ავტორი:

ყოფილი ბიზნესმენი, ნაქირავები ბინით, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მანქანები და სკანდალები შემოსავლებზე - ვინ არის უკრაინის ახალი პრემიერი

ყოფილი ბიზნესმენი, ნაქირავები ბინით, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მანქანები და სკანდალები შემოსავლებზე - ვინ არის უკრაინის ახალი პრემიერი

უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკო უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ის მთავრობას ოთხშაბათს თანამდებობიდან გათავისუფლებული დენის შმიგალის ნაცვლად ჩაუდგა სათავეში.

რა არის ცნობილი უკრაინის ახალი პრემიერის შესახებ?

39 წლის იულია სვირიდენკო დამოუკიდებელი უკრაინის მეორე ქალი პრემიერი გახდა იულია ტიმოშენკოს შემდეგ.

თუმცა, მათ შორის უზარმაზარი სხვაობაა: როდესაც ტიმოშენკო მთავრობის სათავეში მოვიდა, მას უკვე ჰქონდა ბიზნეს-იმპერიის მართვის გამოცდილება, უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და საჯარო საპრეზიდენტო ამბიციები. სვირიდენკო ამ მხრივ მისი სრული საპირისპიროა.

საუბრები იმის შესახებ, რომ სვირიდენკო შესაძლოა მთავრობას ჩაუდგეს სათავეში, ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო. ახლა, მისი თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ, ხშირად ისმის ბრალდებები რომ ის გამოუცდელია. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მინისტრთა კაბინეტის მუშაობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების არ იქნება: საკვანძო გადაწყვეტილებები მაინც ბანკოვაზე, პრეზიდენტის ოფისში მიიღება.

ჩერნიგოვის პერიოდი

იულია სვირიდენკო წარმოშობით ჩერნიგოვიდანაა. კიევის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ანტიმონოპოლიურ საქმიანობას ეწეოდა, მან მცირე ხანს იმუშავა დედაქალაქში და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.

დაახლოებით შვიდი წელი ბიზნესით იყო დაკავებული. მის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია უკრაინაში პოლიასტერის ბოჭკოს წარმოების ქარხნის მშენებლობა, რომელიც 100%-ით საზღვარგარეთიდან მოზიდული ინვესტორების მიერ დაფინანსდა. თავად სვირიდენკო ახალ საწარმოში საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დირექტორის მოადგილე გახდა.

პოლიტიკაში ჩართვის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: 2015 წელს ის ჩერნიგოვის საქალაქო საბჭოში პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან, ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, მაგრამ არჩევნები წააგო.

თუმცა, იმავე წელს იულიამ მუშაობა დაიწყო ჩერნიგოვის საოლქო ადმინისტრაციაში, თავმჯდომარის ვალერი კულიჩის მრჩევლად.

რამდენიმე თვეში 30 წლის ჩინოვნიკი საოლქო ადმინისტრაციის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში, მალევე კი თავად ვალერი კულიჩის მოადგილედ დაინიშნა. როდესაც 2018 წლის გაზაფხულზე ის თანამდებობიდან გადააყენეს, რამდენიმე თვის განმავლობაში იულია სვირიდენკო რეგიონის გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.

2018 წლის ოქტომბერში, როდესაც ჩერნიგოვის ოლქში, საბრძოლო მასალების საწყობები იწვოდა, იულია სვირიდენკო პირადად აკონტროლებდა სიტუაციას, ჩადიოდა ადგილზე, ხვდებოდა დაზარალებულებს.

საოლქო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ, მან დატოვა სახელმწიფო სამსახური და ბიზნესს დაუბრუნდა: დასაქმდა კომპანია „სიდკო უკრაინაში“.

კომპანია აწარმოებდა და ყიდდა ცხოველებისა და ფრინველის საკვებს, ასევე ვაჭრობდა თესლითა და დაუმუშავებელი თამბაქოთი. სვირიდენკომ იქ დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

მთავრობაში მოსვლა და მუშაობა პრეზიდენტის ოფისში

მალევე მან ახალი სამსახური დატოვა და კიევში გადავიდა. 2019 წელს ის ეკონომიკის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაშინდელმა მინისტრმა ტიმოფეი მილოვანოვმა მიიწვია. ასე გახდა იულია სვირიდენკო მისი რვა მოადგილიდან ერთ-ერთი ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველ მთავრობაში.

მილოვანოვის მემკვიდრემ, იგორ პეტრაშკომ, ის გუნდში დატოვა, შემდეგ კი მინისტრის პირველ მოადგილედაც დანიშნა.

თითქმის ერთი წლის განმავლობაში, 2020 წლის მარტიდან, სვირიდენკო უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იყო სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე და იქ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი.

ხშირად მინისტრის მაგიერ ის წარმოადგენდა სამინისტროს პრეზიდენტის ოფისში გამართულ შეხვედრებზე. დროთა განმავლობაში იქ სამუშაოდ მიიწვიეს. 2020 წლის ბოლოს ის პრეზიდენტის ოფისის უფროსის ანდრეი ერმაკის მოადგილე გახდა.

თუმცა, იქ დიდხანს არ გაჩერებულა. 2021 წლის ნოემბერში ის პირველ ვიცე-პრემიერად – ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა დენის შმიგალის მთავრობაში.

ოპონენტები ამბობდნენ, რომ ანდრეი ერმაკის კადრი მთავრობაში გაგზავნეს, რათა პრეზიდენტის ოფისს კიდევ უფრო მეტად გაეკონტროლებინა მინისტრთა კაბინეტი.

ერმაკის გავლენა?

იულიას სვირიდენკოს დანიშვნაში ანდრეი ერმაკის პირადი ინტერესის შესახებ ექსპერტები და პოლიტიკოსები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. ასეთი ბრალდებები ახლაც ისმის, თანაც უფრო მკაცრი ფორმით.

"ქვეყანას ხუთი-ექვსი მენეჯერი მართავს. უფრო სწორად, ერთი, და მას ანდრეი ერმაკი ჰქვია. შმიგალის, რომელიც „პერანგში გამოწყობილი ერმაკია“, სვირიდენკოთი ჩანაცვლება, რომელიც „ქვედაბოლოში გამოწყობილი ერმაკი იქნება“, არაფერს შეცვლის“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა და ოპოზიციური პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა პეტრო პოროშენკომ.

სკანდალები და შემოსავლები

იულია სვირიდენკოს მთავრობის მეთაურად დანიშვნამდე ოპოზიცია აღშფოთებული იყო იმით, რომ, ქალის დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს მან ექვსი თვის განმავლობაში კიევის ეკონომიკის სკოლაში სწავლებისთვის სამ მილიონზე მეტი გრივნა (ამჟამინდელი კურსით 70 ათას დოლარზე მეტი) მიიღო.

„ეს თანხა სამჯერ აღემატება პროფესორების ხელფასებს წამყვან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, ეს სვირიდენკოს წლიურ შემოსავალს აღემატება მინისტრთა კაბინეტში“, – განაცხადა უმაღლესი რადას დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა.

მაშინ, კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ამ საქმეზე შემოწმება დაიწყო.

ტიმოფეი მილოვანოვმა, რომელიც მინისტრობის დროს პირველად მიიწვია სვირიდენკო მთავრობაში, ხოლო ახლა კიევის ეკონომიკის სკოლას (KSE) ხელმძღვანელობს, დაადასტურა, რომ სვირიდენკო სწავლებისთვის თვეში ექვს ათას დოლარს იღებს. მისი თქმით, ეს მაღალი ხელფასია, მაგრამ ის შეესაბამება ასეთი დონის სპეციალისტების ხელფასებს.

თუმცა, დოკუმენტებიდან, რომლებიც KSE-მ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ გადასცა, ჩანს, რომ სვირიდენკომ თვეში თითქმის ორჯერ მეტი მიიღო, ვიდრე სხვა ლექტორებმა საერთაშორისო გამოცდილებითა და გავლენით.

მისი განმარტებით, სვირიდენკო ერთდროულად რამდენიმე კურსს ასწავლის და უნივერსიტეტთან სამი ხელშეკრულება აქვს სხვადასხვა მიმართულებით, ასევე კონსულტაციას უწევს სტუდენტებს სადიპლომო ნაშრომების წერისას. ეს ყველაფერი მთავრობაში მუშაობისგან თავისუფალ დროს.

რაც შეეხება ახალი მთავრობის მეთაურის ქონებას, 2024 წლის შემოსავლების დეკლარაციაში ის საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება: რამდენიმე პატარა ბინა, მათ შორის ერთი ნაქირავები, 1496 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ნაქირავები პარკინგის ადგილი, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი და ოთხი ათასი დოლარი საბანკო ანგარიშებზე.

ღირსებები და დამსახურებები

პრეზიდენტის ოფისის უფროსზე დამოკიდებულების ბრალდებების მიუხედავად, ექსპერტულ წრეებში მიიჩნევენ, რომ იულია სვირიდენკოს ბევრი ღირსებაც აქვს, და უპირველეს ყოვლისა, ეს მისი უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების გამოცდილებაა. მას აქვს კონტაქტები ევროკავშირში: ის მონაწილეობდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში.

იულია სვირიდენკოს ასევე აქვს პირდაპირი კონტაქტები აშშ-ის ადმინისტრაციის წევრებთან. გარდა ამისა, მან დაამტკიცა თავისი პროფესიული თვისებები, მოამზადა ხელმოსაწერად ისტორიული შეთანხმება აშშ-სთან მინერალების შესახებ.