ავტორი:

გამაფრთხილებელი შეტყობინებები მოსახლეობას, საჰაერო განგაში ქალაქებში, დახურული შენობები და სხვა - ტაივანმა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

გამაფრთხილებელი შეტყობინებები მოსახლეობას, საჰაერო განგაში ქალაქებში, დახურული შენობები და სხვა - ტაივანმა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ტაივანმა ყოველწლიური სამხედრო წვრთნები წამოიწყო, თუმცა წლევანდელი მასშტაბები გაცილებით დიდია - სწავლება 10 დღე გაგრძელდება და მასში 20 000-ზე მეტი რეზერვისტი და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.

მთავარი მიზანია ჩინეთის შესაძლო თავდასხმისთვის ტაივანის მოსახლეობისა და არმიის მომზადება, თუმცა წვრთნები ასევე მიზნად ისახავს კუნძულის თავდაცვისუნარიანობის საჯარო დემონსტრირებას და მკაფიო სიგნალის გაგზავნას პეკინში.

შარშან არჩეული პრეზიდენტი ლაი ჩინ-თე ჩინეთისგან შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას უმაღლეს პრიორიტეტად მიიჩნევს. ბოლო კვირებში, თავის გამოსვლებში მან არაერთხელ მოუწოდა ტაივანელ ხალხს ჩინეთიდან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ, რასაც მეზობლის მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

პეკინი კუნძულს თავის ტერიტორიად თვლის და “გაერთიანების“ მიზნით ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავს. არსებობს შიში რომ ეს დაპირისპირება შეიძლება სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს, რომელშიც ტაივანის მთავარი მოკავშირე, აშშ ჩაერთვება.

  • სამხედრო სწავლებები ტაივანში 1984 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ტარდება და ფართომასშტაბიან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მოიცავს.

წლევანდელი სწავლების პროგრამაში ასევე შეიტანეს კომპიუტერული სამხედრო სიმულაციები და წარადგინეს ახალი შეიარაღება, მათ შორის ის დრონები და HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, რომლებსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს.

წვრთნები რომლებიც 9 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება, გულისხმობს ე. წ . “ნაცრისფერი ზონის“ ტაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლას - ანუ სიტუაციას როდესაც ჩინური ავიაგამანადგურებლები მასიურად არღვევენ ტაივანის მიმდებარედ, ნეიტრალურად მიჩნეულ საზღვაო და საჰაერო სივრცეს, შემდეგ კი მოულოდნელად კუნძულზე თავდასხმას იწყებენ.

  • წლევანდელი სწავლების ფარგლებში მოსახლეობას მობილურ ტელეფონებზე გამაფრთხილებელი შეტყობინებები დაეგზავნება, ქალაქებში ჩაირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი, დაიხურება მაღაზიები, ბაზრები, სასტუმროები, შეიზღუდება საგზაო მოძრაობაც.

მიუხედავად იმისა რომ აშშ აღიარებს “ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას“ და 1979 წელს გაწყვიტა ოფიციალური ურთიერთობები ტაივანთან. იმავე წელს მიღებული „ტაივანთან ურთიერთობის“ კანონის თანახმად ვაშინგტონი ვალდებულია კუნძულს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმაროს და სწორედ ამ კანონის ფარგლებში მარაგდება ტაივანის არმია ამერიკული შეიარაღებით.

ჩინეთი თავის მხრივ აძლიერებს პოლიტიკურ ზეწოლას და ზრდის სამხედრო ძალების რაოდენობას რეგიონში.

ამერიკული მაღალჩინოსნების განცხადებით დღევანდელი პეკინი კუნძულის სუვერენიტეტისთვის “უშუალო საფრთხეს“ წარმოადგენს. მათი მტკიცებით ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ტაივანში შეჭრისთვის მოსამზადებელი ვადა 2027 წლით განუსაზღვრა.

წყარო