ავტორი:

"პროვოკატორი" კუკურელია, მატჩში "დაკარგული" მსაჯი და შეხლა-შემოხლა ლუის ენრიკეს მონაწილეობით - "ჩელსიმ" პსჟ ყველა კომპონენტში დაჯაბნა, მათ შორის დაუსჯელ უხეშობაშიც

"პროვოკატორი" კუკურელია, მატჩში "დაკარგული" მსაჯი და შეხლა-შემოხლა ლუის ენრიკეს მონაწილეობით - "ჩელსიმ" პსჟ ყველა კომპონენტში დაჯაბნა, მათ შორის დაუსჯელ უხეშობაშიც

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც ნიუ ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე გაიმართა პსჟ "ჩელსისთან" 0:3 დამარცხდა. გუნდის მოთამაშეები აშკარად დაღლილები ჩანდნენ იმ სეზონის მიწურულს, რომელიც წარმატებებით იყო სავსე და რომლის განმავლობაშიც ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა კლუბმა თავისი უპირატესობა არაერთხელ დაამტკიცა. სამწუხაროდ, "პარიზ სენ-ჟერმენმა" ბოლო საფეხურზე წაიბორძიკა, მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მიიჩნეოდა.

ნიუ ჯერსიში განვითარებული მოვლენები მოულოდნელი იყო არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ თავად პარიზელი ფეხბურთელებისთვისაც - განსაკუთრებით იმ სეზონის ფონზე, რომელშიც მათ მოიპოვეს ოთხი ტიტული...

მოკლედ, პსჟ "ჩელსისთან“ წაგებას ადვილად ვერ შეეგუა, მატჩს გადამეტებული დაძაბულობა ორივე ტაიმის განმავლობაში გასდევდა, რაშიც წვლილი თამაშის მთავარმა მსაჯმაც შეიტანა, რომელმაც თავის დროზე ვერ ალაგმა ის უხეშობა, რასაც "ჩელსის" მხრიდან ჰქონდა ადგილი, ამ უსამართლო დამოკიდებულებამ მატჩის მიწურულს უკიდურეს წერტილს მიაღწია, როდესაც პსჟ-ს ფეხბურთელებმა თვითონ გადაწყვიტეს "სამართლიანობის აღდგენა", საკმაოდ არასპორტულადაც - ჯერ ჟოაო ნევეშმა მარკ კუკურელიას, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში უხეშობდა, თუმცა ის ამისთვის არ დასჯილა, თმა მოქაჩა, რის გამოც მსაჯმა გააძევა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გუნდებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე "ჩელსის“ ფეხბურთელს ჟოაო პედროს ყელში სწვდა, რომელიც მოედანზე დაეცა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ერთ შემთხვევაში, ისე მეორეში კუკურელიამ და პედრომ დრამატიზირების მიზნით ეპიზოდები კარგად "გააფორმეს“ კიდეც.

ცნობილი გახდა, რა უთხრა პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავის თანაშემწეებს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, "ჩელსის“ თავდამსხმელ ჟოაო პედროსთან კონფლიქტის შესახებ.

"სულელი ვარ. ის უბრალოდ დგას, ხელს მკრავს, მას ვეხები და ის იქცევა“, - ციტირებს ესპანელ სპეციალისტს "მარკა“.

ნამატჩევს ლუის ენრიკემ შემედგი განაცხადა:

"რას იზამ, ჩვენ დიდ სპორტში ვიმყოფებით. ვიცით, მსგავსი რამ ხდება. ჩემი აზრით, მეტოქემ თამაში უკეთ დაიწყო, აქტიურ პრესინგს მიმართეს და სირთულეები შეგვიქმნეს. დაწინაურების შანსი ჰქონდათ და გამოიყენეს. პირველ ტაიმში გატანის შესაძლებლობა ორჯერ მოგვეცა, მაგრამ მართალი გითხრათ, ჩვენთვის თამაშში ჩართვა რთული იყო. პირველი ტაიმის ბოლოს, როდესაც ორი გოლი გაგვიტანეს, პალმერმა დიდებულად იმოქმედა. საერთოდ ვთვლი, რომ გვაჯობეს და გამარჯვება დაიმსახურეს. ვულოცავ“.

Sky Sports-თან კომენტარი პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმაც გააკეთა:

"თქვენ იცით, ასე მგონია, ლუის ენრიკე მთელ მსოფლიოში ყველაზე ჯენტლმენი მწვრთნელი და ადამიანია. მსგავსს არასოდეს არ მოიმოქმედებს. თამაშის და ემოციების განცალკევება შეუძლია, მაგრამ მასზე შეტევას აგრძელებდნენ. ის ძალიან პატივს სცემს დისციპლინას“.

მოგვიანებით პარიზულმა კლუბმაც გაავრცელა განცხადება :

"ფინალში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ამ ისტორიული სეზონით წარმოუდგენლად ვამაყობთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ლოს-ანჯელესიდან სიეტლამდე, ატალანტადან ნიუ-იორკამდე, ბოლო პერიოდი აშშ-ში დაუვიწყარი იყო. მადლობა მხარდაჭერისთვის ათასობით გულშემატკივარს. მადლობა. ჩვენ პარიზი ვართ“.

შეგახსენებთ, კვარაცხელია, რომელმაც ერთხელ დაარტყა კარში მატჩის განმავლობაში და ყვითელი ბარათი აჰკიდა მალო გუსტოს, ყველაზე ადრე - 58-ე წუთზე შეცვალა ლუის ენრიკემ, თუმცა ქართველის გაყვანამ პსჟ-ის შეტევები ვერ გაამწვავა, უფრო პირიქით.

კვარაცხელიას შეფასებები: Flashscore - 6,1; Sofascore - 6,4; Whoscored - 6,0.

მატჩის და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კოულ პალმერი (შეფასებები ფინალში: Flashscore - 9,3; Sofascore - 9,5; Whoscored - 9,9) გახდა, საუკეთესო ბომბარდირი გონსალო გარსია ("რეალი", 4 გოლი), საუკეთესო მეკარე - რობერტ სანჩესი ("ჩელსი"), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე - დეზირე დუე (პსჟ).

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მარცხისა, PSG -მ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობით დაახლოებით 100 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

კლუბს ახალი გამოწვევა უკვე 13 აგვისტოს ელის - ისინი ევროპულ სუპერთასზე ტოტენჰემს დაუპირისპირდებიან.

გუნდი, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს განაახლებს ვარჯიშებს, მათ ძალიან მცირე დრო რჩებათ დასასვენებლად.