ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტის, რჩეული, მარიამ შარმანაშვილი, AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ წინასაქორწინო სამზადისსა და ცხოვრებისეულ გზაზე საუბრობს. წინასაქორწინო წვეულება სასტუმრო „ტბებზე“ გაიმართა, სადაც მარიამმა უახლოეს მეგობრებს უმასპინძლა.

- მარიამ, გილოცავთ მომავალ ქორწილს! მოგვიყევით, სად აღნიშნეთ წინასაქორწინო წვეულება?
- დიდი მადლობა. წინასაქორწინო წვეულება ნატახტარში, ტბებზე აღვნიშნე.
- ვინ იყვნენ შენი სტუმრები?
- ღონისძიებაზე ჩემი უახლოესი მეგობრები მყავდა.

- ვიცით, რომ ქორწილი 26 ივლისს გაიმართება. მართალია, თუ არა გავრცელებული ინფორმაცია რომ ქალბატონი სოფია ქორწილში ჩამოდის?
- არა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში დაგეგმილ ქორწილს ქალბატონი სოფია არ დაესწრება.

- ჩვენი ინფორმაციით, ორი ქორწილი გექნებათ, ერთი საქართველოში, მეორე საზღვარგარეთ.
- დიახ, სწორად ბრძანეთ, მეორე ქორწილი სექტემბრისკენ იგეგმება ჟენევაში. იქ გვექნება ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრი და მეგობარი დაესწრება, მათ შორის ქალბატონი სოფიაც.

- ესე იგი, საქართველოშიც გექნებათ ხელმოწერის ცერემონია და ოფიციალური უკვე ჟენევაში იქნება?
- დიახ, ზუსტად ასეა! აქაც გვექნება ხელმოწერის ცერემონია, თუმცა ოფიციალური ნაწილი ჟენევაში გვექნება.

- კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამ თქვენ და კარლოს და წარმატებებს გისურვებთ!
- დიდი მადლობა
მარიამი პროფესიით ფარმაცევტია, ზუმბას ინსტრუქტორობა კი ოჯახის დანგრევის შემდეგ გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ ზუმბა სტრესთან გამკლავებაში ძალიან დაეხმარა. მისი წარმატების საიდუმლოდ მადლიერებას მიიჩნევს, ყოველთვის სჯეროდა, რომ იღბლიანი გოგო იყო და არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი. ერთი წლის წინ, ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჰყვებოდა
- მეუღლეს რომ გავშორდი, საკმაოდ რთული ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში მენტალურადაც და ფიზიკურადაც. გარედან ვერავინ მამჩნევდა, მაგრამ აბსოლუტურად დაკარგული ვიყავი ჩემს ემოციებში და განცდებში. ვფიქრობდი გამოსავალზე, თუ რა დამეხმარებოდა ამ მდგომარეობის გადალახვაში, გადავწყვიტე, რომ ფიზიკური აქტივობა მეცადა და ასე მოვხვდი ზუმბაზე, რამაც მართლაც ძალიან მიშველა და საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა ჩემთვის. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ ზუმბას ინსტრუქტორი გავმხდარიყავი, რადგან ახლა მე დავხმარებოდი სხვა გოგონებს და ამით გადამეხადა სამყაროსთვის მადლობა.

„შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი დაუჯერებელი რამ მოხდა, ხშირად მგონია, რომ ჰოლივუდურ ფილმში ვცხოვრობ… ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი გამიცნობდა და ჩემზე ისაუბრებდა. და რაც მთავარია, შემიყვარებდა, რადგან არ არის მარტივი საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება, მე კი ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რომ საზოგადოებამ დიდი სიყვარულით მიმიღო და არ დაიშურა პოზიტიური კომენტარები. თითქმის ყველა მაქვს წაკითხული და თითოეულ მათგანს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც სხვისი სიხარული ასე ახარებთ ადამიანებს, ბედნიერება მათთვისაც არ დააყოვნებს, მე მჯერა, რომ სამყაროს ეს პრინციპი ამოძრავებს.

ისიც მართალია, რომ არასდროს ვყოფილვარ ე.წ. „ლაქშერული“ ცხოვრებით განებივრებული გოგონა, პირიქით, ძალიან ბევრი ოცნება აუხდენელი მქონდა. ძალიან დიდხანს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მწამდა, რომ ერთ დღეს ჩემი ოცნებებიც დაიწყებდა ახდენას და ვფიქრობ ყველაზე მეტად ამაში მადლიერება დამეხმარა და თვით რწმენა, რომ მე „იღბლიანი გოგო ვარ“. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უიღბლობაც შემემთხვა ცხოვრებაში, ჯიუტად ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ იღბლიანი ვარ. ზოგადად, ჩვენს აზრებს ხომ დიდი ძალა აქვს. მე მჯერა, რასაც გავუშვებთ სამყაროში, ის რომ გვიბრუნდება.

კარლოზე გეტყვით, რომ არის უსაზღვროდ კეთილი, უშუალო და ჯენტლმენი ადამიანი. აქვს საოცარი იუმორი და შესაბამისად, ძნელია მოიწყინო მასთან, რაც მთავარია, ზუსტად იცის ყოველთვის თუ რა მჭირდება და რა მაბედნიერებს.
წაიკითხეთ ასევე: