ავტორი:

"ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?" - რა ხდება ცნობილი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე?

"ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?" - რა ხდება ცნობილი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე?

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

Financial Times-ის ცნობით, ტრამპი, ახლა, რუსეთის მიმართ, უფრო აგრესიული მოქმედების მომხრეა:

"ვოლოდიმირ, შეგიძლიათ მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?" - ჰკითხა აშშ-ის პრეზიდენტმა, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას ამის გაკეთება შეუძლია, თუ ვაშინგტონი მათ შესაბამის შეიარაღებას მიაწვდის. ამასთან, ტრამპმა დაამატა, რომ უკრაინამ ზეწოლა სწორედ ამ ორ ქალაქზე უნდა გააძლიეროს.

როგორც ამბობენ, ტრამპის ამგვარი პოლიტიკის ძირითადი მიზანია, "რუსებს ტკივილი აგრძნობინოს" და მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნოს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. თუმცა, აშშ კვლავ ერიდება უკრაინისთვის "ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტის გადაცემას, რომელიც მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტაა და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო ბაზებზე, აეროდრომებსა და საწყობებზე იერიშის მიტანა. წყარო

ამასთანავე, დონალდ ტრამპმა BBC-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით, თუმცა იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს. კითხვაზე, ენდობა თუ არა მას, ტრამპმა უპასუხა: "თითქმის არავის ვენდობი".

ეს საუბარი გაიმართა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ტრამპმა გამოაცხადა უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის გეგმებზე და რუსეთს მკაცრი ტარიფებით დაემუქრა, თუ 50 დღეში არ შედგება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

BBC-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ოვალური კაბინეტიდან ჩაწერეს, ტრამპმა ნატოს მხარდაჭერაც დაადასტურა - მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ალიანსს "მოძველებულად" აფასებდა, ამჯერად დაადასტურა კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგულება.

გუშინ, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას "დაახლოებით ოთხჯერ“ ეგონა, თითქოს უკრაინის ომთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

"ხანდახან ვგრძნობ, რომ საქმე წინ მიიწევს - ვამბობ, კარგი, მგონია, რომ უკვე გამოსავალთან ახლოს ვართ... და შემდეგ ის კიევში შენობას აფეთქებს", - აღნიშნა ტრამპმა.

იხილეთ ასევე: