თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების და რუსეთ-უკრაინის ომში მისი უშედეგო სამშვიდობო ინიციატივების შემდეგ, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინისთვის ამერიკულმა მხარდაჭერა ნელ-ნელა იკლებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპის მოთმინება იწურება და უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა უახლოეს კვირებში ახალ, ბევრად უფრო აგრესიულ და კონკრეტულ ეტაპზე გადავა. თუ აქამდე უკრაინას აწვდიდნენ იარაღს ნელ-ნელა, ეტაპობრივად და ხშირ შემთხვევაში, დაგვიანებით, ახლა აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები მზად არიან გასწიონ ისტორიულად ყველაზე მასშტაბური სამხედრო და ეკონომიკური დახმარება.
ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა CBS News-თან ინტერვიუში თქვა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას გადაეცემა შეიარაღების ისეთი რაოდენობა, როგორიც ომის დაწყების შემდეგ ჯერ არ უნახავს. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მასშტაბურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც აშშ უზარმაზარ პარტიებს მიჰყიდის ევროპელ მოკავშირეებს - იარაღი კი,,საბოლოოდ, უკრაინას გადაეცემა.
"დაელოდეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ამერიკა დაიწყებს ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის უზარმაზარი რაოდენობით იარაღის მიყიდვას, რაც უკრაინისთვის სასარგებლო იქნება. პუტინის გათვლით, ჩვენც და ევროპაც დავიღლებოდით. მან უდიდესი შეცდომა დაუშვა. ნატო უფრო დიდი და ძლიერია და ჩვენ უფრო მეტად ვართ ერთგულები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან უკრაინა ძალით არ დაიპყროს“ , - განაცხადა გრემმა.
სენატორის განცხადებით, ამერიკის კონგრესი უკვე იმყოფება იმ პაკეტის მიღების ზღვარზე, რომელიც გააძლიერებს ტრამპის ადმინისტრაციის ხელში არსებულ ბერკეტებს. ეს პრეზიდენტ ტრამპს მისცემს ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მას დღეს არ აქვს. მათ შორის ლაპარაკია რუსეთის მოკავშირე ქვეყნების სანქცირებაზე:
"აქ მთავარი დამნაშავეები არიან ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. ინდოეთი რუსეთიდან ნავთობს იაფად ყიდულობს და ხელახლა ყიდის. ეს საზიზღრობაა. ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. მან გასულ კვირას თქვა, რომ დროა ვიმოქმედოთ. მან სცადა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა, მაგრამ ჩემი მიზანია ამ ომის დასრულება და ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის ის, რომ პუტინის მხარდამჭერი ადამიანები აიძულო აირჩიონ ამერიკის ეკონომიკასა და პუტინის დახმარებას შორის. ჩინეთო, ინდოეთო და ბრაზილია, ძალიან დაზარალდებით, თუ პუტინის დახმარებას გააგრძელებთ“, - აღნიშნა სენატორმა.
გრემის პოზიცია ნათელია: ომის დასრულების გზა მხოლოდ ერთია - მოსკოვის პარტნიორები აიძულონ, აირჩიონ: ან დასავლური ეკონომიკა, ან კრემლი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადაეცემა Patriot ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც აშშ-ში სტრატეგიული აქტივად მიიჩნევა და იშვიათად იგზავნება საზღვარგარეთ.
"ჩვენ მათ Patriot-ებს გავუგზავნით, ისინი მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ… პუტინი დილით ლამაზად ლაპარაკობს და საღამოს ყველას ბომბავს“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთანავე, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს დახმარება არ იქნება აშშ-ის ფისკალური ტვირთი: დახმარების ღირებულებას სრულად დაფარავს ევროკავშირი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აშშ-ში გეგმავს ვიზიტს, რათა ტრამპის თავდაცვის მდივანთან - პიტ ჰეგსეტთან შეათანხმოს Patriot-ების უკრაინისთვის გადაცემა და გერმანიის მხრიდან მათი ნაწილის დაფინანსება.
გარდა ამისა, ბერლინი შეამსუბუქებს საკუთარ კონსტიტუციურ ფისკალურ შეზღუდვებს, რაც საშუალებას მისცემს სამხედრო ხარჯების უპრეცედენტო ზრდას.
გრემისა და ტრამპის რიტორიკაში პირველად ასე მკაფიოდ გაჩნდა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მისი მთავარი ეკონომიკური პარტნიორები, განსაკუთრებით, კი, ინდოეთი და ჩინეთის სანქცირების საკითხი.თუ ამ ინიციატივებს კონგრესი და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ, სავაჭრო ტარიფებისა და ფინანსური სანქციების ახალი ტალღა დაარტყამს იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ენერგორესურსების გასაღებით ამარაგებენ კრემლს...