ზაფხული პიკშია და გაუსაძლისი სიცხეც საგრძნობლად გვაწუხებს. ასეთ დროს როგორ უნდა დავაბალანსოთ ჩვენს ორგანიზმში სითხე; რა რაოდენობით უნდა მივიღოთ წყალი, დასაშვებია თუ არა გაუსაძლის სიცხეში მაცივარში გაცივებული წყლის დალევა ან რატომ უნდა მივიღოთ ცხელი ჩაი, მაშინ, როდესაც გარეთ ძალიან მაღალი ტემპერატურაა.
ამ ყველაფერზე ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება.
- წყალი რომ ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ორგანიზმი რომ დაახლოებით 60-70% წყლისგან შედგება, ამ საკითხის განხილვას არ დავიწყებ, რადგან მკითხველმა ამის შესახებ კარგად იცის... წყლის მიღება სეზონების მიხედვით განსხვავდება. ტემპერატურულ სხვაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
წყლის მიღებასთან დაკავშირებით ზაფხულის პერიოდი სხვა სეზონებისგან განსხვავებით, ყველაზე აქტუალურია. რაოდენობრივად ზაფხულში მეტი წყალი უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ორგანიზმში დეჰიდრადაცია (გაუწყლოება) არ მოხდეს.
- დღის განმავლობაში რამდენი ჭიქა წყალია დასაშვები?
- ბევრმა კარგად იცის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ფორმულა - ჩვენი კილოგრამები უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე, ანუ 0 მთელ 33 მეათასედზე. მიღებული ციფრი ის აუცილებელი დღიური ნორმაა, რაც უნდა მივიღოთ. თუმცა ზაფხულის სეზონზე ეს ციფრი ცვალებადია და ამას დაახლოებით 500 მილილიტრი იმის გამო უნდა დავუმატოთ, რომ ორგანიზმში მეტაბოლიზმი ადეკვატურად წარიმართოს და წყლის დეფიციტი არ განვითარდეს. წყლის დეფიციტი ორგანიზმში ბევრ ჩივილს იწვევს - თავის ტკივილს, გუნება-განწყობის ცვალებადობას, სისუსტეს, უღონობას, თმისა და კანის სტრუქტურის ცვლილებას, მით უმეტეს, თუ რუჯსაც ვეტანებით. ასე რომ, წყლის მიღებას ზაფხულის სეზონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

- შესაძლოა ვიღაცამ თქვას, სად გამოვთვალო ეს ფორმულა და იქნებ ზუსტად მითხრათ, რამდენია ეს დღის ნორმა?
- ეს არის დაახლოებით 2-დან 2 ნახევარ ლიტრამდე, რაც 10-12 ჭიქას უდრის. როცა ასეთი მაღალი ტემპერატურაა, ამ რაოდენობის წყლის მიღება არც უნდა გაჭირდეს.
- ზამთარში რა რაოდენობაა მისაღები?
- ზამთარში დაახლოებით 2 ლიტრი, ან თუ ფორმულით გამოვთვლით, მაშინ ის რაოდენობა, რასაც გამოთვლისას მივიღებთ. ზამთარში რადგან სიცივეა, ოფლის გამოყოფა დიდი რაოდენობით არ ხდება, შესაბამისად ორგანიზმს არც წყლის რაოდენობის იმ დღიური ნორმის გზარდა ესაჭიროება, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა მოწოდებული.
თუ ამ ორ სეზონს შორის მისაღები წყლის რაოდენობა განსხვავდება, არ განსხვავდება მათი ტემპერატურული ცვლილება. როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში წყალი, რომელსაც მივიღებთ, ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ისევე როგორც დასაშვებია ზამთარში, ასევეა ზაფხულში იმისათვის, რომ წყალი ორგანიზმის ტემპერატურას გაუთანაბრდეს.
სასურველია ცხელი წყლის ჩაის სახით მიღება. ამით ზამთარი და ზაფხული ერთმანეთისგან არ განსხვავდება. თუ მაგალითად, ორგანიზმს ზამთარში ცხელი ჩაით იმისთვის ვეხმარებით, რომ დიდი ენერგია არ დახარჯოს სიცივესთან გამკლავებისას, ზაფხულში ცხელი ჩაით გარე და შიდა ტემპერატურას ვათანაბრებთ. ორგანიზმმა სიცხესთან ბრძოლაში დიდი ენერგია რომ არ დახარჯოს და ის ჩივილები არ გამოიწვიოს, რაც წყლის დეფიციტთან მიმართებაში უკვე ჩამოვთალეთ - უენერგიობა, დაღლილობა, გუნება-განწყობის ცვლილება. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი სიცხესთან ბრძოლაში ზედმეტ ენერგიას ხარჯავს და ამის გამო ჩვენი შრომისუნარიანობა დაახლოებით 20-30%-ით მცირდება.
- იმ დღეს ქალბატონების საუბარს ყური მოვკარი - თურმე ზაფხულში წყალი არ უნდა მივიღოთო... როგორც ჩანს, მათ რაღაც ჰქონდათ მოსმენილი, ოღონდ, ვფიქრობ, არასწორად გაგებული...
- წყალი ცხადია, უნდა მივიღოთ, მაგრამ არა მაცივარში გაციებული. რატომ? იმიტომ, რომ ამით ორგანიზმს ვაგრილებთ და ორგანიზმს იმ მაღალ ტემპერატურასთან, რაც გარეთაა, გამკლავება არ უჭირს.

- ტკბილ გამაგრილებელი გაზიან სასმელზე რა რეკომენდაცია გაქვთ?
- ტკბილ გაზიან სასმელებს ყოველთვის ცივ მდგომარეობაში ვსვამთ, რადგან საგემოვნო თვისებები უფრო კარგი აქვს. გამაგრილებელ სასმელებსაც იმიტომ ვსვამთ, რომ გავგრილდეთ, ხომ? მაგრამ ეს არის წუთების სიამოვნება და სიგრილე. შემდგომში ორგანიზმს ორმაგად უწევს ამ ყველაფრის გადამუშავება. იგივეა, როგორც მაცივრის წყლით გაგრილებასთან მიმართებაში გარე ტემპერატურასთან ბრძოლა. ამას ემატება ნახშირწყლები, ანუ დიდი ოდენობით შაქარი, რაც იმ სასმელებშია, რომელიც ასევე 20-30%-ით ამცირებს ჩვენს შრომისუნარიანობას, ანუ ენერგიას გვაკარგვინებს.
რადგან დღე ზაფხულში ბევრად დიდია, შესაბამისად ბევრად მეტი ენერგია გვჭირდება. ამიტომ ტკბილ გაზირებულ, გამაგრილებელ სასმელებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. კვირაში ერთხელ შეიძლება თავს უფლება მივცეთ, მაგრამ ეს ყოველდღიურ რეჟიმში არ უნდა მოხდეს.
- რაც შეეხება ლუდს?
- ლუდი დაბალი ალკოჰოლის შემცველობით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ალკოჰოლის შემცველია. ზაფხულში მასაც იყენებენ, როგორც ერთგვარ გამაგრილებელ საშუალებას. ის ასევე არის ოფლმდენი საშუალებაც. ამ ოფლის გამოყოფასაც დამცველობითი ფუნქცია აქვს. როდესაც ოფლის ნამი კანს ედება, მეტად გრილია, ტემპერატურა უფრო ნარჩუნდება, ვიდრე გამომშრალი კანის პირობებში. ამიტომაც კანის დატენიანება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გამო რეკომენდაციას ლუდს კი არ ვუწევ. სასურველი სუფთა წყლის იმ რაოდენობის მიღებაა, რომ კანი დატენიანებული იყოს.
ლუდი გარდა ალკოჰოლისა, ასევე შეიცავს ნახშირწყლებს, ვიცით, რომ ის სვიისგან, ჭვავისგან, ქერისგან მზადდება, რომლებიც ნახშირწყლების მარაგის შემცველობით გამოირჩევიან. გარკვეულ რაოდენობის ლუდზე ადამიანი მოთენთილობას გრძნობს. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმმა გარკვეული რესურსი ამოწურა და მას დასვენება სჭირდება. ამიტომ მსგავსი ტიპის სასმელები რეკომენდებული არ არის.

რეკომენდებულია სუფთა წყალი იმისთვის, რომ შევავსოთ ორგანიზმი და ცხელი ჩაი სიცხეში, რომ შინაგანი და გარე ტემპერატურა გათანაბრდეს. ვეღარ შევიგრძნოთ ის მაღალი ტემპერატურა, რომელიც გარეთ არსებობს. ეს ძალიან გამოცდილი პრაქტიკაა აზიის ქვეყნებში. ზაფხულშიც კი ცხელ ჩაის მიირთმევენ სწორედ იმიტომ, რომ მეტი სიგრილე შეიგრძნონ.
- ზაფხულში ცხელი ჩაი ხომ ოფლმდენი საშუალებაა?
- კი, იმიტომ, რომ დიდი ოდენობით კოფეინს შეიცავს. როდესაც მეტაბოლიზმი კარგად და აქტიურად მუშაობს, მას აქვს თავის ნარჩენი, ეს შეიძლება იყოს ოფლის სახით და სწორედ ის ოფლის ცვარია, რაც ჩაის დალევისას კანს ედება. ეს ორგანიზმს სიგრილეს მატებს.
- ე.ი. მივირთვათ ცხელი ჩაი და ოთახის ტემპერატურის წყალი, ხომ?
- ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, ხანგრძლივი ბრძოლა მაღალ ტემპერატურასთან. თუ სწრაფად გვინდა შევიგრძნოთ სიგრილე, რა თქმა უნდა, ერთჯერადად შეიძლება გამოყენებული იყოს ცივი წყალი და არა მთელი დღის განმავლობაში.

- ზაფხულში ცივ სასმელებს შორის ცივი ყავაც ძალიან მიღებულია...
- ცივ სასმელებზე უკვე ვისაუბრეთ და ამიტომ იმავეს გავიმეორებ, ეს არ არის რეკომენდებული. ახლა ყავა რატომ არ არის დიდი რაოდენობით რეკომენდებული და მით უმეტეს ზაფხულში? მას აქვს შარდმდენი ეფექტი. შესაბამისად მაშინ, როდესაც გარე ტემპერატურა მაღალია და დიდი რაოდენობით წყალი უნდა მოვიღოთ და კიდევ ზედმეტად ორგანიზმიდან ყავის მეშვეობით სითხე გამოვდევნოთ, ეს რეკომენდებული არ არის. ამან შეიძლება უფრო სწრაფად მიგვიყვანოს კანის გამოშრობამდე. რაც თავის მხრივ მოქმედებს თმის, ფრჩხილების სტრუქტურაზე, გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის სისტემების გამართულ მუშაობაზე, მთელ მეტაბოლიზმზე. ამიტომაც ყოველდღიურ რეჟიმში ეს უნდა გამოირიცხოს.
მაგალითად, მყავს ისეთი ნაცნობებიც, რომლებიც დღის განმავლობაში 4-5 ფინჯან ცივ ყავას მიირთმევენ, რაც, ვიმეორებ, მით უმეტეს ზაფხულის მაღალი ტემპერატურის პირობებში არ შეიძლება. ყავა შეგვიძლია მივირთვათ 2-3 ჭიქის ოდენობით, ოღონდ, არ უნდა იყოს კონცენტრირებული და არ უნდა იყოს ცივი, რადგან, ვიმეორებ, ეს ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას აჩქარებს.
- გამაგრილებელ საშუალებად ზაფხულში წყალში ურევენ პიტნას, ლიმონს, კიტრს და ასე მიირთმევენ...
- კი, პიტნა, ლიმონი, ჯინჯერი (ვისაც უყვარს), ზოგი საგემოვნო თვისებების მისაღებად კიტრს ჩაჭრის, ეს გვიადვილებს ბევრად უფრო დიდი ოდენობით წყლის მიღებას, რადგან სუფთა წყლის დალევა შეიძლება არ იყოს მთლად კომფორტული. ზოგს რაღაც შეგრძნებები აქვს, ზოგს ჩვევა არ აქვს ჩამოყალიბებული და ა.შ. ამიტომ საგემოვნო თვისებების მიცემა ამ ბუნებრივი საშუალებებით (ხილით, სხვადასხვა ბოსტნეულით თუ მწვანილით), რა თქმა უნდა, დასაშვებია და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მით უფრო, რომ ზოგიერთი მათგანი მეტაბოლიზმზე კარგად მოქმედებს. ოღონდ, ვიმეორებ, თავად წყალი არ უნდა იყოს მაცივრის.