2014 წელს ისტორიკოსმა კეტრინ კორლესმა შემაძრწუნებელი აღმოჩენა გააკეთა. მან ყოფილი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე მდებარე ძველი კანალიზაციის არხში ასობით ბავშვის გვამი იპოვა. ეს შემზარავი ამბავი ირლანდიის დასავლეთ ნაწილში, გოლუეის საგრაფოში მდებარე ქალაქ ტუამში მოხდა.
აღმოჩენის ადგილზე 1925-1961 წლამდე წმინდა მარიამის სახელობის ბავშვთა სახლი იდგა, სადაც ათასობით ქალი და ბავშვი ცხოვრობდა. “ბონ სეკურის“ თავშესაფარი, დაუქორწინებელი დედებისა და მათი შვილების სამშობიარო სახლი იყო, რომელსაც კათოლიკე მონაზვნების რელიგიური ორდენი მართავდა. იქ დაუქორწინებელ ორსულ ქალებს მშობიარობისთვის აგზავნიდნენ და ერთი წლის განმავლობაში, ანაზღაურებადი შრომის სანაცვლოდ აცხოვრებდნენ.

პიჯეი ჰევერტიმ 6 წელი გაატარა ამ ადგილას, რომელსაც ის ციხეს უწოდებს, თუმცა ის თავს იღბლიანად მიიჩნევს:
"ბავშვები, რომლებიც “ბონ სეკურის“ თავშესაფარში გავიზარდეთ, სკოლაში ყველასგან გარიყულები ვიყავით. შესვენების დროსაც კი არ გვქონდა თანატოლებთან თამაშის უფლება", - იხსენებს ის.
სტიგმა პიჯეის მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა, მას შემდეგაც კი, რაც მან ბიოლოგიური დედა იპოვა და გაიგო, რომ ის დედას ერთი წლის ასაკში დააშორეს.
ისტორიკოსმა კეტრინ კორლესმა წმინდა მარიამის ეკლესიისა და ბავშვთა სახლის თემით დაინტერესებულმა, გადაწყვიტა ეს საკითხი გამოეძიებინა: "როცა საკითხის შესწავლა დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა წინ რა მელოდა. არავინ არაფერს მეუბნებოდა, არც ჩანაწერები გაუკეთებია ვინმეს",- იხსენებს ისტორიკოსი.

კეტრინმა მოგვიანებით გაარკვია, რომ ბავშვთა სახლში გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა 796-ს ითვლიდა. მან დაკრძალვის ჩანაწერებიც შეამოწმა, რათა გაერკვია, იყო თუ არა ამ ბავშვებიდან რომელიმე ახლოს მდებარე სასაფლაოებზე დასაფლავებული, თუმცა ვერც ერთი ვერ იპოვა. გათხრების გარეშე ქალმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ საკანალიზაციო არხში ასობით ბავშვის ნეშტი იყო მოთავსებული:
"ხალხი არ მიჯერებდა. ეჭვი ეპარებოდათ, რომ მოყვარულ ისტორიკოსს ასეთი დაუჯერებელი სკანდალისთვის ფარდის ახდა შეეძლო,"- იხსენებს კეტრინი.
თუმცა არსებობდა მოწმე, რომელსაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. მერი მორიარტი დაწესებულების მიმდებარედ, ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა. მერიმ გაიხსენა, რომ 70-იანი წლების დასაწყისში მათ ბიჭუნა ნახეს, რომელსაც ჯოხზე წამოცმული თავის ქალით თამაშობდა. როცა მას ჰკითხეს, სად იპოვა თავის ქალა, მან ადგილი უჩვენა. "ჭაში ლპობისა და ნესტისგან გაშავებულ ქსოვილებში ძვლების ჭერამდე გორები ელაგა",- ჰყვებოდა მერი.
გარკვეული ხნის შემდეგ, როცა მერის მეორე ვაჟი შეეძინა, ის ტუამის სამშობიაროში მომუშავე მონაზვნებმა მიუყვანეს, სწორედ მაშინ იცნო ქალმა ის ქსოვილი, რომელიც ორმოში ნახა. "მაშინ მივხვდი, რომ რაც ორმოში ვნახე, ბავშვების გვამები იყო".
გამომძიებლების თქმით, მათი ზომიდან გამომდინარე, მაქსიმალურად რთული იქნება გვამების იდენტიფიცირება: "ნეშტები ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ამოვიღოთ, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ იდენტიფიკაციის შესაძლებლობა",- ამბობენ ისინი.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: