ავტორი:

“ჩვენ მიწისქვეშა საქართველოს ვეძახით... ზოგმა უშნოდ იცის ხუმრობა: ბაქანზე ნაპირში დგომა, ჩახტომის იმიტაცია, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს“ - როგორია მემანქანის ცხოვრება მეტროში და მის მიღმა

“ჩვენ მიწისქვეშა საქართველოს ვეძახით... ზოგმა უშნოდ იცის ხუმრობა: ბაქანზე ნაპირში დგომა, ჩახტომის იმიტაცია, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს“ - როგორია მემანქანის ცხოვრება მეტროში და მის მიღმა

„ბავშვობაში რაღაცას რომ ოცნებობ, ალბათ დაფიქრება გმართებს... პატარაობიდანვე მატარებელი, გვირაბი მაინტერესებდა და ოცნება ამიხდა,“ - გვეუბნება გელა ხოსიაური, მეტროს მატარებლის მემანქანე. ძალიან უყვარს თავის საქმე, რასაც ემსახურება და მისთვის საამაყოა ეს პროფესია, - მგზავრების მომსახურება და მათი უსაფრთოდ გადაყვანა.

როგორ გახდა გელა ხოსიაური მეტროს მატარებლის მემანქანე, როგორია ცხოვრება და მუშაობა მიწისქვეშა სივრცეში, ამაზე თავად გვესაუბრება.

- ისე, ჩვენთან ოჯახში მეტრო არ იყო უცხო ხილი - მამაჩემიც მეტროში მუშაობს, ოღონდ, ესკალატორებში, პაპაჩემიც, დედაჩემის მამაც - ესკალატორებში. მეც უკვე მეთოთხმეტე წელი დაიწყო, რაც მეტროს თანამშრომელი ვარ. თავიდან სანტექნიკურ სამსახურში დავიწყე მუშაობა. შემდეგ გავიგე, რომ არსებობდა მეტროს მემანქანის კურსები, სადაც სწავლა შემეძლო და მისი დამთავრების შემდეგ მატარებლის მემანქანე გავხდებოდი. ამ ყველაფერმა დამაინტერესა.

მეტრო, საჭიროებიდან გამომდინარე, როდესაც შესაბამისი კადრები სჭირდება, კონკურსს აცხადებს ხოლმე. მოკლედ, რეგისტრაცია გავიარე, მისაღები გამოცდა ჩავაბარე და 6 თვე ვსწავლობდი როგორც თეორიას და ისე პრაქტიკას. მატარებლის შესახებ ყველაფერი შევისწავლე...

საერთოდ ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული - ინფორმატიკა და მართვის სისტემები და ასევე ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. ფაქტობრივად მეტროში ისე აღმოვჩნდი, პროფესიით მუშაობა ვერც მოვასწარი. მუშაობის პარალელურად თან ვსწავლობდი... მერე მატარებლის მემანქანის კურსებიც რომ გავიარე, მივხვდი, რომ იმ გზაზე დავდექი, რაც მინდოდა. მოკლედ, გავხდი მატარებლის მემანქანე.

- ოცნება რეალობად იქცა და როგორია ეს რეალობა?

- ყველა პროფესიის ადამიანისთვის ასეა - თუ შენი საქმე არ გიყვარს, რაც არ უნდა პროფესია გქონდეს და მუშაობდე, მაინც იტანჯები. სულ რომ მსუბუქი სამსახურიც იყოს, უსიყვარულოდ საქმის კეთება რთულია, წვალობ. მე მიყვარს ჩემი სამსახური და მასთან მჭიდრო ბმა მაქვს. ბავშვობის ოცნებაში რაც მქონდა წარმოდგენილი, ის რეალობაში მეტად გამძაფრებულია, რადგან თავის სირთულეები ახლავს, მაგრამ ამ ყველაფერს ერთგვარი ხიბლიც აქვს.

- და ხიბლი რა არის?

- ის, რომ ამხელა მატარებელს მართავ, ამდენი მგზავრი, გადაგყავს, ყოველდღე ამდენ ადამიანთან, უცხო სახესთან გაქვს კონტაქტი. მეტრო ხომ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძარღვია და ამ ძარღვის ნაწილი რომ ხარ, თავს საჭირო ადამიანად გრძნობ. აკეთებ იმ საქმეს, რომელიც შენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის.

- როგორც ვიცი, თქვენი ყოველდღიური მარშრუტი მეტრო ვარკეთილი-ახმეტელის ხაზია. ერთ გზაზე რა მანძილს გადიხართ?

- კი, ასეა და ეს ხაზი 19 კილომეტრი და 600 მეტრია. კონტროლერი ჰქვია მეტროს მატარებლის სამართავს და როდესაც კონტროლერით მატარებელს მართავ, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობ, ხარ დაძაბული. სულ იმაზე ფიქრობ, ბაქანზე არავინ იდგეს ძალიან ნაპირზე და ფრთხილობ. ზოგმა უშნოდ იცის ხუმრობა, ეს ბაქანზე ნაპირში დგომა იქნება, თუ ჩახტომის იმიტაცია, ეს ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მემანქანეებს ამ დროს არ გვეცინება და არც გვეხუმრება...

თუ ისე მოხდა და მატარებლის მგზავრი ვარ, სხვებივით მეც ვმგზავრობ, ვთქვათ, თუ მატარებელს რაიმე დაზიანება შეექმნება, ან გვირაბში გაჩერდება, გვევალება და ვალდებულები ვართ, გადავიდეთ მემანქანესთან და დავეხმაროთ.

ერთი ცვლის მაქსიმალური დრო, დღის განმავლობაში 8 საათია. სრული თვის განმავლობაში კი დაახლოებით -176 საათი. ისეთი გრაფიკი გვაქვს, რომ მუშაობა თითქმის ყოველ დღე გვიწევს - ხან დილით ვიწყებ, ხან - შუადღეს და ხან - საღამოს.

- გარდა ამ ყველაფრისა, თქვენი პროფესიის სირთულე კიდევ რაშია?

- პირველ რიგში გვირაბის ეფექტი, უჰაერობა, რკინის მტვერი (მატარებელი ლიანდაგზე რომ მოძრაობს, ამას მტვერი ახლავს) და ამას ემატება საკონტაქტო რელსი, რაზეც დენმიმღები თათი დაცურავს. ბევრს ჰგონია, რომ მატარებელი დენს ლიანდაგებიდან იღებს, ანუ რაზეც დადის, იქიდან, ასე არ არის. ესაა საკონტაქტო რელსი - მესამე დამატებითი რელსი, რომელიც 2 ლიანდაგს მიჰყვება. მაგ რელსში 825 ვოლტი გადის და მატარებელი ამ ენერგიით მოძრაობს.

- მიწისქვეშა სივრცეში მუშაობა როგორია?

- ჩვენ მაგას მიწისქვეშა საქართველოს ვეძახით. ვინც ვარკეთილი-ახმეტელის ხაზზე ვართ, 2 სადგურზე (გოცირიძე, დიდუბე) მიწის ზემოთ მაინც ვხვდებით ხოლმე, დღის სინათლეს, მზეს ვხედავთ, ჰაერს ჩავისუნთქავთ, მაგრამ ისინი, ვინც საბურთალოს ხაზზე მუშაობენ, სულ მიწისქვეშ არიან, მაგათზე კიდევ მემანქანეები ცალკე ხუმრობენ ხოლმე.

- ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცებს ვაგონში ცუდად უხუმრიათ და „სტოპკარნი“ გადმოუწევიათ... ასეთ დროს რა ხდება და როგორი რეაქცია გაქვთ მემანქანეებს?

- ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას შეეხეთ. გარდა იმ გვირაბის ეფექტისა და უჰაერობისა, განვიცდით ადამიანების გულგრილობას, უყურადღებობას, უსიყვარულობას. რასაც ამბობთ, ეს ცუდი და სახიფათო საქციელია. ერთმანეთის პატივისცემა გვაკლია, ერთმანეთს ზედმეტ პრობლემებს ვუქმნით და ეს ამის შედეგია. ასეთი ადამიანები და ასეთი ხულიგნური ფაქტები მრავლად არის, რაც მუშაობაში ხელს გვიშლის. ჩვენი გრაფიკი წამების სიზუსტითაა გაწერილი. უმეტეს შემთხვევაში ამისგან ფიზიკურად თავს ვერ იცავ.

არის, რომ ვიღაც შემოსვლისას კარს იჭერს, ვიღაც კარს აღებს, ვიღაც ჩანთებით მორბის და ლამის დახურულ კარში შემოსვლას ცდილობს. თითო სადგურზე ასეთმა სიტუაციამ 10 წამით რომ შეგაყოვნოს, ბოლო სადგურზე დიდი ინტერვალით ჩადიხარ, - ეს დიდი პრობლემაა. როგორც კი „სტოპკრანს“ ვინმე გადმოწევს და ან კარის გაღებას ვინმე შეეცდება, ავტომატურად, სქემა იშლება, წრედი შეკრული აღარ არის და მატარებელი წევიდან გამოდის.

- დავუშვათ და რეალურად საჭიროა, „სტოპკრანის“ გადაწევა, მაშინ რა ხდება?

- მემანქანის რეაქცია არის ის, რომ სარკეებში განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდები, მატარებელს რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს, მაგალითად, დაკვამლიანება ან სხვა... თუ პრობლემაა, ასეთ დროს არსებობს სპეციალური კონტაქტი, მემანქანესა და მგზავრებს შორის, რომელიც ხშირად საჭიროებისამებრ კი არა, უაზროდ და ხულიგნურადაა ხოლმე გამოყენებული. თუ მოხდა რაიმე შემთხვევა, „სტოპკრანი“ იმიტომაა, რომ უნდა გამოიყენონ და შესაბამისი რეაქცია ექნება მემანქანესაც. ჩვენთვის მატარებლის ყოველი წაბორძიკება, სიგნალია, რომ რაღაც ხდება. გულდასაწყვეტია, როდესაც ასე ხულიგნობენ და უმეტესად მგზავრებს ამაზე რეაქცია არ აქვთ. „სტოპკრანი“ გადმოუწევიათ ბოლო სადგურზე, სადაც მატარებელი უნდა მოტრიალდეს. ასეთ დროს კარი აღარ დაიკეტება და რეალურად მემანქანეს მოუწევს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება. მატარებელი დგომის მუხრუჭზე გადაჰყავს და გარბის ვაგონისკენ, რომ ნახოს რა ხდება. წვალება უწევს.

- ამ პერიოდში მატარებელი აგვიანებს...

- კი და მომდევნო მატარებელიც თავისთავად უნდა შეყოვნდეს. მოძრაობის გრაფიკი ირღვევა. ამიტომ მგზავრებს შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეთ ხოლმე.

- ისეთი მგზავრებიც მინახავს, აი, არ გამიჩერა, კარი ცხვირწინ დამიხურა - უთქვამთ...

- ძირითადად იმით არიან უკმაყოფილო, რომ არ ელოდები და სადგურიდან გადიხარ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველას უნდა დაელოდო. არადა ერთს რომ დაელოდო, უკან მეორე მგზავრი მოდის და ეს ჯაჭვი არ წყდება. ყველას ვერ დაელოდები.

- ინტერნეტში იყო ასეთი გვერდი - „მეტროს ქრაშები“ და თქვენი ფოტოც ვნახეთ იქ.

- კი, რაზეც მეცინებოდა. მთელი განხილვა მიდიოდა მემანქანეების ფიზიკური აღნაგობის, თვალის ფერის. ჩემი მეუღლის გადმოცემით ვიცი, რომ მეც მოვხვდი მოწინავე პოზიციებზე. იყო ფოტოებიც, იყო მხოლოდ სტატუსები, წერდნენ, ამა და ამ სადგურზე ასეთი გარეგნობისა თუ აღნაგობის მემანქანე ვნახეთ.

ხუმრობა იქით იყოს და რაც მეტროთი მგზავრობისას პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს არის, ერთმანეთის პატივისცემა და უსაფრთხოების წესების დაცვა. მეტი პოზიტივი, მეტი გაღიმებული სახე. ყოველ დღე იმდენ ადამიანს ვხდებით და იმდენი დაღვრემილი სახეა, გინდა, არ გინდა ჩვენზეც აისახება. მეტი გაღიმებული და პოზიტიური მგზავრები გვინდა. ისეთი პროფესია გვაქვს, სულ მოჭიმული, შემართულები ვართ, ასეთ დროს ერთი ღიმილიანი მგზავრიც მთელი დღეს გიმსუბუქებს.

- ორი შვილის მამა ხართ. ბავშვებს თქვენი საქმიანობა მოსწონთ?

- ბავშვებს ძალიან უხარიათ, როდესაც ბაქანზე მყოფები დამინახავენ. მეუღლეს ვურეკავ, ეუბნები ხოლმე, დაახლოებით სად ვიქნები და ბავშვები მეუღლესთან ერთად გაბრწყინებული თვალებით მელოდებიან. უხარიათ მატარებლის დანახვა, სადაც მათი მამა ზის. ასეთია მეტროს მატარებლის მემანქანის ცხოვრება.