ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან Château Miraval-თან დაკავშირებული სამართლებრივი დავის ფარგლებში, ანჯელინას პირადი შეტყობინებების ნახვას ითხოვს.
30 ივნისს მსახიობმა დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჯოლის პირადი შეტყობინებები კრიტიკულ მტკიცებულებად შეიძლება იქცეს Château Miraval-თან დაკავშირებით მიმდინარე დავაში.
როგორც ცნობილია, 2021 წელს ჯოლიმ თავისი 64-მილიონი დოლარის ღირებულების წილი რუს ბიზნესმენს, იური შეფლერს მიჰყიდა.

გასული წლის ივლისში ჯოლიმ პიტს სთხოვა "ბრძოლის დასრულება“, რათა ოჯახს სირთულის დაძლევის და კვლავ ფეხზე დადგომის საშუალება ჰქონოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პიტი გაჩერებას არ აპირებს.
ანჯელინას თქმით, პიტის მტკიცება, რომ მათი ფრანგული ღვინის ბიზნესის აშენება მისი დამსახურებაა, ტყუილია. ჯოლი ყოფილ ქმარს ჰოლივუდელ დილეტანტს უწოდებს და ამბობს, რომ ვენახის გაშენებაში ბრედს არანაირი წვლილი არ მიუძღვის და რომ "მისი წვლილი მამულში მხოლოდ რამდენიმე ვიზიტია". ამ ვიზიტების დროს კი ის "ფრანგი მევენახეების ცქერით ტკბებოდა".

პიტმა და ჯოლიმ "შატო მირავალის" ვენახის ქონება 2008 წელს იყიდეს. როგორც პიტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ღვინის ქარხანა მსახიობის ნამდვილ ვნებად იქცა და მისი ძალისხმევით გადაიქცა "მრავალ მილიონდოლარიან ბიზნესად“.
ამავდროულად, ჯოლიმ არაფერი გააკეთა პროექტის წარმატებისთვის.
გარდა ამისა, პიტმა თქვა, რომ მას და ჯოლის ჰქონდათ შეთანხმება, რომ არ გაეყიდათ თავიანთი წილები ურთიერთშეთანხმების გარეშე, მაგრამ ანჯელინამ ეს შეთანხმება დაარღვია. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ, მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ 2019 წელს განქორწინდნენ.