ავტორი:

"ადამიანები ცხოველებზე საშიშები არიან" - ინდოეთში, ერთ-ერთ გამოქვაბულში რუსი ქალი და ბავშვები იპოვეს: რას წერს მედია იდუმალ ამბავზე

"ადამიანები ცხოველებზე საშიშები არიან" - ინდოეთში, ერთ-ერთ გამოქვაბულში რუსი ქალი და ბავშვები იპოვეს: რას წერს მედია იდუმალ ამბავზე

ინდოეთის პოლიცია რუსი ქალის, ნინა კუტინას ისტორიას იძიებს, რომელიც ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად კარნატაკას შტატში, გოკარნას ტყის გამოქვაბულში იპოვეს.

  • პოვნა და გადარჩენა

9 ივლისს, პოლიციამ პატრულირებისას მიაგნო 40 წლის ნინა კუტინას და მის 5 და 6 წლის ქალიშვილებს, რომლებიც გველებითა და გარეული ცხოველებით სავსე ტყეში, გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. ტერიტორია პოპულარულია ტურისტებში, თუმცა საშიშია გველებისა და მტაცებლების გამო.

პოლიციელებმა გამოქვაბულთან, რომელიც ღია ფერის სარებით იყო დაფარული, გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი შენიშნეს. მიახლოებისას, პატარა ქერა გოგონა გამოვარდა, რის შემდეგაც პოლიცია შიგნით შევიდა და ნინა კუტინა მეორე შვილთან ერთად იპოვა. მათი ნივთები მწირი იყო: ხალიჩები, ტანსაცმელი, ლაფშის შეფუთვები. გამოქვაბულიდან წყალი ჟონავდა.

  • დაკავება და რეპატრიაცია

კუტინას და მის ქალიშვილებს ინდოეთში დასარჩენად საბუთები არ ჰქონდათ. ისინი ბენგალურუში, უცხოელთა დაკავების ცენტრში გადაიყვანეს და მალე სამშობლოში დააბრუნებენ. ქალმა ინდურ საინფორმაციო სააგენტო ANI-ს განუცხადა, რომ ის და ბავშვები ბედნიერები იყვნენ გამოქვაბულში ცხოვრებით და "ბუნება მათ ჯანმრთელობას აძლევს".

პოლიციას დიდი დრო დასჭირდა, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ იქ ცხოვრება საშიში იყო. კუტინას თქმით, ცხოველებზე საშიშები, ადამიანები არიან.

"ცხოველები და გველები ჩვენი მეგობრები არიან. ადამიანები კი - საშიშები", - აღნიშნა ქალმა. მას, შვილებთან ერთად, საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარეს. ექიმების თქმით, დედა და შვილები ჯანმრთელები არიან.

ვინ არის ნინა კუტინა?

ნინა კუტინა რუსეთშია დაბადებული, თუმცა ბოლო 15 წელი იქ არ უცხოვრია. მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის კოსტა რიკაში, მალაიზიაში, ბალიში, ტაილანდში, ნეპალში და უკრაინაში. მას ოთხი შვილი ჰყავს.

უფროსი შვილი, ვაჟი, გასულ წელს გოაში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მეორე ვაჟი, 11 წლის, რუსეთში ცხოვრობს. გოგონების მამა, ისრაელელი ბიზნესმენი დრორ გოლდშტეინი, ამჟამად ინდოეთშია და ცდილობს, ხელი შეუშალოს ქალისა და ქალიშვილების რუსეთში რეპატრიაციას. მისი თქმით, კუტინა გოადან გაფრთხილების გარეშე წავიდა. სწორედ მან შეიტანა განაცხადი პოლიციაში ქალისა და ბავშვების უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ საჩივარი.

გაურკვეველი დეტალები

უცნობია, როგორ და როდის მოხვდნენ კუტინა და მისი ქალიშვილები კარნატაკას ტყეში.

კუტინამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის გამოქვაბულში მედიტაციისა და სულიერი მიზნებისთვის ცხოვრობდა. მან განაცხადა, რომ უბრალოდ მოსწონს ბუნება და მას "დიდი გამოცდილება აქვს ბუნებაში, ჯუნგლებში დარჩენის". მისი თქმით, გამოქვაბული "ძალიან დიდი და ლამაზი" იყო, ახლოს იყო სოფელთან, სადაც შეეძლო საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების ყიდვა. მან ასევე უარყო, რომ ტყეში ცხოვრება მის შვილებს საფრთხის წინაშე აყენებდა.

წყარო