გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო პოპულაციის ქალების 40% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც აბორტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ამავე ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს (კვლევა ჩატარდა 14 ქვეყანაში) სურს, რომ მეტი შვილი ჰყავდეს, მაგრამ ფინანსური პრობლემებისა და არასტაბილურობის გამო თავს იკავებს.
კერძოდ, გაეროს კვლევაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მსოფლიოს მასშტაბით შობადობის რეალური კრიზისი იწყება, რადგან რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ზრდასრულთა დაახლოებით 20% დარწმუნებულია, რომ არ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის შვილის ყოლა. მთავარ მიზეზებს შორის კი გარდა ფინანსურისა, არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, უმუშევრობა ან სამსახურის დაკარგვის შიში და მომავლის შიში, რომელშიც იგულისხმება ომები, პანდემიები, კლიმატური ცვლილებები და სხვა მოვლენები.
შობადობის შემცირება უდიდესი გამოწვევაა განვითარებული ქვეყნებისთვის, უფრო მეტად კი ევროპული სახელმწიფოებისთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წელს, ცოცხლად დაბადებული ბავშვების რიცხოვნობა, 2023 წელთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა, გარდაცვლილთა რიცხოვნობა კი 2.8%-ით გაიზარდა. 2024 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა სულ 39 483 იყო.
ჩვენს ქვეყანაში შობადობის კრიზისის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ფინანსური საკითხებია. გაეროსა და საქსტატის მიერ 2024 წელს ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა, რომ საქართველოში სასურველი შვილების რაოდენობა 2,6-ია (3-მდე), მაშინ, როცა ახლა ოჯახებში შვილების რაოდენობა 1,7-ს შეადგენს.
შობადობის გასაზრდელად ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. 2024 წლის იანვრიდან საქართველოში კანონმდებლობით გართულდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პროცედურის ჩატარება: უკვე არსებულ რეგულაციებს დაემატა პირველი ულტრაბგერითი კვლევიდან 5 დღის შემდეგ ახალი კვლევის ჩატარება, ასევე სავალდებულო გახდა ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა. ასევე, შეიზღუდა იმ სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა, სადაც პროცედურა ტარდება. მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელია 10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. აბორტზე რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, როგორც საქსტატის მონაცემები გვიჩვენებს, 2024 წელს შობადობა მაინც შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალისთვის დაწესებულმა შემზღუდველმა კანონმდებლობამ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ შეუწყო ხელი. აღნიშნული კი ცხადყოფს, რომ შობადობის კრიზისში ქალების დადანაშაულება პრობლემაზე არასწორად ფოკუსირებას ნიშნავს. გაეროს კვლევაში აღნიშნულია, რომ ქალების 40% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც აბორტის შემზღუდველი კანონმდებლობა მოქმედებს, რაც მათ უბიძგებს პროცედურის ჩასატარებლად დატოვონ ქვეყანა ან მიმართონ საშიშ მეთოდებს, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ლეტალურად დასრულდეს. გაეროს მიერ 14 ქვეყანაში გამოკითხულთა დაახლოებით 3-დან ერთს გაუთვალისწინებელი ორსულობა გამოუცდია და ასეთი შემთხვევები ხშირად აბორტით სრულდება. აღნიშნული სტატისტიკა გამოკვეთს, რომ აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ნაცვლად მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული კრიზისის გადაჭრის ერთიანი პოლიტიკა მოიცავდეს რეპროდუქციულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას, ოჯახების ფინანსურ და სოციალურ მხარდაჭერას სხვადასხვა პროგრამით, კერძო სექტორის ჩართულობას მშობლების ხელშეწყობის კუთხით, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და სხვა.
ახალმა კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქალის რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვა და აკრძალვების დაწესება ეფექტიანი მიდგომა არ არის მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს ფინანსურ უსაფრთხოებასა და მოსახლეობის ინფორმირებაზე პარტნიორებს შორის ოჯახზე ზრუნვის ვალდებულების განაწილებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით.