ლელა მებურიშვილი, დიპლომატ მეუღლესთან ერთად, ლონდონში აქტიურად ჩნდება მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. ცოტა ხნის წინ, წყვილი ლონდონში აშშ-ის საელჩოში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შავ კაბაში გამოჩნდა.

ეს მოვლენა დაემთხვა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ დიპლომატიურ დაძაბულობას. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმის ჩახშობის გამო.

ამ პროტესტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბაჩო (გიორგი) საგანელიძე. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
"საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში დაიბარეს, სადაც მაღალჩინოსანმა ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა მათი ქვეყნის სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ და მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“.

საელჩოში დაბარებამდე ათი დღით ადრე: Royal Ascot 2025
საელჩოში დაბარებამდე ათი დღით ადრე, ლელა მებურიშვილი და მისი მეუღლე, ბაჩო საგანელიძე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დაესწრნენ – დიდ ბრიტანეთში, ბერკშირის საგრაფოში გამართულ მორიგ სამეფო დოღს Royal Ascot 2025. ეს ღონისძიება, ტრადიციულად, ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების ძირითად ნაწილს აერთიანებს.
Royal Ascot-ის კვირეული ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყოველწლიური საზაფხულო კალენდრის გამორჩეული მოვლენაა Trooping the Colour-ისა და Garter Day-ის შემდეგ. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან პირველი სამეფო დოღიდან 200 წლის იუბილე აღინიშნება. ტრადიცია 1825 წელს, მეფე ჯორჯ IV-ის მმართველობის დროს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ქეით მიდლტონმა ბოლო წუთს გააუქმა Royal Ascot 2025-ზე დასწრება, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მის მონაწილეობას ელოდნენ. კენსინგტონის სასახლემ დაადასტურა, რომ უელსის პრინცესა ამის გამო „იმედგაცრუებულია“, რადგან ის ჯერ კიდევ კიბოს მკურნალობისგან გამოჯანმრთელების პროცესშია და ცდილობს მოვალეობებს ეტაპობრივად დაუბრუნდეს. ეს უკვე მეორე წელია ზედიზედ, რაც ქეითმა Royal Ascot-ი გამოტოვა; გასულ წელსაც პრინცი უილიამი მარტო დაესწრო.
დოღს წელსაც ესწრებოდა მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია უკვე დიპლომატ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს. მისი მეუღლე, ბაჩო საგანელიძე, ბრიტანეთში საქართველოს ელჩ სოფიო ქაცარავას ერთ-ერთი მოადგილეა ეკონომიკური მიმართულებით.