ავტორი:

პაციენტებისთვის ევროპელ ექიმებთან ონლაინ კონსულტაცია  გახდა ხელმისაწვდომი - რა უნდა იცოდეთ  სერვისის შესახებ?

პაციენტებისთვის ევროპელ ექიმებთან ონლაინ კონსულტაცია  გახდა ხელმისაწვდომი - რა უნდა იცოდეთ  სერვისის შესახებ?

საქართველოში პაციენტებისთვის ევროპულ მედიცინაზე ხელმისაწვდომობა იზრდება და ეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევითაა უკვე შესაძლებელი. დაზღვეულებისთვის ევროპის 29 ქვეყნის სხვადასხვა მიმართულების ექიმთან დისტანციური კონსულტაციის გავლა გახდა შესაძლებელი.

მათთვის, ვინც 15 ივლისს დაიწყებს ან განაახლებს ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობას, საშუალება ექნება ნებისმიერი საეჭვო ან დადასტურებული დიაგნოზი ევროპელ ექიმებთან გადაამოწმოს და მათთან კონსულტაცია გაიაროს. ინოვაციური სერვისი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ხელშეწყობით დაინერგა და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მომსახურების სისტემებში საერთაშორისო მედიცინის პლატფორმა Diagnose.me-ს ინტეგრირებას გულისხმობს.

Diagnose.me არის პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით ათას პაციენტს აძლევს საშუალებას, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისი მიიღოს. საქართველოში ის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ხელშეწყობით დაინერგა.

Diagnose.me სლოვაკური კომპანიაა და 13 წლის წინ კომპანიის CEO-მ ლუკას ილნერმა დააფუძნა. მის უკან დგას პირადი ისტორია, რომელმაც გადააწყვეტინა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა ყველასთვის. ლუკასი იხსენებს, რომ 27 წლის წინ, ვაჟის შეძენის შემდეგ სლოვაკმა ექიმებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი შესაძლო გართულებების შესახებ გააფრთხილეს და გადრაჩენის 0.1% უწინასწარმეტყველეს. ეს ამბავი მისთვის შოკისმომგვრელი იყო. მალევე დაიწყო გზების ძიება, გადაემოწმებინა დიაგნოზი და მიეწოდებინა შვილისთვის საუკეთესო სამედიცინო დახმარება. კლინიკის მკურნალმა ექიმებმა ინტერნეტით მოძებნეს ბრიტანელი სპეციალისტი, რომელიც ზუსტად იმ დაავადების ექსპერტი იყო, რაც ბავშვს აწუხებდა. სწორედ ასე გახდა შესაძლებელი მისი ვაჟის გადარჩენა. დღეს ლუკასის შვილი უკვე ზრდასრულია, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს და როგორც მამამ პრეზენტაციაზე საკუთარი ისტორიის გაზიარებისას აღნიშნა, „ყველა ფოტოდან ღიმილიანი სახით შემოგვყურებს აუცილებლად ლუდის ჭიქით ხელში“.

საკუთარი გამოცდილება ლუკას ილნერისთვის შთამაგონებელი იყო და ეს გახდა მისთვის ინსპირაცია, რომ შეექმნა პლატფორმა Diagnose.me, რომელიც ყველას მისცემდა შესაძლებლებლობას, მაღალი ხარისხის საერთაშორისო მედიცინაზე ჰქონოდა წვდომა: „ყველას არ აქვს საშუალება, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს რომელიმე ქვეყანაში მკურნალობის მისაღებად. ჩემი მიზანი იყო, საუკეთესო სამედიცინო დახმარება ყველასთვის გამხდარიყო შესაძლებელი ენობრივი ან გეოგრაფიული ბარიერების გარეშე. დღეს diagnose.me ათასობით პაციენტი სარგებლობს ამ მომსახურებით.“

დღეს Diagnose.me 80-მდე დაავადების დიაგნოზის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმა საუკეთესო ექიმებს აერთიანებს, რაც პაციენტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გაუზიარონ მათ თავიანთი სიმპტომები, უკვე ჩატარებული კვლევები და რამდენიმე დღეში მიიღონ ამომწურავი დასკვნა - დადასტურებული ან შეცვლილი დიაგნოზი, ან მკურნალობის გეგმა. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, ისე სხვა საეჭვო ან დადასტურებული დიაგნოზების დროს. კომუნიკაცია წარმოებს პაციენტისთვის სასურველ ენაზე (ქართული ან ინგლისური) მათ შორის, უზრუნველყოფილია სამედიცინო დოკუმენტების თარგმნაც.

პრეზენტაციაზე Diagnose.me-ის CEO-მ ლუკას ილნერმა დეტალურად ისაუბრა პლატფორმის მიზნებზე და საქართველოში მისი დანერგვის მნიშვნელობაზე:

Diagnose.me-ს მთავარი მისიაა, რომ ადამიანებმა საცხოვრებელი ადგილის და ფინანსების მიუხედავად, შეძლონ და მიიღონ მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო ექსპერტების მომსახურება, ზუსტად გაიგონ საკუთარი დიაგნოზი და მართონ საჯუთარი ჯანმრთელობა ნაკლები დანახარჯებით. უკვე 13 წელია ამ პლატფორმის გამოყენებით წარმატებით ვეხმარებით პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რათა მიიღონ სწორი დიაგნოზი. ჩვენი სერვისის მთავარი უპირატესობა პირველ რიგში ჩვენი გუნდია - Dignose.me-ს ექიმები თავისი დარგის საუკეთესო ექსპერტები არიან, აქვთ დიდი გამოცდილება და პრაქტიკასთან ერთად მუდმივად აქვეყნებენ ნაშრომებს თავიანთი სპეციალიზაცით, სიახლეებსა და თანამედროვე მიგნებებს მკურნალობაში. ჩვენი სტატისტიკით შემთხვევათა 32%-ში ჩვენმა ექიმებმა შეცვალეს უკვე დასმული დიაგნოზი ან მოახერხეს დასკვნის დადება იმ პაციენტებისთვის, ვისაც საკუთარ ქვეყანაში ვერ უსვამდნენ დიაგნოზს, 35%-ში დაზუსტდა ან შესწორდა ექიმის პირველადი დასკვნა, 16%-ში კი - ადამიანებს თავიდან აარიდეს არასაჭირო და დამაზიანებელი მკურნალობა. აღსანიშნავია რომ Diagnose.me თანამშრომლობს კონკრეტულ სპეციალისტებთან და არა კლინიკებთან, ამიტომ ექიმის მხრიდან ფინანსური დაინტერესება გამორციხულია. თუ პაციენტს არ სჭირდება ძვირადღირებული ჩარევა ან კვლევა, ჩვენი ექიმი არცერთ შემთხვევაში არ სთხოვს ამას. გვიხარია, რომ „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ხელშეწყობით „ჯიპიაის“ პარტნიორები გავხდით და საშუალება მოგვეცა, საქართველოს მოსახლეობისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი სერვისი. ვფიქრობ, ევროპელ ექიმებზე და იქაურ სამედიცინო ეკოსისტემაზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება ქართველი პაციენტებისთვის“, - აღნიშნა მან.

პლატფორმის დანერგვისა და უცხოელ ექიმებთან კონსულტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორის მოადგილემ თინათინ კობერიძემ:

„საზღვარგარეთ მკურნალობის მოდულის ინტეგრირება ჯანმრთელობის დაზღვევაში „ჯიპიაისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვიხარია, რომ ამ პროცესში „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ გვიმაგრებს ზურგს და საშუალებას გვაძლევს, ჩვენი დაზღვეულებისთვის ევროპული მედიცინა გავხადოთ ხელმისაწვდომი. ამის საჭიროება კარგად დაგვანახა რამდენიმე წლის წინ ჩვენ მიერ დანერგილმა საერთაშორისო კონსილიუმის სერვისმა, რომელიც სერიოზულ ონკოლოგიურ დაავადებებზე მეორე სამედიცინო აზრის მოძიებას გულისხმობს. ამჯერად, Diagnose.me-სთან ერთად ჩვენს დაზღვეულებს 80-მდე ტიპის დაავადების დიაგნოზის ან საეჭვო სიმპტომების გადამოწმება შეუძლიათ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ადამიანებმა მიიღონ ევროპული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება და არ დახარჯონ დრო და ფინანსები საეჭვო დიაგნოზის კვლევაში. მეორე აზრის მოძიება დამკვიდრებული პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით თუ საქმე სერიოზულ ან გაურკვეველ დიაგნოზსა თუ ჩივილებს ეხება. დარწმუნებული ვარ, ეს ქართველ ექიმებსაც დაეხმარება, ევროპელი კოლეგების ჩართულობით უკეთ მართონ პაციენტები“, - განმარტა მან.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების მენეჯერის თამთა ყიფიანის თქმით, პაციენტებისთვის ევროპულ სამედიცინო დაწესებულებებზე დისტანციური წვდომის მიცემა უმნიშვნელოვანესია:

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ მხარდაჭერით გავხდით საერთაშორისო პლატფორმა Diagnose.me-ის პარტნიორები, რაც ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევის მფლობელებს ევროპულ სამედიცინო სისტემაზე უხსნის წვდომას. ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით და Diagnose.me-ის დახმარებით ჩვენი დაზღვეულები კონსულტაციებს გაივლიან ევროპის წამყვანი სამედიცინო ექსპერტებისგან, მათ მოემსახურებათ 100-ზე მეტი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, რაც საშუალებას მისცემთ, გადაამოწმონ ნებისმიერი საეჭვო თუ დადასტურებული დიაგნოზი ან თუ რაიმე სიმპტომები აწუხებთ, მათგან მიიღებენ მკურნალობის გეგმას, როგორ უნდა გააგრძელონ პროცესის მართვა. ეს სერვისი პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, თავიდან აირიდონ ზედმეტი დანახარჯები, მიიღონ სწორი დიაგნოზები და სწორად მართონ თავიანთი ჯანმრთელობა.“, - აღნიშნა თამთა ყიფიანმა.

დაზღვეულს Diagnose.me-ის სერვისით სარგებლობა წელიწადში 3-ჯერ შეუძლია. ექიმთან დაკავშირების პროცესი მარტივია, მომხმარებელი „ჯიპიაის“ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ნომრით უნდა დარეგისტრირდეს ქართულ პლატფორმაზე Diagnose.me, რომელიც სპეციალურად „ჯიპიაის“ დაზღვეულებისთვის შეიქმნა.

უფრო დეტალურად, პაციენტს საშუალება აქვს, პროცესი პირადი კაბინეტის დახმარებით შემდეგნაირად მართოს:

  • თავდაპირველად იგზავნება საეჭვო დიაგნოზი, კვლევების პასუხები და სიმპტომების ჩამონათვალი მომხმარებლის მიერ შერჩეულ ექიმთან ან პლატფორმა თავადაც სთავაზობს მომხმარებელს შესაბამის სპეციალისტს, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე;
  • სამედიცინო დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ 10 დღის ვადაში მომხმარებელი იღებს ექიმი სპეციალისტის მიერ მომზადებულ დასკვნას;
  • დასკვნის შემდეგ, შესაძლებელია დამატებით კითხვებით მიმართვა და კონსულტაცია იმ სპეციალისტთან, რომელმაც დასკვნა მოამზადა;
  • განაცხადის შევსების პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე, მომხმარებელს ეხმარება მხარდაჭერის სპეციალისტი ონლაინ მიმოწერის ან ზარის საშუალებით (მომხმარებლის მიერ შერჩეულ ენაზე).

სამედიცინო დოკუმენტების შესაბამის ენაზე თარგმნას და შემდგომ უკვე დასკვნის ქართულად თარგმნას DIAGNOSE.ME თავად უზრუნველყოფს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კი „ჯიპიაის“ დაზღვეულებს ქართულენოვანი მხარდაჭერის სპეციალისტები ემსახურებიან და უმარტივებენ კონსულტაციის პროცესს. „ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის მიმართულება მათთვის პრიორიტეტულია და არაერთ სიახლეს შესთავაზებს დაზღვეულებს.

R