უნგრეთში მდებარე შუა საუკუნეების სააბატოდან ათიათასობით უძველესი წიგნი ამოიღეს, რათა ისინი ხოჭოების შემოსევისგან გადაარჩინონ.
ათასი წლის “პანონჰალმას სააბატო“ ბენედიქტელთა მონასტერია, ის არის უნგრეთის ერთ-ერთი უძველესი სასწავლო ცენტრი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
წიგნებში დასახლებული პაწაწინა ხოჭოების განადგურებისთვის, სპეციალისტები თაროებიდან დაახლოებით 100 000 ხელით აწყობილ წიგნს იღებენ და ფრთხილად აწყობენ ყუთებში. შემდეგ დეზინფექციის პროცესი დაიწყება.
ისინი ბიბლიოთეკის იმ ნაწილში აღმოაჩინეს, სადაც სააბატოს საკუთრებაში არსებული 400 000 წიგნის დაახლოებით მეოთხედია განთავსებული.
“აქ მწერების სერიოზული ინვაზიაა, რომელიც ბიბლიოთეკის რამდენიმე ნაწილშია აღმოჩენილი, ამიტომ მთელი კოლექცია კლასიფიცირებულია, როგორც ინვაზიური და უნდა დამუშავდეს. ჩვენ აქამდე არასდროს გვინახავს ასეთი დონის შემოსევა“, - თქვა დეზინფექციის პროცესის ხელმძღვანელმა ზოფია ედიტ ჰაიდუმ.
ხოჭოების შემოსევა პირველად ბიბლიოთეკის რუტინული დასუფთავების დროს აღმოაჩინეს. თანამშრომლებმა თაროებზე ჯერ მტვრის უჩვეულო ფენები, შემდეგ კი ზოგიერთ წიგნში ნახვრეტები ნახეს.
როდესაც ტომები გაიხსნა, ხოჭოების მიერ დაღრღნილი გვერდები გამოჩნდა.
“პანონჰალმას სააბატო“ 996 წელს, უნგრეთის სამეფოს დაარსებამდე ოთხი წლით ადრე დაარსდა. ის ქვეყნის უძველეს წიგნების კოლექციას, ასევე უძველეს და უმნიშვნელოვანეს წერილობით წყაროებს ინახავს.
1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სააბატო უნგრეთსა და მთელ ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და კულტურული ადგილი იყო.
ბიბლიოთეკის აღსანიშნავ ნამუშევრებს შორისაა 19 კოდექსი, XIII საუკუნის სრული ბიბლია და სხვა.
ხოჭოების გასანადგურებლად, წიგნების ყუთებს მაღალ, ჰერმეტულად დალუქულ პოლიეთილენის პარკებში ათავსებენ, საიდანაც მთელ ჟანგბადს მოაშორებენ. სააბატო იმედოვნებს, რომ ექვსი კვირის შემდეგ სუფთა აზოტის გარემოში ყველა ხოჭო გაქრება.