ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ისრაელის ერთ-ერთი თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ფარსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 16 ივნისს თეირანში მდებარე საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტს, სადაც პეზეშკიანი უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ესწრებოდა, 6 ბომბი ესროლეს.
ამბობენ, რომ პრეზიდენტი ფეხში მსუბუქად დაიჭრა, თუმცა გაქცევა მოახერხა. "ფარსის“ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არც ისრაელს გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმებმა მიწისქვეშა ობიექტის ექვსივე შესასვლელი და გასასვლელი პუნქტი, ასევე ვენტილაციის სისტემა დაბლოკა. ობიექტს ელექტროენერგიაც გაეთიშა.
გასულ კვირას პეზეშკიანმა ისრაელი მისი მოკვლის მცდელობაში დაადანაშაულა - ბრალდება უარყო ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა და განაცხადა, რომ "რეჟიმის შეცვლა“ ომის მიზანი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს ისრაელმა მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე და განაცხადა, რომ ეს მოქმედებდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილებას ემსახურებოდა.