მსოფლიოს მასშტაბით შობადობის რეალური კრიზისი იწყება - გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიო პოპულაციის ნახევარი ამბობს, რომ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, სასურველი რაოდენობის შვილები ჰყავდეთ. კვლევა 14 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის ინდოეთში, ნიგერიაში, აშშ-ში, გერმანიასა და ბრაზილიაში.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ზრდასრულთა დაახლოებით 20% დარწმუნებულია, რომ არ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის შვილის ყოლა. ამის 4 ძირითადი მიზეზია:

ფოტო: UNFPA
დემოგრაფიულ კრიზისში ხშირად ქალებს ადანაშაულებენ. ზოგიერთი მთავრობა რადიკალურ ზომებს იყენებს ახალგაზრდების წასახალისებლად, რათა მათ ეროვნული მიზნების შესაბამისად მიიღონ შობადობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მიდგომები ნაკლებად ეფექტიანია.
შობადობის კრიზისია საქართველოშიც - 2024 წელს შობადობა მკვეთრად დაეცა, დაიბადა 39 483 ბავშვი, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თითქმის იმავე ტიპის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის, როგორსაც კვლევაში მონაწილე ქვეყნებში მაცხოვრებლები.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ საქართველოს შობადობის კოეფიციენტი ევროპის შობადობის კოეფიციენტს შეადარა. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაშიც გაცილებით დიდია სურვილი, ოჯახებს მეტი შვილი ჰყავდეთ, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვთ:

მარიამ ბანძელაძე
ფოტო: UNFPA
“მოსახლეობა არსებული რაოდენობით რომ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ, აღწარმოების კოეფიციენტი, ანუ თითო ოჯახში შვილების რაოდენობა მინიმუმ 2.1 უნდა იყოს; ახლა ეს მაჩვენებელი 1.7-ია. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საქსტატის ერთობლივი კვლევით დადასტურდა, საქართველოში სასურველი შვილების რაოდენობა 2.6-ია, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ახლანდელი შობადობის კოეფიციენტია და ვიდრე ბუნებრივი აღწარმოების 2.1 კოეფიციენტი. გამოდის, რომ ადამიანები გარკვეული მიზეზების გამო იკავებენ მეტი შვილის გაჩენისგან თავს“, - განმარტა მარიამ ბანძელაძემ.
32 წლის რუსკა იმ ახალგაზრდებს შორისაა, ვინც ერთ შვილზე მეტის გაჩენას ვეღარ გეგმავს სამსახურის დაკარგვის შიშისა და ფინანსური რისკების გამო. ეშინია, რომ არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო პირველ შვილს ყველა საჭიროებას ვეღარ დაუკმაყოფილებს, რადგან ეეჭვება, მისი და მისი მეუღლის საერთო შემოსავალი მომავალში ყველაფერს გაწვდეს.
პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მიიღო სამსახურის ცვლილების რთული გამოცდილებაც:
„სამედიცინო განათლება მაქვს და 4 წლის წინ, ბავშვის გაჩენამდე ერთ-ერთ კლინიკაშიც ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, დეკრეტული შვებულება ექვსთვიანია და მაშინ სახელმწიფოსგან მხოლოდ 1000 ლარს ვიღებდით, დამსაქმებელი კი არაფერს გვიხდიდა. დეკრეტის ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახურში დაბრუნება აღარ შემეძლო, რადგან ამ შემთხვევაში, ჩემი შემოსავლით სრულად ძიძის ხარჯები უნდა დამეფარა, მხოლოდ ჩემი მეუღლის შემოსავალი კი ყველაფერს ვერ გაწვდებოდა. მომიწია 2 წლით სახლში დარჩენა. მედიცინა ისეთი სფეროა, მუდმივად განვითარებას და პრაქტიკას საჭიროებს, მე დიდი წყვეტა გამომივიდა. საბოლოოდ მომიწია პროფესიის შეცვლა. მინდა მედიცინაში დაბრუნებაც და გამოდის, რომ ყველაფერი პრაქტიკულად თავიდან უნდა დავიწყო.
ვერ ვიტყოდი, რომ მეორე შვილი არ მინდა, მეც ძმა მყავს და ვიცი, განსაკუთრებით ზრდასრულ ასაკში რა კარგია დიდი ოჯახი, უბრალოდ გამოდის, რომ ეს ციკლი თავიდან უნდა გავიარო, რაც ძალიან რთულია ჩემთვის“, - გვიამბო მან.

ფოტო: UNFPA
36 წლის თეაც იმავე დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ერთი წელი სახლში გაატარა, მალევე გაუჩნდა მეორე ბავშვიც, რამაც როგორც აღნიშნავს, დამატებითი ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ჰქონდა, კიდევ ჰყოლოდა შვილები, წლობით საკუთარი შემოსავლის გარეშე ყოფნა მისი როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი რისკი იქნებოდა, ოჯახი ხარჯებს ვერ გაწვდებოდა, ბავშვებს კი ვერაფერს მოაკლებდა:
„კარგია, როცა ბევრი შვილი გყავს, თუმცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. როცა დიდი ფინანსური წნეხი გაქვს, უკვე ვეღარ იღებ მესამის და მეოთხეს გაჩენის გადაწყვეტილებას. თან შვილები კარგად უნდა გამოკვებო, წრეებზე ატარო და განათლება მისცე, ამის გარეშე მომავალში ძალიან გაუჭირდებათ. სწორედ ამის გამო გადავიფიქრე მესამე შვილის გაჩენა და ვფიქრობ, ოჯახების უმეტესობა უკვე ამის გამო იკავებს თავს. როცა სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ გაქვს და არც კერძო კომპანიები გრძნობენ რაიმე ვალდებულებას, მხარი დაგიჭირონ, რთულია, ამხელა გადაწყვეტილების რამდენჯერმე მიღება. ზოგადად გარემოს სჭირდება თვითშეგნების ამაღლება და ქალების ხელშეწყობა, სრულფასოვნად დაუბრუნდნენ თავიანთ სამსახურს“, - აღნიშნა თეამ ჩვენთან საუბარში.
რუსკა და თეა მათ შორის არიან, ვისაც სურს, მეტი შვილი ჰყავდეს, თუმცა თავს არასტაბილურად გრძნობენ და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებენ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციაა, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ოჯახებს სტაბილურობის მიღწევაში დაეხმარება და გაათავისუფლებს კვლევაში გამოკვეთილი შიშებისგან.
UNFPA აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი არ უნდა იყოს შობადობის მაჩვენებლების რეგულირება, არამედ საჭიროა, ინდივიდებს მივაწოდოთ ინფორმაცია და საშუალებები, რათა თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვიტონ, რამდენი შვილის ყოლა სურთ და დროის რა ინტერვალით.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მიუხედავად შობადობის კრიზისისა, გამოკითხულთა დაახლოებით 3-დან ერთს გაუთვალისწინებელი ორსულობა გამოუცდია და ასეთი შემთხვევები ხშირად აბორტით სრულდება. შესაბამისად, ჯერ კიდევ პრობლემურია რეპროდუქციულ განათლებაზე ხელმისაწვდომობაც. ამასთან, ქალების 40% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც აბორტის შემზღუდველი კანონმდებლობა მოქმედებს, რაც მათ საშიში სამედიცინო პროცედურების ჩატარებისკენ უბიძგებთ. აღნიშნული კი სიკვდილის მაღალ რისკს შეიცავს.
2024 წლიდან ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პროცედურა საქართველოშიც გართულდა. რეგულაციებს დაემატა პირველი ულტრაბგერითი კვლევიდან 5 დღის შემდეგ ახალი კვლევის ჩატარება, ასევე სავალდებულო გახდა ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა. ამასთან, შეიზღუდა იმ სამედიცინო დაწესებულებების სპეციფიკა და შესაბამისად რაოდენობა, სადაც პროცედურა ტარდება.
ამის საპირწონედ, UNFPA-ს კვლევაში ვკითხულობთ, რომ მიდგომები, რომლებიც რეპროდუქციული არჩევანის არსებობას მთავარ საკითხად არ აყენებს, დროდადრო მარცხს განიცდის. ასე მოხდა საქართველოშიც, აბორტის შემზღუდველი რეგულაციების ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე გამოიკვეთა, რომ შობადობა მკვეთრად არის შემცირებული და ქვეყანა დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი მარიამ ბანძელაძე აღნიშნავს, რომ შობადობის შემცირებაში ქალების დადანაშაულება და შემზღუდველი პოლიტიკა, მათ შორის აბორტზე შეზღუდვების დაწესება სურათს ვერ შეცვლის:
„აკრძალვები გამოსავალი არ არის. შობადობის გასაზრდელად ერთადერთი გამოსავალია, რომ შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ქალებმა საკუთარი რეპროდუქციული სურვილების განხორციელება შეძლონ. ქალმა უნდა შეძლოს დასაქმება, თუმცა არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ შვილოსნობის პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლებენ, არ ექნება შესაბამისი ანაზღაურება ან დეკრეტული შვებულების შემდეგ დაკარგავს კვალიფიკაციას და დამსაქმებელი არ მიაწვდის შესაბამის კურსებს.
გარემო, სადაც ის შეძლებს დასაქმებას, მაგრამ დასაქმების პერიოდში შეძლებს შვილოსნობას და არ ექნება შიში, რომ მას გაათავისუფლებენ სამსახურიდან, მას არ ექნება შესაბამისი ანაზღაურება, დაკარგავს კვალიფიკაციას დეკრეტული შვებულების შემდეგ და დამსაქმებელი არ მიაწვდის შესაბამის კურსებს. ასევე, ოჯახში უნდა იყოს ისეთი გარემო, რომ ქალმა შინაარსობრივად, ნორმალურად გამოიყენოს დრო და გაანაწილოს როგორც თავის კარიერასა და საკუთარ თავზე, ისე ოჯახზე.
ოჯახზე ზრუნვა არ უნდა იყოს მხოლოდ ქალის და მამებისა და ოჯახის სხვა წევრების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ეს არის, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს, რომ ქალს შეეძლოს ბავშვის დატოვება სანდო ადგილას, რომ იმუშაოს და ჩაერთოს კარიერული წინსვლის პროცესში. ძალიან კომპლექსურია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ასე უყურებს, რომ ოჯახებისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა და ამ პოლიტიკისადმი სათანადო, გონვირულად დანერგვა საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განმარტა მარიამ ბანძელაძემ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში გამოთქმულია რეკომენდაციები, რომელიც სწორედ ასეთი ოჯახების მხარდასაჭერად უნდა შესრულდეს:

ფოტო: UNFPA
საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისეთი სოციალური პროგრამების დანერგვა, რომელიც გააძლიერებს ოჯახებს, ქალებს მეტ შესაძლებლობებს მისცემს, იყვნენ ფინანსურად სტაბილურები დეკრეტული შვებულების დროს და მარტივად შეძლონ სამსახურში დაბრუნება.
გაეროს კვლევაშიც სწორედ აღნიშნული მიდგომა იკვეთება: ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, მსოფლიო პოპულაცია ნელა ბერდება და ეს ქვეყნების ნაწილს შობადობის წახალისებისკენ უბიძგებს, მაგრამ ამას სჭირდება ჰოლისტური მიდგომა, რომელშიც მნიშვნელოვანი წილი სწორედ ოჯახების მხარდაჭერას უჭირავს.