ავტორი:

"დედაჩემმა რამდენჯერმე უთხრა ვაკოს, რთულია ნინის მოვლა და აჯობებს კარგად დაფიქრდეო... მან თქვა, რომ ნინის გარეშე ბევრად რთული იქნებოდა" - ახალი ცხოვრება ტრავმის შემდეგ

"დედაჩემმა რამდენჯერმე უთხრა ვაკოს, რთულია ნინის მოვლა და აჯობებს კარგად დაფიქრდეო... მან თქვა, რომ ნინის გარეშე ბევრად რთული იქნებოდა" - ახალი ცხოვრება ტრავმის შემდეგ

ეტლით მოსარგებლე გოგონას ხელის თხოვნის ამაღელვებელი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. მომხიბვლელი ნინი დარბაიძე გვიამბობს, თუ როგორ იპოვა ძალა ცხოვრება თავიდან დაეწყო და როგორია მისი ულამაზესი ლავსთორი...

- ნინი, იღბლიანი ხართ იმ მხრივ, რომ გამორჩეულ ოჯახში აღიზარდეთ...

- იღბლიანი ბევრი რამის გამო ვარ, თუნდაც იმ მხრივ, რომ დღეს ცოცხალი ვარ, აქ ვარ და ძალიან კარგად ვარ, რაც წლების წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო. ეს კი ოჯახის და ახლობლების დამსახურებაა, რომ ისევ შევძელი გაღიმება და იმ სირთულეების გადალახვა, რაც მოჰყვა ჩემი აივნიდან გადმოვარდნას... ბავშვობა ყველაზე ტკბილი მოგონებაა, რომელიც მთელი ცხოვრება მიგვყვება. უთბილეს ოჯახში გავიზარდე, მშობლებისგან ყოველთვის უსაზღვრო სიყვარული მოდიოდა. ერთადერთი შვილი ვარ და ამიტომ დღემდე ულიმიტო ზრუნვას, სიყვარულს, ენერგიას ვიღებ მათგან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ოჯახურ სითბოს და სიყვარულს. ვფიქრობ, ეს სირთულეების გადალახვაში ძალიან მეხმარება, რადგან თავს მარტო არასდროს ვგრძნობ. ვიცი, თუ რაიმე გამიჭირდება ერთი ზარიც საკმარისი იქნება, დედაც და მამაც წამებში იქ გაჩნდება და გადამარჩენს. ვინც იცნობს ჩემს ოჯახს, ალბათ ისინი უფრო მარტივად მიხვდებიან, რომ მართლა ასეა. ოჯახიდან გამომდინარე, ბავშვობაც ძალიან ლაღი და უდარდელი მქონდა.

- როდის მოხდა შემთხვევა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა?

- 17 წლის ვიყავი, როცა მეხუთე სართულის აივნიდან გადმოვარდი. რომ დავეცი ვერ ვმოძრაობდი. მშობლებმა, კივილის ხმაზე ზემოდან გადმოიხედეს და ვერც კი წარმოიდგინეს, რომ ის შეიძლება მე ვყოფილიყავი, რადგან რამდენიმე წუთის წინ, მე მათ წინ ოთახში დავდიოდი. ხალხი ჩემს გარშემო წამებში შემოიკრიბა, ვტიროდი და მხოლოდ ერთადერთ ფრაზას ვიმეორებდი "მაა ამაყენე.. დეე მიშველე".. გამვლელი ექიმი იყო და ის გადამეფარა, ყვიროდა ოჯახის წევრები არ მოუშვათ, არ შეიძლება ხელში აყვანაო. ალბათ მაშინვე მიხვდა, რომ კისერი მქონდა დაზიანებული, რადგან ვეღარ ვმოძრაობდი. იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა, ჩემთვისაც და ოჯახის წევრებისთვისაც. ზურგის ტვინის ძლიერი დაზიანება მქონდა, კისრის ქვემოთ ვერაფერს ვგრძნობდი, ვერაფერს ვამოძრავებდი. ორი კვირა რეანიმაციის კართან ათენებდნენ ჩემი ახლობლები და ექიმის დანახვისას ყველას ეშინოდა, ისევ ცუდი ამბავი არ გამოეტანა.

თვეები საავადმყოფოში გავატარეთ, დეიდაშვილები არ მტოვებდნენ, ყოველ დღე ცდილობდნენ ჩემს გამხიარულებას. ასევე ახლობლები, კლასელები, ნათესავები... მათთვისაც დიდი სტრესი იყო, ამ თბილი, პოზიტიური ოჯახის ასეთ მდგომარეობაში ნახვა და 17 წლის გოგონასი, რომელსაც უბრალოდ მოძრაობა აღარ შეეძლო... გავიდა წლები ბრძოლაში, გაუჩერებელ ვარჯიშში, ტკივილებსა და ბევრ ცრემლებში, თუმცა დღეს, როგორც მხედავთ უკვე შემიძლია ეტლში ჯდომა, ხელების მოძრაობა (თითების ვერა), მუშაობა და დამოუკიდებლად რაღაცების გაკეთება. მინიმუმის, მაგრამ მაინც...

- რამ მოგცათ ძალა, ყოფილიყავით მუდამ ლამაზი, წარმატებული, სამაგალითო და არასოდეს დეპრესიული, ხელჩაქნეული?

- ვერ ვიტყოდი, რომ ამ რთულ გზაზე მუდამ წარმატებული ან პოზიტიური ვიყავი. ასეთი რაღაც რომ მოგდის, ფიქრში ღამეებს ათენებ. პირველი და უმთავრესი კითხვით, რომელიც სრულიად გაუგებარია შენთვის იმ მომენტში „რატომ? მე რატომ დამემართა ეს?”... და მოჰყვება უიმედობის კორიანტელი "ასე როგორ უნდა ვიცხოვრო?", „სამუდამოდ აქ უნდა ვიწვე გაუნძრევლად?” „ვერასდროს გავივლი?”, "თითები თუ არ მიმოძრავებს ასე როგორ უნდა ვიცხოვრო” და ა.შ... პირველი წელი მსგავსი ფიქრები არ განებებს თავს, მაგრამ ძალა მომცა იმ ყველაზე ახლო წრემ, რომელიც ჩემ გვერდით იყო. მათთან ერთად დავიბადე თავიდან, მასწავლეს გარეთ გასვლა, მაჩვენეს, რომ საშიში არაფერია და მარტო არ ვიყავი. მაგრძნობინეს, რომ ერთად შევძლებდით ყველაფრის თავიდან დაწყებას. მათ გარეშე ალბათ ის ნეგატიური ფიქრები კიდევ გაგრძელდებოდა. ამიტომ არამართებულია ვთქვა, რომ მხოლოდ მე შევძელი. ჩვენ ერთად შევძელით!

- ბრწყინვალე განათლება გაქვთ.. გვიამბეთ მიღწევებზე, კარიერაზე..

- შემდეგ უკვე მომინდა უნივერსიტეტში ჩაბარება, რადგან გონება ძალიან კარგად მიმუშავებდა და სხვა დაზიანების გამო ამაზე უარი არ უნდა მეთქვა. ბოლო დღეებში დავრეგისტრირდი, მოსამზადებლად დიდი დროც არ მქონდა. უკანაც ვერ გამოვიტანდი განაცხადს, ამიტომ შიშის დრო აღარ იყო. ჩავაბარე წარმატებით და დავასრულე ოთხწლიანი ფსიქოლოგიის ბაკალავრია. სტუდენტური წლები საუკეთესო იყო. მთელ უნივერსიტეტს ვიცნობდი, მამა რომ მომაკითხავდა, ხან ვის გამოვყავდი მანქანამდე, ხან ვის. ძალიან მზრუნველები იყვნენ ჩემს ჯგუფში და ზოგადადაც უნივერსიტეტში პირველივე დღიდან მივხვდი, რომ ყველა დამეხმარება წყლის ბოთლის გახსნაში და ამაში სანერვიულო არაფერია. არც გადაადგილებაში და არც თუ რაიმე ძირს დამივარდება. ეს პროფესია პირველ რიგში ჩემი თავის დასახმარებლად ავირჩიე, შემდეგ კი, რაც უფრო მეტად ვეცნობოდი მით უფრო მინდებოდა ამ პროფესიაში ვყოფილიყავი და სხვებსაც დავხმარებოდი.

დავასრულე მაგისტრატურაც, პარალელურად გავდიოდი კურსებს და პრაქტიკებს. მეგობართან ერთად გავხსენი ცენტრი, სადაც შშმ პირებისთვის ვატარებდით ტრენინგებს ფსიქოლოგიურ გაძლიერებასა და განვითარების საკითხებში. პარალელურად ვარჯიშობდი, ყოველთვის, მაგრამ შედეგები მინიმუმი იყო. როგორ ვახერხებდი დილით გამზადებას და უნივერსიტეტამდე მისვლას? - დედა და მამა! აბსოლუტურად ყველაფერში ისინი მეხმარებოდნენ. ამიტომ, ჩემი წარმატების საიდუმლო უკან ძლიერი ზურგია ადამიანების სახით...

- როგორ აეწყო პირადი ცხოვრება, როგორ შეხვდით ღირსეულ ადამიანს და როგორია თქვენი ლავსთორი?

- თავდაპირველად გავურბოდი ახლო ურთიერთობებს. რადგან ვთვლი, რომ საკმაოდ რთულია პასუხისმგებლობა აიღო გოგოსთან ცხოვრებაზე, რომელსაც დამოუკიდებლად ბევრი რაღაცის გაკეთება არ შეუძლია. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს უბრალოდ ეტლია და შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ან ეტლითაც ცხოვრობენ ადამიანები და არ არის ეს რთული. ჩემ შემთხვევაში არ არის ასე და არ ვეთანხმები არცერთ შეხედულებას. ურთულესია! ხალხი რასაც ხედავს ეს, ეტლში ჩასკუპებული ლამაზი გოგოა, მაგრამ სანამ ეტლამდე მივალ: დედა მაცმევს დაწოლილ მდგომარეობაში, მიკეთებს მაკიაჟს, მამა საწოლიდან ეტლში მსგავს. თმას ჩემით ვერ ვივარცხნი, ჩანთას ვერ ვილაგებ, თასმებს ვერ ვიკრავ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ უბრალოდ ეტლით მოსარგებლე არ ვარ, ჩემს ეტლსაც კი ძლივს ვერევი ხელებში იმდენად “ცოტა” ძალა მაქვს. ვარ ადამიანი, რომელსაც გამუდმებით დახმარება მჭირდება ყველა საკითხში.

აქედან გამომდინარე, არაგონივრული იქნებოდა ვარდისფერი სათვალით დამეწყო ყურება, თითქოს უბრალოდ ეტლით გადავადგილდები და სხვა პრობლემა არ მაქვს და დამეწყო ვინმესთვის ახლო ურთიერთობა, რომელსაც გარეგნულად მოვეწონე. ამიტომ ყოველთვის თავს ვიკავებდი. იყო მცდელობები, მაგრამ ხან მე გავრბოდი, ხან კი ისინი იაზრებდნენ, რომ რთული იყო. პრინციპში, არც მალავდნენ პირდაპირ მითხრა ერთმა, როგორც გოგო იდეალური ხარ, მაგრამ შენი მდგომარეობა ....“ აი ეს დაუსრულებელი წინადადება საშინლად მტკივნეული იყო, როგორც გოგოსთვის, რომელმაც გაბედა ცხოვრების გაგრძელება და სცადა ყოფილიყო ჩვეულებრივი.

ვფიქრობ, ახალი არაფერი უთქვამს, ისედაც კარგად ვიცოდი "ჩემს მდგომარეობაზე", მაგრამ იმის დანახვა, რომ ვიღაცას შემთხვევითი ტრავმის გამო არ უნდიხარ, ეს მტკივნეული იყო. არც მე მინდოდა ამ მდგომარეობაში ყოფნა.. რაც შეეხება, ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს, ძალიან გამიმართლა, იღბლიანი ვარ, რომ ასეთ ღირსეულ ადამიანს შევხვდი. 4 წლის წინ სარეაბილიტაციოდ ვიყავი სამკურნალო წყლებზე, ერთ-ერთ ქალაქში, იქ გავიცანით ერთმანეთი მე და ვაკომ და დავმეგობრდით. სანამ იქ ვიყავით, გვეხმარებოდა ჩემს გადაადგილებაში რამდენჯერმე მანქანიდან გადმომსვა ეტლში, გვიან ღამით მაღაზიაში გამომყვა და ა.შ... უდავოდ, კარგი ადამიანი ჩანდა, ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი და ზრდილობიანი, თავისი ჯენტლმენური მანერებით. მეც მომეწონა და აშკარა იყო, რომ მასაც მოვეწონე. თუმცა ორი კვირის შემდეგ, სხვა კურორტზე წავედი დასასვენებლად და დავემშვიდობე ფრაზით, არ მჯერა საზაფხულო რომანების, გადაგივლის და 1-2 კვირაში არც გაგახსენდები-თქო... და იცით რა მოხდა? არაფერმაც არ გადაუარა, ორ კვირაში ჩამომაკითხა კურორტზე, ერთ თვეში კი, თბილისში.

ნელ-ნელა სამუშაოდაც აქეთ გადმოვიდა და საცხოვრებლადაც. ორი წლის თავზე გაქცევას საერთოდ არ აპირებდა, პირიქით დამატებით რეანიმაციაში დაიწყო მუშაობა დამხმარედ, რომ უკეთ შეესწავლა ყველა ჩემი საჭიროება და გაეგო თუ რა გზა გამოვიარე. ურთიერთობა გავაგრძელეთ, საღამოობით ვსეირნობდით და ვხედავდი, რომ აღარ არსებობდა ჩემთვის კიბე ან გადაულახავი ბარიერი, ყველგან შეეძლო ჩემი აყვანა, შეყვანა და პრობლემის მარტივად მოგვარება. განვიხილავდით, შემდეგ რა იქნებოდა და მას ზუსტი ხედვა ჰქონდა როგორ წარმოედგინა თავისი მომავალი, სადაც მთავარ როლში მე ვიყავი და მერე, სხვა ყველაფერი დანარჩენი.

ყველაფერს დეტალურად მეკითხებოდა და სურდა პრაქტიკულად გამოეცადა, მაგალითად: თმის შეკვრის დროს რა მომენტში მჭირდებოდა დახმარება, ჭამის დროს რა შემეძლო ჩემით და რა დროს უნდა მომხმარებოდა. ცოტა ხანში უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის, ზეპირად იცოდა მაგ: სუფრაზე რომ მოვხვდებოდით, პატარებად რომ უნდა დაეჭრა კერძი, ჭიქა ახლოს მოეწია და ფეხებზე პლედი დაეფარებინა. აღარც მიწევდა თქმა, „გთხოვ ჭიქა მძიმეა, ვერ ვწევ მომაწოდე”. თავადვე იცოდა უკვე რა იყო ჩემთვის მძიმე ან მოუხერხებელი. ასეთი მცირე დეტალები, თავს ძალიან უსაფრთხოდ და კომფორტულად მაგრძნობინებდა.

მეც აქტიურად ჩავერთე მის ცხოვრებაში, მხარს ვუჭერდი მის გადაწყვეტილებებს. პროფესიით ისტორიკოსია და რამდენჯერმე დავესწარი აბიტურიენტებს როგორ ამეცადინებდა. ვამაყობდი მისი აზროვნებით, ისე მშვიდად და გაწონასწორებულად უხსნიდა გაკვეთილს თავისი დამატებითი მასალებით, რომ ეჭვგარეშეა ნაკითხი ადამიანი იყო, რაც ძალიან მომწონდა. არ ვიცი ამას მკითხველი რამდენად სწორად გაიგებს. მინდა აღვნიშნო, რომ დედაჩემმა რამდენჯერმე უთხრა, ნამდვილად რთულია ნინის მოვლა და ჯობდა კარგად დაფიქრებულიყო, სანამ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამდა. მისი პასუხი კი იყო, რომ ნინის გარეშე ბევრად რთული იქნებოდა და გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

- ძალიან ამაღელვებელია ხელის თხოვნის კადრები...

- ხელის თხოვნა ჩემთვის იყო დაუვიწყარი, ემოციებით სავსე, სრულიად მოულოდნელი და ისეთი მომენტი, რომელიც ჩვენ გონებაში ყოველთვის დამაგვირგვინებელ აკორდად დარჩება. ვამაყობ, რომ უბრალოდ ეს შევძელით, პირველ რიგში მან. ალბათ, ყველას კარგად გვესმის რამხელა პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს, როცა ხარ ახალგაზრდა, ენერგიული, შენი ცხოვრება სრულიად შენს ხელშია და შეგიძლია უფრო მარტივი ცხოვრება აირჩიო და არა დამატებით ისეთი სირთულე, როგორიც (ნინისთან)/ისეთ გოგოსთან ცხოვრების დაკავშირებაა, რომელსაც დამოუკიდებლად ბევრი არაფერი შეუძლია.. არ ვიცი, ახალი რა ვთქვა. ვინც ვიდეო ნახა, ჩანს ჩემი ემოცია, შეგრძნებაც და ნერვიულობაც. ასევე, მისი (ვაკოს) ემოცია და როგორი მოთმენით ელოდება, იმდენი ხანი ჩემს გადაწყვეტილებას. როგორც გავიგე, ბეჭედი 5-6 თვეა ნაყიდი აქვს და მიხარია, რომ სახლში ედო, უყურებდა და ფიქრობდა. ეს კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან იმპულსური, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ არის, არამედ დიდი ხნის ნაფიქრი და გაანალიზებული აქვს ბევრი რამ.

- თუ გეგმავთ დიდი ქორწილს, როგორი იქნება და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- დიდი სიამოვნებით, ვისურვებდი დიდ ქორწილს, ლამაზ გარემოში ყველა ჩვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. მაგრამ, დიდ ქორწილს დიდი ხარჯები აქვს, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვაკმაყოფილებთ. იმედს ვიტოვებ, რომ შევაგროვებთ და გვექნება ჩვენც ისეთი ლამაზი დღე, როგორიც ქორწილია, რაც ჩემთვის წლების წინ წარმოუდგენელი იყო. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, უფრო მეტად, რომ შევძლოთ დამოუკიდებლად ცხოვრება. ნებისმიერი მშობლისთვის შეიძლება ძნელად წარმოსადგენი იყოს, მარტო რაღაცეების გამკლავება, როცა ასე ხარ.

რა თქმა უნდა, დედაც და მამაც დამეხმარება ყოველთვის, მაგრამ ისინი სამუდამოდ ვერ იცოცხლებენ, ეს ხომ რეალობაა და რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება ჩემი დახმარება მათ დაჭირდეთ. დარწმუნებული, რომ ყველა დაგვეხმარება, მათი ახლობლებიც და ჩემიც, მაგრამ ყველა, ყოველთვის ვერ გეყოლება.. ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, ვისწავლოთ დამოუკიდებლობა. ორივე ვაცნობიერებთ, რომ რთული გამოწვევაა, მაგრამ ვფიქრობ სიყვარულს რაღაც ძალა აქვს, რაც ბევრ პრობლემას გადაგვაჭრევინებს.