ბესელიას და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს, ვერ აღვიქვი, ვინ იყო ეს ადამიანი… დგებუაძე მაგინებდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი… ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან , - ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე წლის 11 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს.
მზია ამაღლობელის ჩვენების მიხედვით, ირაკლი დგებუაძე სამართალდამცავებს რომ არ შეეჩერებინათ, ის მას სცემდა.
"ეთერ თურაძესთან მივედი, მინდოდა მარტო არ ყოფილიყო. მეც ვცდილობდი და თანამშრომლებსაც ვეუბნებოდი, პოლიციელებთან დისტანცირდით-მეთქი. პოლიციელების გარემოცვაში რომ ვიყავი, გადამიარეს. როცა დაკავებულებზე ვეკითხებოდი, პოლიციელები აგრესიულად მპასუხობდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ ვისაც უნდოდათ, იმას დააკავებდნენ, ბრაზის და უმწეობის ზღვარი მქონდა. სილის გაწვნის ფაქტი, საპატიმროში ვიდეო კადრი როცა ვნახე, მაშინ აღვიქვი. რადგანაც ეს ფაქტი მოხდა, ე.ი. გარდაუვალი იყო, სხვანაირად არ შემეძლო მომხდარიყო. ეს არ იყო დაგეგმილი ქცევა, ეს იყო იმპულსური რეაქცია....
არ ვიცი, ე.წ დაზარალებულ დგებუაძეს რაში დაჭირდა ჩვენებაში ჩაეწერა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, მე ბესელიას და დგებუაძეს არ ვიცნობდი. სილის გაწვნის დროს ვერ აღვიქვი ვინ იყო ეს ადამიანი. ძალიან სწრაფად მივყავდი, მესმოდა გინების ხმა - ვბრაზობ ხოლმე, აი ბრაზი მახრჩობს.
დგებუაძემ მკითხა, როგორ დამარტყიო, თავზე მედგა, ვცდილობდი, არ შემეხედა დაკითხვის ოთახში, უსასრულოდ იგინებოდა, მოიწევდა ჩემკენ. შემიძლია მოსამართლეს ციხიდან გამოვუგზავნო ის სიტყვები წერილობით, თუ როგორ მაგინებდა დგებუაძე, ამის გახსენება ძალიან მძიმეა ჩემთვის. ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და გაოგნებული ვიყავი, რომ მოიწევდა [ჩემკენ], გაიყვანეს და ვიკითხე, ვინ იყო ეს ადამიანი-მეთქი. ირაკლი დგებუაძე იყოო, მითხრეს, სახელი, გვარი მეცნო. რა პოზიციაზე არის-მეთქი, ბათუმის პოლიციის უფროსიაო. ოთახში სხვებიც შემოდიოდნენ, დგებუაძე რომ გაეყვანათ, ის მოიწევდა ჩემკენ. ჩვენება იმ ხალხს, ვინც ამას ისმენდა, არ მიუცია. ირაკლი დგებუაძე ჩემკენ ფიზიკურად იწევდა, განცდა მქონდა რომ უნდა დაერტყა, სხვა პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინა, მცემდა. დგებუაძე მაგინებდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ვერ ვიაზრებდი…ისე ახლოს მოვიდა, ავხედე, გაჩერდა და სახეში შემაფურთხა… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმ სიმშვიდეს, როგორ არ დავლეწე იქაურობა, როგორ არ ვიყვირე, შეურაცხყოფისა და უსუსურობისგან”, - განაცხადა ამაღლობელმა.