ავტორი:

"ოპერაციის დროს ძვალში შეიტანეს ინფექცია, ყველაფერი აქედან დაიწყო... ახლა რეანიმაციაშია, ძალიან დამძიმდა" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ძმის მდგომარეობაზე

"ოპერაციის დროს ძვალში შეიტანეს ინფექცია, ყველაფერი აქედან დაიწყო... ახლა რეანიმაციაშია, ძალიან დამძიმდა" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ძმის მდგომარეობაზე

მუსიკის მოყვარულთათვის საყვარელი და გამორჩეული ხმის მფლობელი, მომღერალი მამუკა ჩარკვიანი, სიცოცხლისთვის იბრძვის. მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა დამ გულახდილად ისაუბრა ძმის მძიმე პერიოდზე. ჩვენთან ინტერვიუში თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ ღმერთსა და ექიმებზე არიან მინდობილები

- მამუკა არ არის კარგად, ვიბრძვით, ექიმებიც და ყველა, თავად უნდა მოგვეხმაროს ორგანიზმი. დიდი ხანია უკვე ამ მდგომარეობაშია. პალატაში გადავიყვანეთ და შემდეგ ისევ რეანიმაციაში დააბრუნეს. ძალიან კარგი გუნდია ექიმების, ყველაფერს აკეთებენ. ღმერთის იმედად ვართ და ექიმების.

- ბოლო წლებში უკვე რთულად იყო...

- ორი წლის წინ გართულდა, ფილტვის ემბოლია დაემართა. იქამდე რამდენიმეჯერ პნევმონიით მოხვდა კლინიკაში, კავკასიის მედიცინის ცენტრში იწვა, შემდეგ ლევან რატიანთან და გამოიყვანეს მდგომარეობიდან. ძალიან კარგად იმუშავა ყველამ. ახლა ისევ კავკასიის მედიცინის ცენტრში წევს, ამ გუნდმა კარგად იცის მისი მდგომარეობა. გადაყოლილები არიან.

- უცხოეთში გადაყვანაზე არ გიფიქრიათ?

- 15 წლის წინ ავსტრიაში ოპერაცია გაუკეთეს ძვალში შესულ ინფექციაზე. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მამუკას თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიული ოპერაცია კარგად ჩატარდა, მაგრამ ამ ამბავს სხვებიც ჩივიან და ოპერაციის დროს ძვალში შეიტანეს ინფექცია. მდგომარეობა გართულდა, დაიწყო სეფსისი და ფაქტობრივად მომაკვდავი წავიყვანეთ ავსტრიაში. ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა. იმის შემდეგ ეტლში იჯდა. ბოლო დროს ვირუსი შეხვდა, კოვიდმაც დაასუსტა და ეტლში ვეღარ ჩაჯდა, ლოგინად იყო. ძალიან ვართ მინდობილები კავკასიის მედიცინის ცენტრს.

- ფინანსურად როგორ უმკლავდებით?

- მე და ჩემი მეუღლე და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი უზრუნველვყოფთ, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ბოლო პერიოდში. არ ვიცი, ამ ქალბატონს უნდა თუ არა მისი სახელი და გვარი დავასახელო. რეანიმაციის თანხას ჯანდაცვას რაც ეკუთვნის ის იღებს. ძალიან მხარში გვინდა კავკასიის მედიცინის გუნდი. გადაყოლილები არიან მამუკაზე. დიდი ხანია ურთიერთობა გვაქვს და ძალიან ვენდობი მათ.

- მამუკა აგვისტოში 70 წლის ხდება, რამე გქონდათ დაგეგმილი?

- არ იყო უკვე კარგად და არაფერს არ ვაპირებდით. თუმცა სახლში ყოველთვის მოდის ვინმე. იმავეს გავაკეთებთ თუ ნორმალურად წავიდა ყველაფერი. ექვსი თვის წინ ძალიან კარგი სიმღერა დაწერა მამუკამ და ძალიან უნდოდა მისი ჩაწერა, მაგრამ ვეღარ მოესწრო, ძალიან დამძიმდა. ფილტვები გართულდა და ამან ლოგინად ჩააგდო.

მამუკა ძალიან კარგი ადამიანია, იმიტომ არა, რომ ჩემი ძმა არის. ღირსეული ტიპია თავისი მოქალაქეობრივი პოზიციით. შეიძლება პოლიტიკაში პარტიულად ჩართული არ იყოს, მაგრამ მოქალაქეობრივი პოზიცია ყოველთვის ჰქონდა. მისი პოზიცია ყოველთვის იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო დასავლური ღირებულებებით, ამას ხმამაღლა ყოველთვის გამოხატავდა.