თუ რეგიონში შექმნილ ვითარებას გადავხედავთ, ბოლო დროის მოვლენების გათვალისწინებით, ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთიც რუსეთთან დაპირისპირებას არ ერიდებიან... მოგეხსენებათ, როგორ გამწვავდა ოფიციალურ ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ეკატერინბურგში ეთნიკური აზერბაიჯანელების დაღუპვის გამო, ხოლო ფაშინიანი ლამის საჯაროდ აცხადებს, რომ რუსეთიდან მართული გადატრიალება აღკვეთა, რომლის ავანგარდშიც სასულიერო პირები იყვნენ. გარდა ამისა, 10 ივლისს აბუ-დაბიში პირისპირ, რუსეთის შუამავლობის გარეშე გამართეს შეხვედრა ალიევმა და ფაშინიანმა. ორივე ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებებში აღნიშნული იყო, რომ მხარეები ორმხრივ რეჟიმში ფიქრობენ მოლაპარაკებების გაგრძელებას... ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ლამის ისე იქცევიან, რომ ომი უნდათ... ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო უცნაურად ჩანს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა - მოგეხსენებათ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს. როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკის გადახედვისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცეს, თუ ვითარება არ შეიცვალა, საქართველოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება ემუქრება. რეგიონში არსებულ ვითარებაზე ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი საუბრობს:
- ბოლო მოვლენებმა ძალიან ნათლად გვაჩვენა, რომ კავკასიაში ისტორიული ტექტონიკური ცვლილებებია. აზერბაიჯანმა ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა საკუთარი ძლიერი მხარეები - მან მოახერხა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ახლა კი ძალიან სწორად იყენებს დაგროვილ დიპლომატიურ კაპიტალს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩაეხსნას რუსეთს და შეამციროს რუსული გავლენები აზერბაიჯანში. ჩვენ ვნახეთ ბაქოში "რუსული სახლის" დახურვის გადაწყვეტილება, ასევე "სპუტნიკის" დე ფაქტო აკრძალვა, მისი თანამშრომლების დაკავება და ჯაშუშებად გამოცხადება და ა.შ.
იგივე პროცესი მიდის სომხეთში. სომხები გულაცრუებული არიან რუსეთზე, რადგან მან არ დაიცვა ეს ქვეყანა აზერბაიჯანთან ომისას, უფრო მეტიც, როგორც ერევანში, ისე ბაქოში აშკარა ხდება რუსეთის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკა კავკასიაში, რომლის ამოსავალიც იყო "დაშალე და იბატონე". ამის მიზანი იყო კავკასიურ ერებში კონფლიქტების გაღვივება, რათა შემდგომ რუსეთი ყოფილიყო ფსევდომშვიდობისმყოფელი.
ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი... მოკლედ, ბაქოსა და ერევანში რუსული გავლენები მცირდება და ჩვენდა სამწუხაროდ, კრემლის ერთადერთ საყრდენად კავკასიაში რჩება თბილისი. ეს არის სრულიად არანორმალური მდგომარეობა როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი მეზობლებისთვის - რაც უფრო მეტად დაშორდებიან ბაქო და ერევანი მოსკოვს, მით უფრო მეტი იქნება რუსეთის მცდელობა გაზარდოს მთელ კავკასიაზე და განსაკუთრებით საქართველოზე წნეხი.
ამ კონტექსტში "ქართულმა ოცნებამ" აირჩია გზა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი მეზობლების გზას და იწვევს მათ გაოცებას.
ჯერჯერობით სომხეთი კავკასიურ სახელმწიფოებს შორის მაინც ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, მის ტერიტორიაზე, კერძოდ, გიუმრიში ჯერ კიდევ არსებობს რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემაა საქართველოსთვისაც, ამასთანავე, სომხეთს ჯერ კიდევ ჩაკეტილი აქვს საზღვრები როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან, ხოლო ირანში ბოლო ხანს განვითარებული პროცესების გამო, სერიოზული პრობლემები შეიქმნა სომხეთისთვისაც. მისთვის ერთადერთი საკომუნიკაციო ფანჯარა მსოფლიოსთან ჯერჯერობით არის საქართველო.
აბუ-დაბიში გაიმართა ალიევის და ფაშინიანი შეხვედრა, ისინი საკმაოდ ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან, არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ არაფერი ისეთი, რისი გადალახვაც მხარეებს მოლაპარაკებით არ შეუძლიათ. გამოცემა Middle East Eye-ს თანახმად, აშშ-მა სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით შესთავაზა, რომ ზანგეზურის დერეფანი ამერიკამ მართოს, როგორც ნეიტრალურმა მესამე მხარემ.
როდესაც აშშ-ს შუამავლობით ეს მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, ჩვენ მივიღებთ საქართველოს სამხრეთით ახალ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, სრულიად ახალ, რეალობას კავკასიაში, როდესაც მოხდება სომხეთ-აზერბაიჯანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრების განბლოკვა, შედეგად კი შეიქმნება ახალი დერეფანი, რაც კონკურენციას გაუწევს საქართველოზე გამავალ დერეფანს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უნიკალური სატრანზიტო ფუნქცია, რაც აქამდე გვქონდა, უბრალოდ, აღარ იარსებებს იმ სახით, რაც მანამდე იყო. ამ ვითარებაში ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტი, თუმცა მისი აშენების საკითხი კვლავ ჰაერშია გამოკიდული.“ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირად გააჯანჯლა ამ პორტის მშენებლობის საკითხი. ახლაც საბოლოოდ კონტრაქტი ჯერ არ არის ხელმოწერილი და არ ვიცით, რა ბედი ეწევა ამ პროექტს. უსაფრთხოების ბალიში საქართველოსთვის გახლდათ, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური კუთხით, ევროკავშირთან დაჩქარებული ინტეგრაცია, რაც ასევე გაჩერებულია... და კაცმა არ იცის, რა ელის. ასე რომ, როგორ აპირებენ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან, იზოლაციიდან, რომელშიც თვითონ ჩააგდეს ქვეყანა? ეს არის მთავარი შეკითხვა...