ბრიტანეთში კონსტანს მარტენსი და მისი პარტნიორი მარკ გორდონი თავიანთი ახალშობილი ქალიშვილის გარდაცვალების საქმეში დამნაშავედ ცნეს. მედიიც ინფორმაციით, წყვილს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ყველაფერი 2023 წლის იანვარში მოხდა - ქალი მეხუთე შვილზე იყო ორსულად, დანარჩენი ოთხი ბავშვი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა, რადგან მშობლებს ისინი არასათანადო პირობებში ჰყავდათ და არასათანადოდ ექცეოდნენ. იმის შიშით, რომ სოციალური სამსახური მეხუთე ბავშვსაც წაიყვანდა კონსტანსი და მარკი გაიქცნენ და ბავშვი ტყეში, ურთულეს პირობებში დაიბადა. დაბადებიდან რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა.
ახალშობილის ცხედარი წყვილის დაკავებიდან ორ დღეში, ბრაიტონში, ნაგვის პარკში აღმოაჩინეს.

ისინი ცხოვრობდნენ კარავში, უკიდურეს სიცივეში. ახალშობილს კი მხოლოდ თხელი მაისური ეცვა. სავარაუდოდ, ბავშვი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა ან დაიხრჩო, როდესაც კონსტანსმა ძილში გულზე მიიხუტა.
კონსტანს მარტენსი ბრიტანეთის არისტოკრატული წრიდან, გავლენიანი ოჯახიდანაა. სასამართლოზე მან თქვა, რომ ოჯახში მას სამარცხვინოდ თვლიდნენ და "სიცოცხლეს უმწარებდნენ".
არსებული ინფორმაციით, წყვილმა ურთიერთობა ათი წლის წინ დაიწყო. სოციალური სამსახურების დასკვნით, მათი შვილები ცხოვრობდნენ მავნე გარემოში. მარკ გორდონის წარსული (მძიმე დანაშაული – თინეიჯერობისას ჩადენილი სექსუალური ძალადობა აშშ-ში) და წყვილის ფსიქოემოციური მდგომარეობა სერიოზულ რისკად ითვლებოდა.

კონსტანს მარტენი არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი არისტოკრატული ოჯახიდან. მისი მამა კრისტოფერ მარტენსი ოფილი ჯარისკაცი და ეშტონის სასახლის მფლობელია. ოჯახს აქვს მჭიდრო კავშირი სამეფო ოჯახთან.