ავტორი:

"ჩემი ინფორმაციით, მოპარული 600 მილიონი დოლარი დათვალეს, რომლის დაბრუნებას სთხოვენ რიჟვაძეს, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, მიქაუტაძეს" - ნოდარ ხარშილაძე

"ჩემი ინფორმაციით, მოპარული 600 მილიონი დოლარი დათვალეს, რომლის დაბრუნებას სთხოვენ რიჟვაძეს, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, მიქაუტაძეს" - ნოდარ ხარშილაძე

ყოველი დღე, რომელსაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ატარებს, არის ძალიან წამგებიანი და დამაზარალებელი საქართველოსთვის, - ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.

  • ხარშილაძის თქმით, ქვეყანაში გამეფებული ავტორიტარიზმი თავისი არსებობის უკვე ბოლო ეტაპზეა და ეს იმაში გამოიხატება, რომ საკუთარი თავის განადგურება დაიწყო.

“ქვეყანაში ავტორიტარიზმი უდავოდ არის, მაგრამ დიქტატურამდე ვერ მიდის. იმიტომ კი არა, რომ არ უნდათ, ძალიანაც კი უნდათ, მაგრამ ამის რესურსი არ აქვთ. ამ ავტორიტარიზმის შობასა და სიკვდილს თავისი ეტაპები აქვს. ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომელიც ფინიშს უახლოვდება. ბოლოს წინა ეტაპია ის, რომ თავისი თავის ჭამას იწყებს მონსტრი. ზუსტად თავისი თავის ჭამაში გამოიხატება ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაპატიმრება, შემდეგ თორნიკე რიჟვაძის ამბავი. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სისტემამ თავის თავთან დაიწყო ბრძოლა. საკუთარ თავთან ბრძოლა აუცილებლად მის რყევას ნიშნავს, რასაც შემდეგ უკვე ნგრევა მოჰყვება. ამას რა დრო დასჭირდება, უცნობია.

პრობლემა ის არის, რომ ყოველი დღე, რომელსაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ატარებს, არის ძალიან წამგებიანი და დამაზარალებელი საქართველოსთვის. ჩვენ წინ კი არა, უკან მივდივართ. ეს 2015-2017 წლებშიც პრობლემა იყო, მაგრამ, მაშინ არ იყო ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი თეორიული შანსიც კი, მხოლოდ სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი ვიყავით.

დღეს, როცა ისტორიული შანსი მოგვეცა, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და საქართველომ თავისი ისტორიული მისია შეასრულოს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ამ პირობებში ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, როდესაც ამ ფანჯარას აბსოლუტურად შეგნებულად ვხურავთ ჩვენ თვითონ, არა ქართველი ხალხი, არამედ ის ძალა, რომელიც გაბატონებულია საქართველოში. ეს შანსი შეიძლება ჩვენს თაობას მეტი აღარ მიეცეს და ეს ჩვენი თაობის ყველაზე დიდი დანაშაული იქნება.

ეს არის ჩემი ყველაზე დიდი წუხილი, რომ ხელისუფლების შიდა ერთმანეთის ჭამასა და ამ კონფლიქტს გადავაყოლებთ უზარმაზარ სტრატეგიულ მიზანს”, - აღნიშნა ხარშილაძემ.

მან ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” შიგნით არსებულ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძეს, რომეო მიქაუტაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს წლების განმავლობაში მოპარული თანხების მოპარულ ფულს სთხოვენ უკან, რომელიც ჯამში 600 მილიონ დოლარს შეადგენს

“ეს არის რუსული “ბრატვას” პრინციპი, სადაც “პახანია” და ქვემოთ კიდევ “ბანდა” - ასე იქცევიან ესენი დღეს. ვინმეს თუ გააძევებენ, იმან უნდა დააბრუნოს.

მე რა ინფორმაციაც მაქვს, სია არის 600-მილიონ დოლარიანი. ეს სია არის მოპარული ფულის მოპარული ფული. ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი (“ქართული ოცნება”) წლების განმავლობაში ფულს ხომ იპარავდნენ ტენდერებიდან, ქოლ-ცენტრებიდან და ა.შ. იმ მოპარული ფულიდან კიდევ ვიღაცები ფულს იპარავდნენ თავისთვის და ნელ-ნელა, მოპარული ფულიდან ჯამში მოიპარეს 600 მილიონი დოლარი, როგორც დათვალეს. ამის უკან დაბრუნებას სთხოვენ ბატონ რიჟვაძეს, ბატონ ღარიბაშვილს, სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, ბატონ მიქაუტაძეს და სხვა მრავალს”, - აღნიშნა ხარშილაძემ.