შეიძლება გიორგის [ახობაძეს] ხელი ჩამოვართვა?, - ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმის მოსამართლეს, რომეო ტყეშელაშვილს მოწმე ლევან ბერიძემ, რომელიც სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა.
მოსამართლემ აღნიშნულზე ბერიძეს უარი განუცხადა.
„რომ გთხოვოთ?“, - კვლავ მიმართა ტყეშელაშვილს მოწმემ, რასთან დაკავშირებითაც მან კვლავ უარი მიიღო.
„ახლა სერიოზულად. ხომ იკითხეთ და პასუხი მიიღეთ: არა“, - განაცხადა მოსამართლემ.
ლევან ბერიძე არის სწორედ ის პირი, ვინც გიორგი ახობაძესთან ერთად ავტომანქანით იმ დროს გადაადგილდებოდა, როცა ბრალდებული სამართალდამცავებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს.
მოწმის თქმით, პოლიციელებმა თავადაც გაჩხრიკეს, როგორც ახობაძის თანმხლები პირი.
ბერიძის თქმით, ის დასავლეთიდან იყო აქციაზე ჩამოსული, ახობაძე კი დიდი ხნის უნახავი ჰყავდა.
„გიორგიმ მითხრა, სენდვიჩები გავამზადე, წყალი მაქვს და ხალხს დავურიგოთ, შენი დახმარება მინდაო. მე წყალს ვარიგებდი, გიორგი - სენდვიჩებს, ეს სადღაც, 00:30 საათამდე გაგრძელდა... გიორგის მანქანა „ქორთიად მერიოტის“ უკან ეყენა, ხაბაზი რომ სცემეს, ის ღამე იყო. ისეთი პერიოდი იყო, ხალხს სახლთან ხვდებოდნენ, სანაპიროს ჩამოვუყევით [მოწმის თქმით, ის ახობაძეს სახლში, წერეთელზე მიჰყავდა], უცებ ციმციმები აგვინთო პატრულმა, თამარ მეფის ხიდის გავლის შემდეგ, გიორგიმ შენელება დაიწყო, ხმა არ გესმისო? ალბათ რამე დავარღვიეო.
პატრულ-ინსპექტორი მოვიდა, საკმაოდ მაღალი იყო, სახე არ უჩანდა, თქვენი საბუთები წარმოადგინეთო. პერიფერიული მზერით დავინახე, პატრულის მეორე თანამშრომელიც მოვიდა, თუ შეიძლება, გადმოდითო. მანქანიდან ერთი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, უცებ წინ ერთი, მეორე მანქანა, უკნიდან კიდევ მანქანები მოვიდნენ, არ გაინძრეთ, ხელი არ გაანძრიოთო. დანარჩენი მანქანები პატრულის არ იყო.
ტროტუარზე გადაგვიყვანეს, გიორგი ჩემგან დაახლოებით, 4 ხის მოშორებით, იყო. ზემოთ გაგვხადეს, წინდები გაიხადეო მითხრეს, 15 წუთი ფეხშიშველი ვიდექი, შარვალიც გავიხადო-მეთქი? ერთმა კიო, მეორემ არაო. მერე თქვეს, წვიმაში დგას, ჩაიცვასო.
გიორგის წამოყვირება გავიგე, ხელი არ დაარტყათ-მეთქი, არა, ჩვენ არავის ვირტყამთო, ამის შემდეგ, ჩემსა და პოლიციელებს შორის უკმაყოფილება მოხდა, შეურაცხყოფა მივაყენე...
ღმერთს ვთხოვ, გიორგისნაირი გამიზარდოს შვილები. დედაჩემმა ზედმეტი თუ იცხოვრა, ამის დამსახურებაა. ცამდე მართალია, ვიცი“,- განაცხადა მოწმემ.
ბერიძის თქმით, ის სამართალდმაცავებმა გაჩხრეკვის შემდეგ ცკპდ-ს შენობაში გადაიყვანეს, გიორგი ახობაძე კი პოლიციელებს კვლავ სანაპიროზე ჰყავდათ.
მას კითხვები დაუსვა ბრალდებულმაც, ასევე მოსამართლემაც.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.