ინდიანას შტატის ქალაქ ნიუ-კარლაილის მახლობლად მდებარე ყოფილი სიმინდის ყანები ამჟამად Amazon-ის საკუთრებაში არსებული ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის სახლია.
7 მასიური შენობის შიგნით ასობით ათასი სპეციალიზებული კომპიუტერული ჩიპი და ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელია განთავსებული, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის გიგანტურ მანქანას ქმნის. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მასში 30 გიგანტური საწყობი განთავსდება.
კომპანია იმედოვნებს, რომ შექმნის ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანას, რომელიც ადამიანის ტვინის სიმძლავრეს გაუტოლდება. მათივე განცხადებით, ეს იქნება „მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური ინტელექტის კლასტერი“.

მთელ ნაკვეთზე გაშლილი ობიექტი 2.2 გიგავატ ელექტროენერგიას და მილიონობით გალონ წყალს გამოიყენებს, რათა ჩიპები გადახურებისგან დაიცვას.
Barclays Research-ის მონაცემებით, გლობალური მონაცემთა ცენტრების ბაზარი 2030 წლისთვის 517 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
„ხელოვნური ინტელექტი შემდეგი ინდუსტრიული რევოლუციაა და, სავარაუდოდ, წინაზე უფრო დიდი იქნება“ - ამბობს ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი ტომ ედვარდსი.

ობიექტების აშენება მისისიპიში და სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაშიც იგეგმება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ OpenAI ტეხასში 1.2 გიგავატი სიმძლავრის ობიექტს აშენებს, ხოლო თითქმის ასეთივე ობიექტის აშენება იგეგმება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
საწყობების დასაკავშირებლად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დასამარხად და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, Amazon-ს ახლომდებარე სველი მიწიდან წყლის ამოტუმბვა მოუწია. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, კომპანია 730 დღის განმავლობაში საათში 2.2 მილიონ გალონ წყალს ტუმბავდა.