27 წლის იყო, როცა ბებიის მოსავლელად გალში გადავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა - ე.წ. საზღვარი ჩაკეტეს. აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილ ოჯახში გაზრდილი ირაკლი ბებუა იქ მარტო დარჩა, საბოლოოდ კი „დამოუკიდებლობის დღეს“ მისი გაბრაზება პროტესტად იქცა - ე.წ. აფხაზეთის დროშას ცეცხლი წაუკიდა და მომხდარიდან ის მალევე დააკავეს.
ოკუპირებულ გალში მომხდარი ეს ერთი შეხედვით სიმბოლური აქტი ბებუასთვის თავისუფლების ფასად იქცა. დე ფაქტო სასამართლომ მძიმე ბრალდებებით 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ციხეში ოთხ წელზე მეტი დაყო.
დღეს, თავისუფლებაში დაბრუნებული ბებუა პირველად გვიყვება თავის ისტორიას. როგორია ცხოვრება ტყვეობის შემდეგ, რა პირობებში მოუწია არსებობა, როგორ შეინარჩუნა თავი, რწმენა და ადამიანობა. და რაც მთავარია - რას ნიშნავს მისთვის პროტესტი, რომელსაც ყველაფრის დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს
„გათავისუფლების დღეს, ხიდზე რომ გადმოვედი, მაშინ ვიგრძენი ნამდვილი თავისუფლება...“ - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ირაკლი ბებუა

- იმ დღეს, როდესაც დამაკავეს, ფეხით მივდიოდი, მარტო და დამიჭირეს. ბრაზი ჰქონდათ და იმიტომ დამიჭირეს, ზოგს ეგონა თითქოს ჩვენი ხელისუფლების დაკვეთა იყო, ის რაც გავაკეთე.
- როგორ გრძნობდი თავს, როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები წაგიყენეს.
- შოკი იყო, რეალური განსაცდელი რომ დადგა დავინახე, თან მარტო ვიყავი. 9 წელს მართლა არ ველოდი. სასამართლომდე ჩემმა ადვოკატმა გამიყვანა და მითხრა, 12 წლის მოცემაც შეუძლიათ, მაგრამ მაგდენს არ მოგცემენო.
- ვინ იყო თქვენი ადვოკატი?
- ადგილობრივი, მოხუცი კაცი იყო, საკმაოდ ნორმალური. სახაზინო ადვოკატი იყო, მეგრული გვარით. პროცესზე რაც შეეძლო, იქიდან გამომდინარე, რომ იქაური ადამიანი იყო, საკმაოდ აქტიურობდა, ჩემგანაც მოითხოვდა, რომ მელაპარაკა, რატომ გავაკეთე, შეიძლება თავადაც აწუხებდა, გვარი ხომ მეგრული ჰქონდა. მაგის ადვოკატობას ხუთიანზე შევაფასებდი.
- რა იყო ირაკლი ეს პირადი მოტივაცია თუ პროტესტის სიმბოლო?
- ჩემი თავის გამო გავაკეთე, ზოგი სხვას აწონებს თავს, მე ჩემი თავისთვის გავაკეთე. ვიცოდი, რომ სერიოზული რაღაც მოჰყვებოდა, მაგრამ ამდენი წელი რომ დავეჭირე არ ველოდი. იმ დღეს დღესასწაული იყო და გამოსული იყვნენ ქუჩაში დიდი და პატარა. ეგ წარწერა რამდენიმე დღით ადრე შევამჩნიე და ვიცოდი, რომ ეგ უნდა გამეკეთებინა. ორი დღით ადრე შევნიშნე, ემზადებოდნენ მზადება იყო, თავისუფლების ზეიმი, აფხაზეთის დამოუკიდებლობის. მივედი, შეგნებულად მივასხი ბენზინი და დავწვი.
- რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვისაც ჰგონიათ, რომ პროტესტს არ აქვს აზრი, რადგან შესაძლოა ამას ძალიან დიდი სასჯელი მოჰყვეს, თუნდაც ეს შემთხვევა...
- ეს ინდივიდუალურია, ზოგადად ბრძენი ხალხის აზრს უნდა დაეკითხონ, მე ეს ჩემი ნებით გავაკეთე. წმინდანებს უნდა დაეკითხონ, არიან ცოცხალი ადამიანები, ვისაც ღმერთმა ჩააბარა ეს ქვეყანა. იმათ აქვთ პასუხები და რჩევა-დარიგებები, რა დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა.

- ვინ არის თქვენთვის ასეთი პიროვნება?
- მაინც არ ვუჯერებ და არ ვუსმენ, როგორ არ არის, მამა ნიკოლოზი არის.
- ბერ ნიკოლოზს გულისხმობთ, ნარიმანს?
- დიახ.
- რა პირობებში გიწევდათ ცხოვრება, მარტო იყავით საკანში?
- არა, ერთი პატარა საკანი იყო, ყველა მაგ ზომის იყო დაახლოებით. ოთხი კაცი, სამი კაცი, ვისხედით. როდესაც იგებდნენ რა ბრალდებით ვიყავი დაკავებული ყველას სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა. მაგრამ აგრესიული რეაქციები უფრო დაკავების დროს იყო.
- პატიმრებისგან თუ გრძნობდი აგრესიას?
- იყო ასეთი შემთხვევებიც, მათიც მესმის, აქ რომ მომხდარიყო ათი წლის წინ რა აზროვნებითაც ვიყავი და ეგეთი რამე გაეკეთებინა ვინმეს და გვერდშიც თანამოაზრეები მყოლოდნენ, მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა. იყო შემთხვევები როდესაც შეეძლოთ აგრესია გამოეხატათ, მაგრამ თავი შეიკავეს.

- სამედიცინო დახმარებაზე თუ გქონდა წვდომა, კვება როგორი იყო?
- დიახ, მქონდა, კვებაც ნორმალური იყო, იქამდე მე ციხეში არ ვმჯდარვარ არ ვიცი როგორი საკვებია, რომ ამბობენ, რუსეთის ციხეს სჯობიაო, ალბათ ასეა. სხვათა შორის მორიგეებიც იმ საჭმლით იკვებებოდნენ რითაც ჩვენ, ალბათ საქართველოს ციხეებშიც ასეა.
- ირაკლი, როგორ ფიქრობთ, ახლაც რისკის ქვეშ ხართ მომხდარის გამო?
- არა, ვიღას ვახსოვარ, ამდენი წელი გავიდა, ყველას თავისი საქმე აქვს. თუ ვინმეს სადმე გადავეკვეთე, შეიძლება. იმას არ ვფიქრობ, რომ ვინმე ჩამისაფრდეს იმის გამო, რომ ხუთი წლის წინ დროშა დავწვი.
- აფხაზეთში გადასვლის უფლება თუ გაქვთ?
- არ ვიცი, რომ გამათავისუფლეს, საბუთზე არ იყო დეპორტი, არც მიკითხავს. რა უნდა მოხდეს რომ ჩავიდე, რის გამო, დასასვენებლად? - თუ რამე საქმე იქნება ჩემგან გამომდინარე, ვალდებული ვიქნები ჩავიდე, მაგრამ სასეირნოდ არა. ვინ მყავს რომ მანდ, რატომ უნდა ჩავიდე?
- გჯერათ, რომ აფხაზებთან შერიგება შესაძლებელია?
- აფხაზეთი რომ დაბრუნდება მაგის მჯერა, მაგრამ ვინ დააბრუნებს არ ვიცი. სიმართლეა, რომ აფხაზეთი საქართველოა. კარგი იქნება ორივე მხარე თუ გაიაზრებს ამას.
- ყველაზე რთულად რა გახსენებდა, რა გიჭირდა იქ ყოფნისას?
- ყველაზე მეტს იმაზე ვფიქრობდი, რომ მომსვლელისთვის სწორი პასუხი გამეცა. სულ იმის მოლოდინში ვიყავი, ვინ დაგიძახებდა, როგორ. თავიდან თანამშრომლები უფრო გაბრაზებულები იყვნენ, შეურაცხყოფილები. მნახველები არავინ მყოლია. შორეული ნათესავები მყავს რამდენიმე და არ მინახავს. ბებიას ნახვა არც მომითხოვია, არ მინდოდა ამხელა გზაზე ისედაც ვანერვიულე, ნებას დამრთავდნენ ისე.
- იქაურ ნათესავებს რა პოზიცია ჰქონდათ?
- მეგრელები არიან, ჩვეულებრივი პატიოსანი ხალხი, აზრი არ შეუცვლიათ ჩემზე მაგის გამო. ზოგმა შეიძლება იფიქრა, აუ, რა დამართა თავის თავს, არც იყო გასაკვირი. და მაგათთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ზურგს მაგის გამო ვინ გაქცევს.
- რა გასწავლა ამ წლებმა?
- უაზროდ დრო არ უნდა დაკარგო, გულწრფელი უნდა იყო და განვითარდე. თუ მართლა ღვთის წყალობით ადამიანს აქვს იმის ის, რომ მართლა მოხვდი წმინდა ადამიანთან, უნდა დააფასო. იმხელა ღვაწლშია და შრომა უწევს, შენ რომ განვითარდე და გადარჩე, უნდა დაუჯერო. არ უნდა შეგეშინდეს რაც მთავარია, სიმამაცე უნდა გქონდეს, თუ არ გააქვს, ეგეც ღმერთს უნდა სთხოვო.
- მძიმე შემთხვევები ვიცით, როდესაც ეთნიკურად ქართველი აფხაზეთის ციხეში მოხვდა და ვერ გადარჩა... თქვენ რამ გიშველათ?
- პირდაპირ გეტყვით, რომ მამა ნიკოლოზის შეწევნით ბევრად მსუბუქად გავიარე. რომ არ შემწეოდა, უფრო ცუდი რაღაცების გავლა მომიწევდა. ცხოვრებიდან გამომდინარეც მეკუთვნოდა და სიტუაციაც ისეთი იყო, ძალიან შეურაცხყოფილები, გაგიჟებულებო, არავის გათვალისწინება არ უნდოდათ.

- სახელმწიფომ თუ შემოგთავაზათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია?
- არ მახსოვს, თავიდან მანქანით ჩამომიყვანეს და რაღაცები მკითხეს, ვილაპარაკეთ, მაგრამ ყურადღებით არ ვიყავი. შეიძლება მკითხეს და უარიც ვუთხარი. არ მინდა, სხვანაირად, ჩემით გავივლი.