ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც მოთხოვნილია, რომ კომისიას მიეწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შედეგად, კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია. მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.
შესაბამისად, მას შემდეგ თორმეტმა წევრმა სახელმწიფომ დააწესა ვიზის მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელისთვის. ამას ნაბიჯს წევრი სახელმწიფოებიც მიჰყვებიან.
მსურს, გთხოვოთ, მიაწოდოთ კომისიას ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ და თუ ეს უკვე არ გაკეთებულა, მიიღოთ შესაბამისი ზომები კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად. მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს და მიიღებს საჭირო ზომებს კომისიის რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგი ანგარიშის კონტექსტში“, - აღნიშნულია წერილში.
წერილში განმარტებულია, რომ ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები სავიზო რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება.
"ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში თქვენი თანამშრომლობის იმედი მაქვს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოსთან ძლიერი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების მიმართ“, - აღნიშნულია წერილში.
წერილის ადრესატები ასევე არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.