“დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსული მხარე უკრაინასთან დაკავშირებით მეტ მოქნილობას არ იჩენს,“ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მალაიზიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი პროგრესი არ იქნა მიღწეული. აშშ-ს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით სამოქმედო გეგმის ნახვა სჭირდება“, - განაცხადა რუბიომ.
„მე ამას ვერ დავახასიათებდი, როგორც რაღაცას, რაც მშვიდობის გარანტიას იძლევა, მაგრამ ეს კონცეფციაა, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გავაცნობ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ასევე, მარკო რუბიოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სენატთან მუშაობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხი და ირანისა და სირიის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს.
„მხარეებმა კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გზით გადაჭრის გზების მოძიების, რუსეთ-ამერიკის ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის აღდგენისა და ორი ქვეყნის საზოგადოებებს შორის შეუფერხებელი კონტაქტების უზრუნველყოფის ორმხრივი განზრახვა დაადასტურეს. ასევე, მხარეებმა ორმხრივი დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების ნორმალიზებისთვის შემდგომი მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ „რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი ინტერესების მქონე საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდება“.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა დღეს მალაიზიაში დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.