პოზიცია მექნება ასეთი, თუ დაუმტკიცდათ ეს ყველაფერი, რასაც გამოძიება მათ ედავება, კანონის შესაბამისად დაისაჯონ, - ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ლაშა გელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
გელაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი ჩვენების მიხედვით, ის 30 ნოემბერს, პარლამენტის შიდა პერიმეტრზე იმყოფებოდა, რა დროსაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა ფეხში მოხვდა და იღრძო.
"ერთმანეთს ვანაცვლებდით, „რობოკობით" დგომა რთულია, ჩანაცვლების დროს ბიჭები დაზიანებებით ამოდიოდნენ, ზოგს ქვა ჰქონდა მოხვედრილი, ბავშვები ხტებოდნენ, ზუსტად არ დამინახავს ვინ, რკინის ჯებირის შემონგრევას ცდილობდნენ",- განაცხადა გელაშვილმა.
პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის კითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზანი, გდდ-ს თანამშრომელმა უპასუხა: "პარლამენტში შემოსვლა".
"ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ასეთ დროს ქვა მესროლეს ფეხში, წავიქეცი, ცალი ფეხი თაბაშირში ჩამისვეს. ფეხი მქონდა ნაღრძობი, თაბაშირში ორი კვირა მქონდა...
[აქციის მონაწილეები] ერთმანეთს აწვდიდნენ ბოთლებს, ქვებს, ფეიერვერკებს. არ შემიმჩნევია ვინ მესროლა, მხოლოდ სხეულს ვხედავდი, სახეს არა.
პოზიცია მექნება ასეთი: თუ დაუმტკიცდათ ეს ყველაფერი, რასაც გამოძიება ედავება, კანონის შესაბამისად დაისაჯონ... როგორც გამოძიებიდან ვიცი, ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ",- განაცხადა გელაშვილმა.
"აქციაზე წასვლის წინ, ეს ნომერი მოგხსნეს?"- ჰკითხა მას ადვოკატმა, რაზეც სპეცრაზმელმა უპასუხა, რომ "ჰქონდა და ეს იყო 36 ნომერი, რომელიც ეწერა კასკაზეც და რობოკოპზეც".
"თქვენს უფროს როგორ ცნობთ?",- მიმართა მას ავსაჯანიშვილმა, რაზეც გელაშვილმა უპასუხა, რომ „სიმაღლით, ტანით, ვიზუალურად და სიარულის მანერით".
ადვოკატის კითხვაზე, მოუწია თუ არა მას მოქალაქეების დარბევაში მონაწილეობის მიღება, გდდ-ს თანამშრომელმა უარყოფითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იქ მხოლოდ წესრიგს იცავდა.
"კადრები რაც ვრცელდებოდა, თუ გინახავთ ადამიანები სპეცრაზმელების ფორმაში მოქალაქეებზე რომ ძალადობდნენ?”, - ჰკითხა მას კვლავ ავსაჯანიშვილმა.
"ტელევიზიებს როგორ არ ვუყურებ, მაგრამ პირადად ეგ არ მინახავს... არც გამიგია",- განაცხადა გელაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.