ავტორი:

ევგეზენი ზამიატის "ჩვენ" - დისტოპიური რომანი, რომელმაც ჯორჯ ორუელი შთააგონა

ევგეზენი ზამიატის "ჩვენ" - დისტოპიური რომანი, რომელმაც ჯორჯ ორუელი შთააგონა

ევგენი ზამიატინის „ჩვენ“, რომელიც გამოცემიდან საუკუნის თავზეც არ კარგავს მნიშვნელობასა და აქტუალურობას, 1920-21 წლებში იწერებოდა რუსულად. თუკი სიუჟეტს გავეცნობით, გასაკვირი სულაც არ იქნება, რომ ამ დისტოპიური რომანის მშობლიურ ენაზე გამოცემამდე დაახლოებით 30-მა წელმა განვლო, ხოლო საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1988 წელს გახდა მისი გამოცემა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ რომანს საბჭოთა რუსეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვს და მოქმედება არა თანამედროვე სამყაროში, არამედ 26-ე საუკუნეში ვითარდება, რომანსა და საბჭოთა სინამდვილეს შორის პარალელები აშკარა იყო, რამაც „ჩვენ“ იდეოლოგიურად მიუღებელ ტექსტად აქცია და დიდი ხნით შეაფერხა მისი გამოქვეყნება. მიუხედავად ამისა, ხსენებულ გამოცემებს წინ უსწრებდა რომანის პირველი, ინგლისურენოვანი პუბლიკაცია - 1925 წელს, ნიუ-იორკში.

თუ დისტოპიის, როგორც ლიტერატურული ჟანრის საწყისებსა და საფუძველს მოვძებნით, მაშინ მას სწორედ ამ რომანში მივაგნებთ. ეს არის ის მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანებზე „1984“ და „ცხოველების ფერმა“. ჯორჯ ორუელის აზრით, ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყაროც“ ამ წიგნით იყო შთაგონებული (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰაქსლი ამ გავლენას უარყოფდა).

რაც შეეხება თავად ორუელს, მან „1984“-ის წერა ზამიატინის რომანის ფრანგული თარგმანის წაკითხვიდან რვა თვეში დაიწყო და აღნიშნავდა, რომ ამ რომანს ერთგვარ ნიმუშად იყენებდა. კრიტიკოსების დიდი ნაწილი დღესაც მიიჩნევს, რომ ორუელისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა ამ რომანმა და ზამიატინის გავლენაში ეჭვი არ ეპარებათ.

რომანის მოქმედება შორეულ მომავალში ვითარდება, დროში, როცა თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოება განვითარების უკიდურესს ზღვარს აღწევს და საკუთარ მთავარ მამოძრავებელ პრინციპებსა და ღირებულებებს გადააფასებს. ამ წიგნში აღწერილ მომავალში მცხოვრები ადამიანები სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ყოველგვარი უბედურების გამომწვევი თავისუფალი ნებაა და ბედნიერებისათვის აუცილებელი პირობაა, თითოეული ადამიანის ცხოვრება მათემატიკური სიზუსტით დაიგეგმოს და საზოგადო კეთილდღეობის საბაბით სრულად დაექვემდებაროს კონტროლს.

მთხრობელი ერთ-ერთი მოქალაქეა, D-503, ინჟინერი, რომელიც წიგნის დასაწყისში ერთგულად ემსახურება ყველასთვის საერთო პრინციპებს, ზედმიწევნით მისდევს წესებსა და მოქალაქეებისთვის დაწესებულ განრიგს. მისი გონება თავისუფალია ორი ყველაზე საშიში რამისგან - ეჭვისა და ფანტაზიისგან. მასაც, მსგავსად სხვა მოქალაქეების, საკუთარი სახელის ნაცვლად მხოლოდ ნომერი აქვს მინიჭებული და ინდივიდუალური ნიშნებისა და საკუთრების არარსებობას ისე იღებს, როგორც ნორმასა და მოცემულობას.

D-503 დღიურის წერას იწყებს, სადაც მშრალად, ცივად, ნეიტრალურად ჰყვება ყველაფრის შესახებ, რაც დღის განმავლობაში ხდება. მისი ჩანაწერები ცხადყოფს, რომ ავტორიტარული მმართველების მიერ შექმნილი სისტემა უხარვეზოდ ფუნქციონირებს და საზოგადოების კეთილდღეობა ინდივიდის თავისუფალ ნებასა და ინდივიდუალიზმზე უპირატესია. ყველა ნომერი-ადამიანი თანხმდება, რომ ბედნიერების მისაღწევად ლოგიკა, რაციონალურობა დ სურვილების ჩახშობა აუცილებელია და მზადაა, უყოყმანოდ გაიღოს ეს „მსხვერპლი“.

ასეთი მორჩილი მოქალაქეები მშვიდად ცხოვრობენ ერთიან სახელმწიფოში, რომელსაც მართავს „კეთილისმყოფელი“ - კაცობრიობისთვის აუცილებელი უდახვეწილესი დეზინფექცია. სწორედ კეთილსმყოფლის მძლავრი ხელი და მფარველთა მახვილი თვალი უზრუნველყოფს მშვიდობასა და ბედნიერებას ერთიან სახელმწიფოში.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, ზოგიერთი ნომერი ამბოხებისთვის ემზადება.

„ყველაზე მტანჯველია - ჩააგდო ადამიანში ეჭვის მარცვალი. ეჭვისა იმის შესახებ, რომ ის რეალურია“.

ეს ეჭვი ჩნდება მთხრობელში მოულოდნელად, როცა იგი ხვდება ქალს, ნომრით I-330, მეამბოხეს, რომელიც მასში ისეთ გრძნობებს აღვიძებს, რომელთა არსებობა ადრე დაუჯერებლად ეჩვენებოდა.

მკითხველი თანდათან ხედავს, როგორ იცვლება თხრობის სტილი - მშრალი ჩანაწერები, რომლებშიც ადგილი მხოლოდ ფაქტებს ეთმობოდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო ვრცელი, მრავალფეროვანი, მეტაფორული და ემოციური ხდება.

D-503-ში იღვიძებს ყველაზე ადამიანური ნაწილი - ნაწილი, რომელშიც ეჭვი, ფანტაზია, სიყვარული და ტკივილი ცხოვრობს. გრძნობები, რომლებიც ბედნიერების განცდას ართულებს, მაგრამ D-503-ში აღვიძებს პიროვნებას.

„ძალა არ შემწევს გავანადგურო ეს მტანჯველი და შესაძლოა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი - ჩემი ნაწილი“.

„მექანიზმებს არ აქვთ ფანტაზია. გინახავთ ოდესმე, მუშაობისას ცილინდრის ფიზიონომია შორეული, უაზროდ მეოცნებე ღიმილით გაბადრულიყო? გაგიგონით ოდესმე, რომ ღამღამობით, დასვენებისთვის განკუთვნილ საათებში, ამწეები მოუსვენრად წრიალებდნენ და ოხრავდნენ?

არა! [...]

თქვენ ავად ხართ. ამ დაავადების სახელია:

ფანტაზია!“

ეს დიაგნოზი ყველამ იცის. ფანტაზიის „მდებარეობა“ ტვინში აღმოჩენილია და მარტივი ქირურგიული ჩარევით მისგან განკურნება შეიძლება. ფანტაზიასთან ერთად გაქრება ეჭვიც. ყველაფერი, რაც ძილსა და ცხოვრებას ართულებს.

თუმცა იქნებ სწორედ ეს სირთულეები გვაქცევს იმ ადამიანებად, ვინც ვართ? იქნებ ჩვენი უნიკალურობა, ინდივიდუალიზმი სწორედ ამ მტკივნეული განცდების დამსახურებაა და მათ გარეშე საკუთარ თავს ვკარგავთ?

ევგენი ზამიატინის რომანის პროტაგონისტმა წიგნის ბოლოს უნდა გადაწყვიტოს, რა სჯობს - იქცეს გმირად, რომელიც საბოლოოდ დაკარგავს სიმშვიდესა და უსაფრთხოების განცდას, თუ დარჩეს კანონმორჩილ მოქალაქედ, რომელიც ვეღარასოდეს განიცდის სიყვარულს.

R