საქართველოში უკვე 8 თვეა გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ისიც უცნობია, 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კრიზისს შედარებით განმუხტავს თუ კიდევ უფრო გააღრმავებს. ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდება: ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი მხარეებს შორის ურთიერთკონსენსუსია. თუმცა არის კი დღეს ამის სივრცე?! ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კონსენსუსის შესაძლებლობას სკეპტიკურად აფასებს, რადგან, მისი თქმით, მმართველი გუნდი კომპარტიის მეთოდებით მოქმედებს.
დავით ზურაბიშვილი:
- "ქართული ოცნება" უკვე ძალიან დაემსგავსა სსრკ-ს კომუნისტურ პარტიას. დღეს ყველა ოპოზიციური პარტია, ფაქტობრივად, გამოცხადებულია ქვეყნის მტრად და უცხო ქვეყნის აგენტად. ხელისუფლების ცვლილება არც კი განიხილება - თითქოს უკვე დანაშაულად ითვლება, თუ ვინმე "ქართული ოცნების" გარდა სხვა პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს ან უბრალოდ სხვაგვარად ფიქრობს. ზუსტად ასე მოქმედებდნენ კომუნისტებიც...
მივიღეთ ახალი თაობის "კომკავშირელები". კომუნისტების დროს ასეთებს "კამსამოლებს" უწოდებდნენ - იმ აქტივისტებს, რომელთათვისაც მთავარი იყო კარიერა და პარტიულ იერარქიაში დაწინაურება. მათ სულ არ აინტერესებდათ მეგობრობა, ადამიანური ურთიერთობები, საზოგადოების რეალური წუხილი და პრობლემები. მთავარია "ზემოდან" ინსტრუქცია მიეღოთ, რა უნდა ელაპარაკათ. ეს ინსტრუქცია რა აბსურდულიც უნდა ყოფილიყო, მისი თავგამოდებული აგიტატორები ხდებოდნენ და ვინც უფრო მაგრად დაემუქრებოდა ან გალანძღავდა "ხალხის მტრებს" თუ "დამპალ კაპიტალისტურ ქვეყნებს", დაწინაურების უფრო მეტი შანსი ჰქონდა.
რამეს ხომ არ გახსენებთ?! დიახ, კომპარტიის აჩრდილი დადის ქვეყანაში თავისი "ახალი" "კომკავშირელებით".
დღევანდელი მმართველი გუნდი პოლიტიკური სისტემა ხელს უწყობს იმ ადამიანების დაწინაურებას, რომლებიც იდეოლოგიის გამო კი არა, მხოლოდ ფინანსური ან თანამდებობრივი სარგებლის გამო ირჯებიან.
- თუმცა ალბათ, ისიც ფაქტია, რომ "ოცნებას" ჰყავს გულწრფელი მხარდამჭერები...
- ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, გაურკვევლობა აშინებთ და ამიტომ ურჩევნიათ სტატუს კვოს შენარჩუნება. სამწუხაროდ, დღეს გამოკვეთილი არ არის "ქართული ოცნების" საპირწონე პოლიტიკური ძალა. ვთქვათ, "ქართული ოცნება" დაიშალა და ბიძინა ივანიშვილი გაიქცა, მერე რა ხდება? აი, ამ კითხვაზე პასუხი დღეს არავის აქვს. როდესაც ერთ მხარეს ცუდი ხელისუფლებაა, მეორე მხარეს კი გაურკვევლობა, ადამიანების უდიდეს ნაწილს მაინც სტატუს კვოს შენარჩუნება ურჩევნია.
დღეს გამოკვეთილი რომ ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხი ენდობა და რომლისაც სჯერა, მერწმუნეთ სულ სხვა ვითარება იქნებოდა. იმის გამო, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია "ქართული ოცნების" ალტერნატივა არ ჩანს, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი.
- ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ პროტესტი მინავლებისკენ მიდის?
- არა მგონია. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ისეთი პროცესები განვითარდა, რომ ეს აუცილებლად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. ძალიან ბევრისთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს თავად მმართველ გუნდში დაწყებული ანგარიშსწორება. ნახეთ რა ხდება ბაჩიაშვილის საქმეზე. ვინ დაიჯერებს, რომ მის საკანში მომხდარი ამბავი პატიმრებს შორის შემთხვევითი დაპირისპირება იყო. მსგავსი ამბავი ევროპის რომელიმე ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ციხის დირექტორიც დაჭერილი იქნებოდა და ზედამხედველებიც. ამათ არც კი მოუხსნიათ ვინმე. დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" გავრცელებული ვერსიის ამ პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ. არამარტო არ სჯერათ, დარწმუნებული ვარ, არც მოსწონთ, რამდენიმე არაადეკვატურის გარდა. არ შეიძლება ნორმალური ადამიანს, რომელსაც ოჯახი, შვილები და მეგობრები ჰყავს, ეს მოსწონდეს. ფაქტია, რომ ეს ამბავი არც პოლიტიკური და არც ადამიანური თვალსაზრისით არ მუშაობს "ოცნების" სასარგებლოდ, სამართლებრივი კუთხით კი ეს მაფიოზური ანგარიშსწორება და ბანდიტიზმია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, "ქართული ოცნება" უკვე ძალიან მარტივად ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან". ამ დრომდე, ადამიანს ციხის არ ეშინოდა, ახლა უკვე ეს შიშის ფაქტორიც გაჩნდა. ყველამ დაინახა, რომ შეიძლება არაფრის გამო დაგიჭირონ და მერე გცემონ კიდეც.
- ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის. ეთანხმებით?
- ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში მძიმე კრიზისში შევალთ, მაგრამ არა მგონია "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ შეძლოს ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება. ამისთვის ძალზე არახელსაყრელი საერთაშორისო სიტუაციაა. რეგიონში რუსეთის პოზიციები სუსტდება, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავალი ამერიკა ხდება. ასეთ ვითარებაში, უნდა თუ არა, "ქართული ოცნება" საერთაშორისო დღის წესრიგისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. თუ მაინც გაჯიუტდებიან, ყველა მხრიდან სანქციებს დაუწესებენ და პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცევიან. ეს კი ხელისუფლებას მაინც გადაიყოლებს. მყარ ავტორიტარულ რეჟიმს გაცილებით მეტი ფული სჭირდება, ვიდრე დემოკრატიას. შესაბამისად, ავტორიტარიზმის დამყარებას არ ველი, მაგრამ შესაძლოა, შემდეგი 2-3 წელი საკმაოდ მძიმე იყოს.