რუსეთის სასამართლომ ქართული წარმოშობის მწერალ ბორის აკუნინს (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგორი შალვას ძე ჩხარტიშვილი) დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ტერორიზმის გამართლება, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა და ქვეყნის "უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევა ედება ბრალად.
აკუნინი 2014 წლის შემდეგ ლონდონში ცხოვრობს. ის რუსეთის "ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში 2024 წლის იანვარში შეიყვანეს და მისი დაპატიმრების ორდერი გასცეს. დაუსწრებლად გამოტანილი სასჯელი, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში აღსრულდება, თუ ბრალდებული რუსეთში ექსტრადირება.
საინფორმაციო სააგენტო "მედიაზონას“ ცნობით, ორშაბათს მოსკოვის მეორე დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარის მხოლოდ ერთი მოწმე გამოცხადდა. თავად აკუნინმა სასამართლო პროცესი "ფარსად“ შეაფასა.
აკუნინი კრემლის ღია კრიტიკოსია და ეწინააღმდეგებოდა როგორც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ასევე 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას. ის ასევე არის "ჭეშმარიტი რუსეთის“ თანადამფუძნებელი - პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინელ ლტოლვილებს.