ავტორი:

"უკანასკნელი კატასტროფული მოვლენების ფონზე, საქართველოსადმი გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომაა საჭირო" - დებატები ევროპარლამენტში: ვინ რა თქვა

"უკანასკნელი კატასტროფული მოვლენების ფონზე, საქართველოსადმი გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომაა საჭირო" - დებატები ევროპარლამენტში: ვინ რა თქვა

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, დღეს კი კენჭს უყრიან ანგარიშს საქართველოს შესახებ.

  • ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ იმედი გამოთქვა, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს.

"ქალბატონო კომისარო [მარტა კოს], ვიცი, რომ თქვენც ქართველი ხალხის მხარეს ხართ. ვიმედოვნებ, რომ ევროპული საბჭო მალე მიიღებს საჭირო პოზიციას და წევრი ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით იმოქმედებენ.

[ევროკავშირის საბჭოს] დანიის თავმჯდომარეობას მივმართავ, ინიციატივა აიღონ ქვეყნების გასაერთიანებლად, როგორც მინიმუმ მსურველი ქვეყნების, რათა ზეწოლა მოახდინონ რეჟიმზე ახალი, თავისუფალი და სამართლიან არჩევნებისთვის. ეს არის საქართველოს დახმარების ერთადერთი გზა”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ და დასძინა: „მადლობა ყველას. იმედია მაქვს, რომ ხვალ აბსოლუტური უმრავლესობით მივიღებთ ამ ანგარიშს“.

იუკნევიჩიენემ აღნიშნა, რომ “საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო არჩევნები [2025 წლის ადგილობრივი არჩევნები] არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს” და ევროპარლამენტარებს რეზოლუციაში ამის შესახებ შესწორების მხარდაჭერა შესთავაზა, ისევე როგორც მზია ამაღლობლის შესახებ შესწორების.

“საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა. უვიზო მოგზაურობა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევა და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

  • ევროპარლამენტარის სერგეი ლაგოდინსკის განცხადებით, "უკანასკნელი კატასტროფული მოვლენების ფონზე ცხადია, ევროკავშირს საქართველოსადმი გრძელვადიანი სტრატეგიული მიდგომა სჭირდება"

მისი თქმით, ეს არის ბალანსი, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს - საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის მომავლისთვის.

"ხედვისა და ეფექტიანი ინსტრუმენტების გარეშე მოუმზადებლები ვრჩებით ანტიდემოკრატიული უკუსვლისა და სხვა გამოწვევების წინაშე, რომლებიც საქართველოსა და რეგიონს გააჩნია.

კრიზისის მენეჯმენტს უნდა გავცდეთ. უფრო დიდ სურათზე უნდა ვიფიქროთ. “შავი ზღვის სტრატეგია”, რა თქმა უნდა, საშუალებას გვაძლევს, რომ მომავლის საქართველოს ხედვის რეგიონულ პრიორიტეტებთან თანხვედრა მოვახდინოთ, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია, თუ დემოკრატია დაცულია, თუ ოპოზიცია რეპრესირებული არ არის.

და კი, ორივეს გაკეთება შეგვიძლია - გეოპოლიტიკურები ვიყოთ და რეპრესიას შევეწინააღმდეგოთ. დაპატიმრებულებისთვის და ყველა სხვა ქართველისთვის ვილაპარაკოთ, რომლებიც ევროპას თავიანთ მომავლად ხედავენ. შეგიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლს, და მმართველი პარტია გავაკრიტიკოთ, რომელიც თავად აგრესორის იმიტაციას ახდენს. ეს ბალანსია, მაგრამ ისეთი, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს. საქართველოსთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის მომავლისთვის,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ.

  • ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

„ამჟამად კომისია 46 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს. დამატებით 32 მილიონი ევრო წევრი ქვეყნების დამტკიცების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. უახლესი რეპრესიული კანონები, კერძოდ FARA, გრანტების შესახებ კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს“, - აღნიშნა მარტა კოსმა.

მისი თქმით, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიები მიუღებელია.

"დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ჩვენ ვაძლიერებთ საკომუნიკაციო ძალისხმევას, ხოლო შემოდგომაზე წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, დამატებით 7 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მათი ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით ვდგავართ. მომავალ კვირას საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ მთავრობის რეპრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ. დემოკრატიული სტანდარტების ამჟამინდელ უკუსვლაზე საპასუხოდ ყველა ვარიანტი განსახილველად უნდა დარჩეს, ამავდროულად, გაფართოების სამუშაო ჩარჩოს მიღმა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკაში ჩართულობის შესაძლებლობა უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიისა და რეგიონული კავშირის კონტექსტში“, - განაცხადა ევროკომისარმა.

  • ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოს თქმით, ქართველ ხალხს არ სურს დაუშვას, რომ საქართველო რუსეთის სასარგებლო დიქტატურა გახდეს, ნაცვლად ევროპული დემოკრატიისა.

“ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, გივი თარგამაძე, ზურაბ ჯაფარიძე და, რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილი. საქართველოს მთლიან ოპოზიციას დევნიან და პატიმრობის ბევრ თვეს უსჯიან.

მზია ამაღლობელი დაკავებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ის დაკავებულია, როგორც სხვა ჟურნალისტები. გიორგი რამიშვილი - მეწარმე - დააკავეს.

დემონსტრანტები ყოველ საღამო მართავენ პროტესტს და საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. რა არის მათი დანაშაული? მათ არ უნდათ დაუშვან, რომ საქართველო რუსეთის სასარგებლო დიქტატურა გახდეს, ნაცვლად ევროპული დემოკრატიისა.მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს და თბილისის რეჟიმის იზოლაცია უნდა მოვახდინოთ”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ.

ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოში ხალხი ქუჩაში გამოდის, მაგრამ „სასტიკად ახშობენ“.

"ცოტა ხნის წინ, 8 ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაშია. საქართველო უფრო ახლო კავშირებს აწყობს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან. ქვეყანას ევროპას და დასავლეთს აშორებენ, და ეს ქართველი ერის ამბიციებსა და სენტიმენტებს ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური იზოლაცია გვჭირდება. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კონტაქტის შენარჩუნება გვჭირდება. ასევე ინდივიდების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები გვჭირდება.

პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ასევე გვჭირდება ფონდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ.