„დიაგნოსტიკის ხარისხი და მუდმივი სიახლეების დანერგვა – ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობაა“, - ნინო ბექაია, თოდუას კლინიკის კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
თოდუას კლინიკის ლაბორატორიამ დიაგნოსტიკური მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – კლინიკაში ახალი, მაღალსპეციფიური კვლევების სერია დაინერგა, რაც პაციენტებს მეტი სიზუსტითა და სისწრაფით მომსახურებას სთავაზობს. კვლევების სპექტრის გაფართოება არ არის მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერა – ეს სტრატეგიული ხედვის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში ყველა იმ სიახლის დანერგვაა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობაა, რაც მსოფლიო მედიცინაში არსებობს.
თოდუას კლინიკაში ყველა ანალიზი შიდა რესურსით სრულდება, რაც შედეგების ხარისხს ზრდის და პროცესის სრულ კონტროლს უზრუნველყოფს. ახალი ტესტები, რომლებიც ახლა უკვე ხელმისაწვდომია, სხვადასხვა სამედიცინო დისციპლინას ემსახურება. მათ შორისაა ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, ონკოლოგია და თერაპია.
ვინაიდან კლინიკურ შემთხვევებში ლაბორატორიულ დიაგნოსტიკის როლი უფრო და უფრო მზარდია და პირდაპირ აისახება პაციენტის მართვის ტაქტიკაზე- ეს სიახლე მეტ მნიშვნელობას იძენს. ხშირ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული პროცესი განსაზღვრავს მკურნალობის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას .
რა გავლენას ახდენს ლაბორატორიის ახალი შესაძლებლობები დიაგნოსტიკის პროცესზე თოდუას კლინიკის კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი - ნინო ბექაია საუბრობს.
რა მიმართულებით გამოიყენება სიახლე თოდუას კლინიკის ლაბორატორიაში კერძოდ, ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციისა და 17-OHP-ის ანალიზი, და როგორ ეხმარება ეს კლინიცისტს დიაგნოზის დასმაში?
ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა და 17-ჰიდროქსიპროგესტერონის (17-OHP) ანალიზი დღეს უკვე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ისეთ ფართოდ გავრცელებული ჰორმონული დარღვევების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) და ჰირსუტიზმი. მიუხედავად იმისა, რომ 17-OHP ტრადიციულად თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზიის (CAH) დიაგნოსტიკაში გამოიყენება, ის ასევე ღირებული მარკერია PCOS-ის დიფერენცირებისთვის, რადგან ორივე მდგომარეობა ანდროგენების სიჭარბით ხასიათდება, თუმცა განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ტესტოსტერონის თავისუფალი ფორმისა და 17-OHP-ის კომბინირებული ანალიზი კლინიცისტს ზუსტი დიაგნოზის დასმისა და პერსონალიზირებული მკურნალობის ტაქტიკის შემუშავების შესაძლებლობას უქმნის.
როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ტესტოსტერონის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა მამაკაცებში ჰორმონული დარღვევების დიაგნოსტიკაში?
გარდა გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიური დარგებისა, თავისუფალი ტესტოსტერონი მთავარი ანდროგენული ჰორმონია რომელიც პასუხისმგებელია ჰიპოგონადიზმის, სექსუალური დისფუნქციისა და უნაყოფობის დიაგნოსტიკის მიმართულებით მამაკაცებში. ზოგჯერ საერთო ტესტოსტერონის დონე შესაძლოა ნორმაში იყოს, მაგრამ მისი ბიოლოგიურად აქტიური, თავისუფალი ფრაქცია — დაბალი. სწორედ ასეთ შემთხვევებში თავისუფალი ტესტოსტერონის განსაზღვრა უმნიშვნელოვანესია სწორი დიაგნოზისთვის. ანალოგიურად, თმის ცვენა, რომელიც ხშირად უკავშირდება ანდროგენული ფუნქციის დისბალანსს, ასევე საჭიროებს ჰომონის ბიოლოგიურად აქტიური ფორმის შეფასებას, ცნობილია რომ ზუსტად ის მონაწილეობს თმის ფოლიკულების დაბერების პროცესში.

რა კუთხით ეხმარება მაღალსპეციფიური ტროპონინი I კარდიოლოგიური პაციენტების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მართვაში?
გაფართოებული ანალიზების სპექტრი კარდიოლოგიური პაციენტებისთვისაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მაღალი სპეციფიურობის ტროპონინ I გულის კუნთის დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ბიომარკერია. ის მნიშვნელოვანია მწვავე კორონარული სინდრომის (ACS) ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის და საშუალებას აძლევს კლინიცისტს, სწრაფად მიიღოს მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილება. მაღალი მგრძნობელობის ტროპონინი განსხვავდება ტრადიციული ტესტისგან იმით, რომ იძლევა ბევრად უფრო ადრეულ დიაგნოსტიკურ შესაძლებლობას – გულის კუნთის დაზიანების გამოვლენა შესაძლებელია ჯერ კიდევ იმ ფაზაში, როცა ტრადიციული ტესტი ნორმის ფარგლებში რჩება.
ენდოკრინოლოგიური მიმართულებით რა მნიშვნელობა აქვს რენინისა და ალდოსტერონის თანაფარდობას ჰიპერტენზიის კვლევაში?
ეს მედიკოსების ჰიპერტენზიის წარმოშობის დადგენაში ეხმარება. კვლევა განსაკუთრებით გამოსადეგია იმ შემთხვევებში, როცა ჰიპერტენზია შესაძლოა დაკავშირებული იყოს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ჰიპერაქტივობასთან.
სიახლის შედეგად თოდუას კლინიკაში კლინიცისტებს დიაგნოზის სიზუსტითა და დროულად დასასმელად ახალი შესაძლებლობები აქვთ. ეს მკურნალობის შედეგების შესაფასებლად მეტ ეფექტურობასაც ქმნის და რაც მთავარია ხელს უწყობს მკურნალობის პერსონალიზირებულ მიდგომებს . დიაგნოსტიკის სიზუსტესა და სანდოობაზე ასევე დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ყველა პროცესი სრულად ავტომატიზებულია და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო ლაბორატორიულ სტანდარტებს.
რაც შეეხება ანალიზის ჩასაბარებლად საჭირო მომზადებას – პრეანალიტიკური ეტაპი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ანალიზის პროცესი. შედეგის სიზუსტე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად არის აღებული ნიმუში . ანალიზი რეკომენდებულია ჩაბარდეს დილით, უზმოზე (8–12 საათიანი შიმშილის შემდეგ), რადგან საკვები შესაძლოა გავლენას ახდენდეს ჰორმონების კონცენტრაციაზე. ჰორმონალურ კვლევებს ხშირად კონკრეტულ ფაზაში ჩატარება სჭირდებათ, რაც მხოლოდ მკურნალი ექიმის მითითებით განისაზღვრება.
უახლესი თაობის ანალიზატორებით აღჭურვილი თოდუას კლინიკის ლაბორატორია სტრატეგიულ განვითარებას განაგრძობს.კლინიკის მისია — საერთაშორისო გამოცდილებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ქართულ რეალობაში დანერგვა — დღეს უკვე წარმატებით ხორციელდება. ეს კი თითოეულ პაციენტს აძლევს შესაძლებლობას ყველა სახის მაღალტექნოლოგიური კვლევა ერთ სივრცეში, უმაღლესი ხარისხით ჩაიტარონ. აღნიშნული კიდევ ერთხელ ამყარებს თოდუას კლინიკის ხედვას —ხელი შეუწყოს საქართველოში ეფექტური, ინოვაციური და პაციენტზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის განვითარებას.
R