ავტორი:

გონიოში ხარაჩოს ჩამონგრევისას დაშავებულის ოჯახი ახალგაზრდის გადასარჩენად დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს - მათი თქმით, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი თურქეთში გადაყვანაა

გონიოში ხარაჩოს ჩამონგრევისას დაშავებულის ოჯახი ახალგაზრდის გადასარჩენად დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს - მათი თქმით, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი თურქეთში გადაყვანაა

დღეს, გონიოში, სანაპიროსთან მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე აცხადებს, რომ დაშავებული ახალგაზრდის ოჯახი დაუკავშირდა, რომელიც დახმარებას ითხოვს.

"დღეს გონიოში საშინელი შემთხვევა მოხდა - ჩამოინგრა სამშენებლო ხარაჩო, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. დაზარალებულის მშობლის ინფორმაციით, შვილი ამ წუთას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მშობელი ატირებულმა დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ შემთხვევის ადგილას მომუშავე კომპანია "ნექსტი" არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს - არ გაჩერებულან, არც საავადმყოფოში, არ უკითხავთ, როგორია ბავშვის მდგომარეობა ან რისი გაკეთება შეუძლიათ.

ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის გადარჩენის ერთადერთი შანსია გადაყვანა თურქეთში სპეციალიზებულ კლინიკაში. თუმცა საჭირო რესურსები არ აქვთ და დაუყოვნებლივ საჭიროებენ სახელმწიფოს, მედიის და საზოგადოების ჩარევას, რომ პროცესი არ დაგვიანდეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია - ეს არის ჩვენი საერთო მორალური გამოცდა. გვმართებს, არ დავტოვოთ ისინი მარტო ამ სირთულეში. მოვითხოვთ:

1. კომპანიის პასუხისმგებლობის სამართლებრივად განხილვას.

2. სახელმწიფოს დაუყოვნებელ ჩარევას ბავშვის თურქეთში გადაყვანის პროცესში.

3. საზოგადოების და მედიის მობილიზებას, რომ საქმე არ დარჩეს ჩრდილში!" - აცხადებს ბაკურაძე.