Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივ პროექტში - „სახალხო ინტერვიუ“ - ბესტსელერების ავტორს თათული ღვინიანიძეს შეგახვედრებთ. გამოიყენეთ შანსი, დაუსვით კითხვები როგორც Ambebi.ge-ს საიტზე (კომენტარების ველში), ასევე ჩვენს "ფეისბუქგვერდზე.“ შეგიძლიათ სოციალურ ქსელში გამოგვიგზავნოთ ვიდეო შეკითხვებიც. პასუხებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებთ, როგორც Ambebi.ge -ზე, ასევე "პალიტრანიუსის“ სატელევიზიო ეთერში.
შეგახსენებთ: თათული ღვინიანიძე - ბესტსელერების „აღიარება ხელისგულზე“ და „ერთი კვირა ერთ ოთახში“ ავტორია. დაიბადა 1996 წლის 29 ივნისს, თბილისში. ბავშვობის დიდი ნაწილი ქუთაისში გაატარა. იგი ამჟამად საავტორო პოდკასტის „ლიტგურუ“ წამყვანია და აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ და მუშაობს ტრილოგიაზე „ტკივილების კალენდარი“.
თათული ღვინიანიძის სამწერლო კარიერა 2017 წლიდან იწყება, როდესაც გაიმარჯვა „პალიტრა L“-ის ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“. შედეგად, გამოიცა მისი სადებიუტო რომანი „აღიარება ხელისგულზე,“ მალევე დამზადდა ბესტსელერის ელექტრონული და აუდიო ვერსიები, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დაინტერესებული მკითხველისთვის.
2017-2018 წლების მონაცემებით, „აღიარება ხელისგულზე“ გახდა რეკორდსმენი წიგნი პრეზენტაციაზე გაყიდული წიგნების რაოდენობითა და თვე-ნახევარში სრულად ამოწურული ტირაჟით. ასევე, წლის განმავლობაში, რეკორდული ოდენობით (20.000-ზე მეტი ეგზემპლარი) გაიყიდა შვიდ წელზე მეტია, რაც „აღიარება ხელისგულზე“ ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს.
2023 წელს დაიბეჭდა თათული ღვინიანიძის მეორე რომანი „ერთი კვირა ერთ ოთახში,“ რომლის ყველა ეგზემპლარი გამოსვლის დღესვე სრულად გაიყიდა წიგნის მაღაზიებში. მოგვიანებით, სრული ანშლაგით წარმართულ პირველ პრეზენტაციაზე წიგნის დეფიციტი შეიქმნა. მიუხედავად ტირაჟის განახლებისა, საზოგადოების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ერთი კვირა ერთ ოთახში“ რთულად შესაძენი იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. იგი უპირობო ბესტსელერად იქცა გამოსვლისთანავე და გააუმჯობესა ბესტსელერის „აღიარება ხელისგულზე“ რეკორდი, პირველ თვეში გაყიდული წიგნების მაჩვენებლით. „ერთი კვირა ერთ ოთახში“ წარდგენილი იყო „ჟვანიას ფონდის“ კონკურსზე - „წინანდლის პრემია“ და ნომინანტობა მოიპოვა. წიგნი ყოველთვიურად იკავებს ადგილს ბესტსელერთა შორის.
თათული თავისი შემოქმედებაში იკვლევს და განიხილავს ეგზისტენციალურ კრიზისებს, ადამიანის შინაგან სამყაროს, თვითიდენტიფიკაციის საკითხებს, პიროვნების ფორმირებასა და ბავშვობის ტრავმების გავლენებს. მენტალურ ჯანმრთელობას, ურთიერთობათა კომპლექსურ ხასიათს (იქნება ეს რომანტიკული შინაარსის, დედმამიშვილური, მეგობრული თუ მშობელსა და შვილს შორის). ღვინიანიძე საკუთარ შემოქმედებაში ნათლად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას, ნეპოტიზმსა და კორუფციას. ტექსტების მეშვეობით ავტორი ცდილობს, მკითხველებში განავითაროს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. თათული ღვინიანიძე ინტერესდება ემიგრაციისა და სამშობლოსთან მიჯაჭვულობის თემატიკით, საზოგადოებისა და ინდივიდის დაპირისპირებით, პატრიოტიზმითა და ეროვნული მსოფლმხედველობით.
2014-2018 წლებში თათული ღვინიანიძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამაზე“. 2019-2021 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი „სახელმწიფოს მართვისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის“ დასრულების შედეგად. 2020 წელს თათული ღვინიანიძემ გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი „საჯარო პოლიტიკა: სოციალური, ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა“.
თათული ღვინიანიძეს მედიაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს (მათ შორის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე), 7 წელი კი მარკეტინგისა და PR-ის სფეროებში გაატარა (მათ შორის მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე). 2018 წლიდან იგი ცოდნას უზიარებს სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტორო ტრენინგებით: „შემოქმედებითი წერა“, „წერა მარკეტინგისა და PR-ისთვის“, „წერა ბეჭდური და ონლაინ მედიისთვის“.