, რადგან ახალი ლიტერატურა სწავლების პროცესს უფრო ცოცხალსა და მოქნილს ხდის. გავულამაზეთ კუთხე ორი მაღალმთიანი რაიონის საბავშვო ბაღს. რგანის საბავშვო ბაღსაც სექტემბერში გადავცემ გარკვეული რაოდენობის წიგნებს. ბავშვების დიდი სურვილი იყო, რომ მათი ბიბლიოთეკა შევსებულიყო ახალი, ილუსტრირებული, ლამაზი და ხმოვანი წიგნებით. მაღალმთიან რეგიონებში ბავშვებს ასეთი ფუფუნება იშვიათად აქვთ. ძირითადად სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ცხოვრობს. ასეთი საჩუქარი მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სკოლის პედაგოგებსაც ძალიან გაუხარდათ, რადგან ბევრ ბავშვს ასეთი წიგნები ნანახიც არ ჰქონდა.
პალიტრა L – წიგნი იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ
პროექტის იდეა მარტივია, თუმცა მის საფუძველში დიდი მიზანი დგას — წიგნი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის და მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს.
R