ავტორი:

“მეუღლემ სამკაულის შესაძენად ფული რომ მომცა, ვარდები ვიყიდე...“ - სამოთხე ველისციხეში: როგორ გააშენა მედავითნემ და მგალობელმა ბაღი, სადაც 800-მდე ჯიშის ვარდი ხარობს

“მეუღლემ სამკაულის შესაძენად ფული რომ მომცა, ვარდები ვიყიდე...“ - სამოთხე ველისციხეში: როგორ გააშენა მედავითნემ და მგალობელმა ბაღი, სადაც 800-მდე ჯიშის ვარდი ხარობს

„როდესაც მესამე შვილი შეგვეძინა, მეუღლემ გარკვეული თანხა მომცა, უნდოდა რაიმე სამკაული შემეძინა. არადა, ჩემი სამკაულები საერთოდ ბავშვობიდანვე მცენარეები იყო. 12 წლის ვიყავი, როცა მეზობელმა, რომელიც ბიოლოგიის პედაგოგი იყო, დამაკალმებინა ანუ მასწავლა, როგორ გამემრავლებინა ვარდი. მას შემდეგ, როდესაც მინდოდა ეზოში მრავალფეროვნება შემეტანა, ყოველთვის თვითონ ვაკალმებდი დედმამისეულ სახლში,“ - ამობობს ნინო ზღაპარაძე, ქალბატონი, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ცხოვრობს. მართალია, პიანისტი და ვოკალისტია, თუმცა პროფესიით არ უმუშავია. ცხოვრების დიდი ნაწილი საეკლესიო მსახურებაში გაატარა. არის მედავითნე, რეგენტი და მგალობელი. ამჟამად მებაღეობა-მემცენარეობითაა დაკავებული. მის ეზოში სხვა იშვიათ მცენარეებთან ერთად 790 ჯიშის ვარდი ხარობს, რომელთაც დიდი მონდომებით უვლის, ახარებს და ამრავლებს.

ნინო ზღაპარაძე:

- როდესაც გავთხოვდი, ეზოში მხოლოდ სამი ვარდი დამხვდა. მინდოდა აქაურობაც მრავალფეროვანი ყოფილიყო და როდესაც მეუღლემ, დავით თათარაშვილმა სამკაულის შესაძენად ფული მომცა, ავდექი და ვარდები შევიძინე. სულ 16 ჯიში მომივიდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ეს იყო საკოლექციო ვარდები, რომლებიც საქართველოში უკვე შემოდიოდა.

- ალბათ თანდათან სწავლობდით ვარდის მოვლის წესებსაც...

- ვარდების შესახებ ყველაფერს ვსწავლობდი, თუ რა სჭირდებოდა. უფრო ღრმად შევისწავლე მოვლა, გაშენება, გამრავლება. ვცდილობდი განმევითარებინა ეს საქმე, მათ შორის - ბიზნესიც. ამ საქმეს სერიოზულად რომ მოვეკიდე, მეუღლემ თანხა შემომაშველა და 6 წლის წინ ვარდის 77 ჯიში ერთად შევიძინეთ. მას შემდეგ მსოფლიოში საუკეთესო 790 ჯიში მაქვს.

- ესე იგი, გვარად ზღაპარაძემ ეზოში ნამდვილი ზღაპარი მოაწყვეთ...

- ეზოს ფართობი 80/100-ია - ჰექტარს 20 მეასედი აკლია. აქ წლების განმავლობაში თხილის ბაღი იყო, რაც ჩვენი ბიზნესი და შემოსავალი გახლდათ. მერე მეუღლემ თხილი ამოიღო და ვარდები დავრგეთ. კიდევ არის ადგილი, სადაც შეიძლება ვარდების დარგვა და აქაურობის მეტად გალამაზება. ვფიქრობ, 1000 ჯიშამდე ავალ.

- ამდენი ჯიშის დამახსოვრებას როგორ ახერხებთ?

- ვარდებს იმხელა სიხარული მოაქვთ, შეუძლებელია, ასე აყვავებული გქონდეს, როგორც ჩემთან არის, და თითოეულის დამახსოვრება ვერ შეძლო. თუმცა აბსოლუტურად ყველა ვარდი მაქვს დანომრილი, სად რა ჯიშია ჩარგული, რა მცენარეა. ზამთარში, როდესაც ვარდობა აღარ არის, შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც, შესაბამისად, თავიდან გადავავლებ ხოლმე თვალს, რვეულით დავივლი, რომ ყველა ჯიშის სახელი გავიხსენო. 790-ივე ჯერ არ ვიცი, რადგან 150 ახალია და მათი სახელები დასამახსოვრებელია. დანარჩენის სახელი იშვიათად რომ დამავიწყდეს.

საკოლექციო ჯიშები იმიტომ შევიძინე, რომ მრავალჯერადად ყვავის. ბაღში სულ ყვავის რაღაც. სწორი მოვლით ვარდს შეუძლია ზამთრამდეც იყვავილოს. საკოლექციო ჯიშებს შესვენების პერიოდები მოკლე აქვს - ზოგს 10 დღეც არა აქვს, ზოგს 2 კვირა, ზოგს მხოლოდ კვირა. შეიძლება ერთი კონკრეტული ჯიში რვაჯერ აყვავდეს - ყოფილა ასეთი შემთხვევა. მაქვს ევროპული ჯიშები, ამერიკული, აზიურიც.

- თქვენს ეზოში ვარდების გარდა სხვა მცენარეებიც ხარობს...

- საერთოდ ვცდილობ ზამთრის ბაღიც იყოს და ყოველთვის ღირებულ მცენარეს ვყიდულობ. წლეულს პირველი ეტაპი გავიარეთ - დამთვალიერებლები მყავდა, მაგრამ მხოლოდ ადგილობრივ დამთვალიერებლებზე არ ვფიქრობ. მინდა შემოვიდნენ ევროპიდან, ამერიკიდანაც. ეზოს ტურისტული დატვირთვა მინდა შევძინო.

- ყოველდღიურად უზარმაზარი შრომა გაქვთ, თან სამი შვილი გყავთ. როგორ აუდიხართ ამდენ საქმეს?

- უფლის ნებით, სამი შვილი, მათ შორის, აუტისტიც მყავს, მერე ოჯახსაც თავისი უნდა, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებით. როდესაც ბაღში აქტიური მუშაობა მჭირდება, მაშინ საოჯახო საქმეებში დედა მეხმარება. ბაღში სხვა დამხმარე არა გვყავს - მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ავუდივართ. ბაღის მოვლა და მცენარეებთან ურთიერთობა ადამიანს განწყობას უმაღლებს, სტრესს უხსნის. ბუნება ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა, ვაპირებდი ბიოლოგიურზე ჩამებარებინა, მაგრამ მაინც დედის პროფესიამ გადამძლია და პიანისტი გამოვედი. ჩემს გენში ყველა მღერის, უკრავს, მუსიკოსია...

ერთი ისაა, რომ გურჯაანის რაიონს ძალიან ცუდად აქვს წყალმომარაგება და ასეთ დროს წვიმა გვეხმარება ხოლმე...

საერთოდ, ყოველდღიური შრომით დიდი გამოცდილება გროვდება. სანამ ამ საქმეს ხელს მოვკიდებდი, "იუთუბით" ბევრ რამეს ვსწავლობდი, ინფორმაციას ვიღებდი, მაგრამ პრაქტიკაში ბევრად უკეთესი აღმოჩნდა ცოდნის დაგროვება. ყველა სამუშაო ნორმირებულად უნდა ჩატარდეს, ზედოზირება არ შეიძლება.

- დამწყებ მებაღეებს რას ეტყვით?

- თუ მცენარეები არ უყვართ, არავითარ შემთხვევაში ბაღს ხელი არ მოჰკიდონ. თუ მათთვის ეს შრომა ტანჯვად იქცევა, არ დაიწყონ. ბაღის მოვლა ჩემთვის ტანჯვა არ არის. ამ სილამაზეს რომ გადავხედავ, რაც ამა თუ იმ დროს შევქმენი, ამაზე სასიამოვნო არაფერია. კი, ბაღს დიდი შრომა სჭირდება. აუცილებელია ყოველდღიური მეთვალყურეობა, რომ რამე არ გამოგეპაროს. გაშენებამდე ამ საქმის შესწავლა დასჭირდებათ. რათა მერე შედეგით ისიამოვნონ. როცა აქ სტუმრები, დამთვალიერებლები მოდიან, მათი გაოცებული და აღფრთოვანებული სახეების ხილვა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

ლალი ფაცია