ჯერ "ტელეგრამ არხებმა", შემდეგ კი არაერთმა გამოცემამ, გაავრცელეს ინფორმაცია, ჩეჩნეთიდან ოჯახური ძალადობის გამო საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის, ლაურა ავტორხანოვას გატაცების თაობაზე - მათი ცნობით, ის თბილისიდან ძალით წაიყვანეს მისმა დამ და ჩეჩნური წარმოშობის ხუთმა პირმა.
ასევე დაიწერა, რომ გოგონამ თავშესაფრის თანამშრომლისთვის მოახერხა შეტყობინების გაგზავნა და გეოლოკაციის გაგზავნა.
ორი საათის წინ, რუსულენოვანმა "დოიჩე ველემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა პოლიციამ შეაჩერა ჩეჩნეთიდან ჩამოსული ნათესავების მიერ ლაურას გატაცების მცდელობა, თუმცა შს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება. პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში“, - აცხადებენ შსს-ში.