ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი კვლავაც რეანიმაციაში რჩება, როგორც მისი და თაკო ჩარკვიანი გვეუბნება, სიტუაცია გაუარესების გარეშე სტაბილურად მძიმეა. დიაგნოზი არის სეფსისი და მისგან გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა.
თაკო ჩარკვიანი:
- ეს პრობლემა 15 წლის წინ ერთ-ერთ კლინიკაში დაიწყო, როდესაც ფეხზე ოპერაცია გაკეთდა. ოპერაცია ძალიან კარგმა ქირურგმა გაუკეთა, მაგრამ ელიზაროვის აპარატის დადგმის დროს მოხდა მისი დაინფიცირება. მამუკასთან ერთად იქ 15 წლის ბავშვიც იმავე ბაქტერიით დაინფიცირდა, პროცესი მასთანაც მძიმედ წავიდა, მაგრამ ახალგაზრდა ორგანიზმმა პრობლემა დაძლია. მამუკას შემთხვევაში ავსტრიაში 4 უმძიმესი ოპერაცია ჩატარდა. ავსტრიელ სპეციალისტთან ერთად ოპერაციებს ქართველი ოპერატორიც ესწრებოდა. იმ ბაქტერიისგან, როგორც შეიძლებოდა, გაასუფთავეს ორგანიზმი, მაგრამ მისგან თავის დახსნა ასე მარტივი არ არის.
ის ჭრილობაში ახლა მაინც მძვინვარებს და ამის გამო ყველაფერს უჭირს შეხორცება, ყველაფერი რთულდება. მამუკა ამ პრობლემის გამო თავიდან ეტლში ჩაჯდა, მერე ჩავარდა, ვირუსიც შეხვდა და პნევმონია დაემართა. ამან მისი მეტად დასუსტება გამოიწვია. ლოგინად ჩავარდნამ კი პრაქტიკულად ყველანაირად გაართულა მდგომარეობა. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ექიმებს, რომლებიც ამჯერად ყველაფერს აკეთებენ, კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდი ენერგიას არ ზოგავს. ძალიან მაგრები არიან. ქირურგები და ყველანი - ფანტასტიკური გუნდი აბსოლუტურად მობილიზებულია.
- როგორია თავად მამუკას განწყობა?
- მაღალი ტემპერატურის დროს არავისთან კონტაქტობს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ტემპერატურა იკლებს. 2 დღის წინ როდესაც სიცხე არ იყო მაღალი, ვეხუმრე და მანაც ხუმრობით დამიბრუნა პასუხი. ტემპერატურა განუწყვეტლივ თამაშობს, ეს სეფსის ახასიათებს. ტემპერატურა როდესაც დიდხანს გრძელდება, ორგანიზმი წვალობს.
- როგორია ექიმების პროგნოზი?
- როგორც ვთქვი, ყველაფერს აკეთებენ. რთულია ზუსტი პროგნოზი მოსთხოვო, ფაქტი ისაა, რომ ამ გუნდზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. მამუკას კითხულობს ყველა - იმ დღეს მერაბ სეფაშვილმა მოიკითხა, დათო არჩვაძემ, მერაბ ვარდოსანიძემ, - ყველა რეკავს, მათ შორის, უცხო ხალხი, ყველას უყვარს. სითბოს, სიყვარულს და დადებით ენერგიას უგზავნიან. სხვათა შორის, დედაჩემიც იმავე კლინიკაში მიწევს. იმ დღეებში გულის პრობლემით შევიყვანე. მერე ვამბობდი, რომ ამათ რაღაცნაირი ბმა აქვთ-მეთქი, თუმცა ასეც ვერ ვიტყვი, მამასთანაც საოცარი ბმა ჰქონდა, რადგან ამის გარეშე არ დაიწერებოდა ის ყველა სიმღერა, რომელიც ჯანსუღის ლექსებზეა შექმნილი. რაღაც ტანდემი ჰქონდათ...
- მამუკას და დედათქვენს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.