"სანაპირო ზოლთან შეიძლება პირველ ზოლზე სასტუმრო შეგხვდეთ, სადაც ერთი ღამის გათევა 900 ან 15 ათასი ევროც კი ღირდეს. ამ მდიდრული სასტუმროების უკან კი ადგილობრივი მოსახლის ძალიან ღარიბული სახლი იყოს" - ნათია ალექსიშვილი ზანზიბარზე გვიამბობს და დეტალებს გაგვანდობს, თუ როგორი იქნება მისი ოცნების ქორწილი. მისი რჩეულიც სწორედ ზანზიბარიდანაა.
- დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, ქალაქ თბილისში, მუსიკოსების ოჯახში. ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება, ცხოველები. ძალიან მიზიდავდა ეგზოტიკური გარემო, ყოველთვის ვუყურებდი შემეცნებით გადაცემებს ეგზოტიკური ქვეყნების შესახებ. ცოტა გვიან ასაკში მოგზაურობა დავიწყე და - ზანზიბარი აღმოვაჩინე... ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც შენგენის ვიზა იყო, ევროპის ქვეყნებში დავიწყე მოგზაურობა. დაბალბიუჯეტური კომპანია "ვიზეარი“ სულ ახალი შემოსული იყო ბაზარზე. გარკვეული ევროპის ქვეყნები ასე მოვიარე. ერთ-ერთ ფილმში ვნახე, გოგო როგორ იმყოფებოდა შრი-ლანკაზე სპეცდავალებით; მაშინ ვინატრე, ნეტავ ოდესმე ამ ქვეყანაში მოგზაურობა თუ მეღირსება-მეთქი. ზუსტად სამ დღეში აქცია გამოჩნდა ავიაბილეთებზე და შრი-ლანკაზე აღმოვჩნდი.
პირველი ჩემი ეგზოტიკური ქვეყანა. ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია აზიის ამ ქვეყანამ თავის თბილი ხალხით, უშუალო დამოკიდებულებით, ბუნებით.. წყალი და ცურვა ბავშვობიდან სულ მიზიდავდა და მაშინვე იდეა გამიჩნდა, რომ აუცილებლად ზღვის ან ოკეანის პირას ვიცხოვრებდი. თბილისში მოგეხსენებათ მხოლოდ თბილისის წყალსაცავი გვაქვს, ზღვას, მითუმეტეს ოკეანეს ვერ ვუწოდებთ... შრი-ლანკამ იმდენად მომხიბლა, ცივი ევროპისკენ გახედვაც აღარ მომინდა. გავაგრძელე აზიის ქვეყნებში - კამბოჯაში, ვიეტნამში, ტაილანდში მოგზაურობა. შემდეგ აფრიკის ქვეყნებში; მაროკოდან დავიწყე მოგზაურობა. მიუხედავად იმისა, რომ მაროკო ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა, (აფრიკული ნამდვილად არ არის, უფრო არაბულია მხოლოდ გეოგრაფიულად მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე.
მაროკოში მოგზაურობის დროს პანდემია დაიწყო; თითქმის მთელი მსოფლიო ჩაიკეტა, სწორედ მაშინ ვესტუმრე ზანზიბარს; სადაც ცხოვრება გრძელდებოდა მხიარულად, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. როგორც აღმოვაჩინე, იმ პერიოდში ძალიან ბევრი იტალიელი მოაწყდა ამ კუნძულს. ზანზიბარში გატარებული ცხრა დღე არ მეყო და შემდეგ კიდევ მეორედ, მესამედაც კი ჩამოვედი. შემდეგ აქ ცხოვრების იდეა გამიჩნდა. ჩემმა პროფესიამაც ძალიან ბევრი განაპირობა. შრი-ლანკით აღვფრთოვანდი, მაგრამ იქ ვერ ვიცხოვრებ, რადგან მუსიკალური კულტურა ნაკლებად არის ახლოს ჩემს მუსიკალურ გემოვნებასთან.

- რამდენად რეალიზდით ზანზიბარში თქვენი პროფესიის მიხედვით?
- ჩემი პროფესიის მიხედვით ვერა, რადგან პროფესიით პიანისტი ვარ და აქ არ მაქვს ინსტრუმენტი რომ დავუკრა. თუმცა; აფრომუსიკა, აფრო-ცეკვები იმდენად მიზიდავდა, ხალხის მუსიკისადმი სიყვარულმა დიდი როლი ითამაშა აქ გადმოსვლის გადაწყვეტილების მიღებაში. ზოგადად, ძალიან თბილი, სუფთა, გულწრფელი ხალხია. იმდენად კეთილია დიდი თუ პატარა, ვერ ვგრძნობ სახლიდან შორს რომ ვარ. ეს სითბო ძალიან დიდ როლს ასრულებს, თორემ შეიძლება სხვა ქვეყანა უფრო კეთილმოწყობილი, ჩაწიკწიკებული, დავარცხნილი იყოს, მაგრამ ცივი აურა დაგხვდეს. შესაბამისად ხალხმა იმდენად დიდი როლი ითამაშა, ვერ ვგრძნობ სამშობლოდან 5 600 კილომეტრზე რომ ვარ. დღეს ონლაინ ვმუშაობ, ქართული კომპანიის მთავარი ბუღალტერი ვარ. თან იმის შემდეგ, რაც აქ ჩემი აფრიკული სახლუკას მშენებლობა დავამთავრე, ქართველი სტუმრების მასპინძლობაც დავიწყე 2023 წლიდან. 2021 წლიდან გადმოვედი ზანზიბარში, თუმცა ხშირად საქართველოში მოვფრინავდი და სულ წელიწად ნახევარია, რაც გადაბმულად ზანზიბარში ვარ.
აქ სტუმრებს ვიღებთ, ტურებს ვაორგანიზებთ ჩემს აფრიკელ მეუღლესთან და აფრიკელ მეგობრებთან ერთად. ყველაფერს სახლურად ვახვედრებთ, არა ტურისტულად და ეტიკეტების დაცვით. მსურს ადამიანმა გემრიელად გაატაროს აქ დღეები და ყველაფერი ნახოს, რაც მართლაც სანახავია.
- როგორც ცნობილია, ზანზიბარი კონტრასტების ქვეყანაა...
- დიახ, სტუმარს პირველად თვალში რაც ხვდება, ეს აფრიკული სახლებია. აეროპორტიდან გზად რომ მოდიან, ყველა მათგანის გაოცებას იწვევს. ძალიან არეულად, დაუგეგმავად არის ჩალაგებული. ხალხი ძალიან ღარიბად ცხოვრობს. რა თქმა უნდა აქაც არიან მდიდრები, მაგრამ პროცენტულად ადამიანების უმრავლესობას ძალიან უჭირს. ნამდვილად კონტრასტების კუნძულია, რადგან სანაპირო ზოლთან შეიძლება პირველ ზოლზე სასტუმრო შეგხვდეთ, სადაც ერთი ღამის გათევა 900 ან 15 ათასი ევროც კი ღირდეს. ამ მდიდრული სასტუმროების უკან კი ადგილობრივი მოსახლის ძალიან ღარიბული სახლი იყოს. სახლს პირდაპირ მიწაზე აშენებენ ბლოკით, ნორმალურ შემთხვევაში შეიძლება იატაკიც იყოს დასხმული. მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, ხალხი საოცრად კეთილია, ცხოვრებას ირგებენ.

- ქართველი მაცხოვრებელი არის კიდევ ვინმე?
- ერთი ბიჭი შემხვდა ადრე, დედასთან ერთად; როგორც მითხრა, ბაობების პლანტაცია აქვთ თუ არ ვცდები... ჩვენ ერთმანეთისგან მოშორებით ვცხოვრობთ. კიდევ ერთი გოგო გავიცანი, რომელსაც სასტუმრო ჰქონდა აქ იჯარით აღებული... ქართულიც არაფერია აქ. მე შევიძინე ხის, ავთენტური ნავი და ინდოეთის ოკეანეში ამ ნავზე ქართულ დროშას ყოველთვის ვაფრიალებთ. ძალიან სასიამოვნო მომენტია, როცა სანაპიროზე ხარ, ვთქვათ უკრაინელი დამსვენებელი მოდის და ქართულად გესალმება. დროშით ხვდებიან, ქართველები რომ ვართ. ნავზე ქართული მუსიკა ისმის.
- გაგვაცანით თქვენი მეუღლე...
- მყავს აფრიკელი მეუღლე, რომელიც სთოუნ თაუნიდან გახლავთ. ახლოს ვცხოვრობთ სანაპიროსთან, ერთ-ერთ საუკეთესო კურორტულ ზონაში - ნუნგვიზე, ჩვენს აშენებულ აფრიკულ სახლუკაში. ძალიან საყვარელი, მულტინიჭიერი ადამიანია და მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი საუკეთესო მეგობარია. საერთოდ აქ მამაკაცები განსაკუთრებულად კარგად ეპყრობიან ქალებს. ყურადღება, სითბო, პატივისცემა, მათი ეს დამოკიდებულება ყველაფერში ჩანს.

- როდის იქორწინეთ და როგორ მიგიღოთ აფრიკულმა ოჯახმა ქართველი პატარძალი?
- საკმაოდ საინტერესოა ეს ყველაფერი, ხშირად ვამბობ, ნეტავ ფარული გადამღები დამყვებოდეს-მეთქი. კამერის გამოყენებას ხშირად ვერიდები, ადგილობრივებს დიდად არ უყვართ და ამიტომაც ჩემს სთორებში და ბლოგებში აქაურ სიტუაციას ბოლომდე ვერ გადმოვცემ... ზოგჯერ ძალიან კურიოზული სიტუაციებია, ყოველდღე სახლიდან გასვლა ახალი თავგადასავალია. ასეთი კურიოზული სიტუაცია იყო, როცა ჩემმა მეუღლემ თავისიანების გასაცნობად წამიყვანა. მას ბევრი და-ძმა ჰყავს და თეთრი რძალი რომ ადგილობრივებში მივედი, მეზობლების რიგი დადგა ჩემს გასაცნობად. მეუღლის ოჯახმა ძალიან თბილად მიმიღო. ჩემი მეუღლე ისეთი ადამიანია, ასეთს ცუდი ოჯახი ვერ გაზრდიდა.
- თქვენი ოჯახი როგორ შეეგუა თქვენს ამდენად შორს ყოფნას?
- საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ჩემზე უფროსი ძმა მყავს, შეიძლება ეს ყველაფერი მათთვის დაახლოებით ოცი წლის წინ გაუგებარი იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩვეულებრივ მიიღეს. რასაკვირველია თავიდან ცოტა გაკვირვება იყო, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა... ჩვენ შემოდგომაზე დავოჯახდით, ხელი მოვაწერეთ. ქორწილის დრო ნორმალურად არ დაგვრჩა, მუდმივი ტურების გამო და სრულყოფილ, აფრიკულ ქორწილს სექტემბერში ვაპირებთ... აფრიკული, ცოტა გიჟური ქორწილი იქნება. აფრიკული სამოსი, მუსიკა, აფრო მოცეკვავეები. ეს არ იქნება აქ პირველი ქართული ქორწილი. 2024 წლის შემოდგომაზე თავად დავაორგანიზე პირველი ქართველი წყვილის ქორწილი ზანზიბარში. სექტემბერში მეორე ქართული ქორწილი იქნება-ჩვენი; რა თქმა უნდა ახლაც ასე დავიწყებთ - ვისია, ვისია ქალი ლამაზი.. იქნება ქართული ელემენტები, შემდეგ აფრიკული, ძალიან ლაღი და მხიარული. ქორწილის მთავარი მუხტი - ადგილობრივი ცნობილი მოცეკვავეები იქნებიან; რეჟისურაც და სრულიად დადგმა მათზე მაქვს მინდობილი...

- როგორი კლიმატია?
- კლიმატი საკმაოდ კარგია, რადგან ეკვადორთან ახლოს ვართ. 12 თვეს წელიწადში მაქსიმალური ტემპერატურა 31 გრადუსია, მინიმალური 24 გრადუსი. ჩვენი ზამთრის პერიოდში აქ ზაფხულია და მზე ბევრად მწველია შუადღეს, დილა-საღამოს სულ გრილა კუნძულის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე... რაც შეეხება ტანზანიას, საკმაოდ მრავალფეროვანი და მთიანია, არა-მარტო თავისი კილიმანჯაროთი; საკმაოდ გრილი რეგიონებიც აქვს; საქართველო ძალიან მიყვარს, ვიტყვი რომ შეუდარებელი ქვეყანაა, რადგან ამ პატარა ქვეყანაში, მთაც, ზღვაც, ყველაფერი გვაქვს, ძალიან დიდი მრავალფეროვნება. ერთადერთი რასაც გამოვექეცი, ეს ალბათ ზამთრის კლიმატია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ზამთარი ძალიან დიდხანს გვიგრძელდება და ეს არ მიყვარს. ძალიან მიყვარდა მზე, წყალი, ცურვა, რაც ზანზიბარში სულ მაქვს წლის სეზონის მიუხედავად.

- რამდენად მოგწონთ ზანზიბარის სამზარეულო?
- ჰგავს ბევრი კერძით ქართულ სამზარეულოს; აქ ლობიო, ღომი, ისპანახი საქართველოს მაგონებს. ოღონდ ღომს თავისებურად ამზადებენ. ხარჩო უყვართ, ისეთია, ჩვენ რომ ჩახოხბილს ვუწოდებთ. ჰგავს ჩვენსას, მაგრამ აქ თევზის კულტურა უფრო მეტია. ძალიან უყვართ თევზეული, მეთევზეობა ძალიან პოპულარულია და ყოველდღიურად მეთევზეებს თავისი ავთენტური ხის ნავებით და ბადეებით დაჭერილი უზარმაზარი თინუსი... ვეცადე, აქაური სამზარეულოში ყველი უფრო მეტად დამემკვიდრებინა, მაგრამ რატომღაც არ მოეწონათ. ნატურალური, გემრიელი რძე აქვთ, მაგრამ ყველი არ უყვართ. მქონდა სურვილი ხაჭაპურის გამოცხობის, მაგრამ რაშიც ყველი ურევია, არ ხიბლავთ. უმეტესად თავის პროდუქტები აქვთ, იმპორტირებულ პროდუქტზე არ არიან დამოკიდებული. ბოსტნეული, ხილი, კვერცხი, თაფლი, ყველაფერი ნატურალური და ადგილობრივია. ძირითადად სულ ნატურალურ საკვებზე არიან და შესაბამისად ალბათ ესეც განაპირობებს მათ ჯანმრთელობას განწყობას. კბილიც კი არ სტკივათ, ყველას ხარისხიანი თმა, ფრჩხილები აქვთ.