ავტორი:

ვინ შეიძლება გახდეს რამზან კადიროვის მემკვიდრე?

ვინ შეიძლება გახდეს რამზან კადიროვის მემკვიდრე?

მედია წერს, რომ ჩეჩნეთის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა - ზაფხულის დასაწყისიდან რამზან კადიროვი, პრაქტიკულად, აღარ გამოჩენილა საჯარო ღონისძიებებზე, ხოლო მისი მონაწილეობით მთავრობის სხდომები შემცირდა.

აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს კადიროვი. ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს kavkazr.com

ჩეჩნეთის მეთაურის პოსტის შესაძლო პრეტენდენტებს შორის, კადიროვის შვილების გარდა, მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებიც სახელდებიან.

  • ადამ დელიმხანოვი

დელიმხანოვი რამზან კადიროვის კლანის წევრია. 2009 წელს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა მას "უახლოესი მეგობარი, ძმაზე უფრო ახლო“ უწოდა და განაცხადა, რომ მზად იყო რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობაზე დაენიშნა. აღსანიშნავია, რომ კადიროვის მესამე ვაჟს, ადამს, სახელი დელიმხანოვის პატივსაცემად დაარქვეს.

"დელიმხანოვი ყველაზე ახლობელი ადამიანია, ის ერთგულია და დედის მხრიდან კადიროვის შორეული ნათესავია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიიღო.

მისი ძმებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ: ერთი ადგილობრივ უსაფრთხოების სტრუქტურაში, მეორე კი ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიაშია", - ამბობს ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის "გაერთიანებული ძალის“ საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი საიხან მუზაევი.

  • მაგომედ დაუდოვი, "უფალი“

დელიმხანოვის მსგავსად, დაუდოვი არაერთხელ ცნეს დამნაშავედ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში, რისთვისაც იგი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. კერძოდ, "გეი ციხეების“ ყოფილმა პატიმრებმა Human Rights Watch-ს განუცხადეს , რომ დაუდოვი პირადად აკვირდებოდა მათ წამებას.

2024 წლის მაისიდან ის ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრია, რაც რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, ნიშნავს, რომ მოქმედი ხელმძღვანელის სიკვდილის შემთხვევაში, ხელისუფლებას სათავეში სწორედ დაუდოვი ჩაუდგება.

"მაგომედ დაუდოვი უკვე უფრო გამოცდილი და შედარებით განათლებულია: დელიმხანოვმა საერთოდ არ იცის ლაპარაკი - დაუდოვმა ისწავლა. ის მთავრობის მეთაურია, ცხადია, რომ ამბიციები აქვს. მაგრამ დადებს თუ არა კრემლი მასზე ფსონს - ეს საკითხავია.

ლოგიკურია, რომ თუ კადიროვს რამე დაემართება, დაუდოვი შეიძლება გარკვეული ხნით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყოს, მაგრამ მხოლოდ გარკვეული ხნით და მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი. სანამ პრეზიდენტის პოსტზე კადიროვის კლანიდან ვინმეს, ალბათ უმცროს ვაჟს - არ აირჩევენ", - ამბობს საიხან მუზაევი.

  • აპტი ალაუდინოვი

დიდი ხნის განმავლობაში ის კადიროვის ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად ითვლებოდა: მაგალითად, ჩეჩენმა საზოგადო მოღვაწემ რუსლან კუტაევმა განაცხადა, რომ 2015 წელს ცრუ ბრალდებით დაკავების შემდეგ, სწორედ ალაუდინოვმა და დაუდოვმა სცემეს.

"ალაუდინოვი ურუს-მარტანიდანაა. ურუს-მარტანის მოსახლეობა ამჟამად დაახლოებით 100 ათასი ადამიანია. ისინი ყოველთვის ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი, ნებისმიერი მთავრობის დროს. ალაუდინოვი იმდენად პრორუსულია, რომ არაფრის ახსნა არ არის საჭირო.

დიახ, ალაუდინოვს, დელიმხანოვის მსგავსად, შესაძლოა რეალური ამბიციები ჰქონდეს", - საიხან მუზაევი.

  • რუსლან ედელგერიევი

ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრი 2012 - 2018 წლებში. იგი მუშაობდა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში როგორც ჩეჩნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ფლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკის წოდებას.

  • იაკუბ (იბრაჰიმ) ზაკრიევი

2021 წლის მარტამდე ის ჩეჩნეთის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა, ხოლო უფრო ადრე გროზნოს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ფლობს ფედერალურ მსხვილ აქტივს - Danone-ის რუსულ შვილობილ კომპანიას. ეკონომიკური განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ზაკრიევი კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა: ის 34 წლისაა.

  • აბუზაიდ ვისმურადოვი, "პატრიოტი“

2010-იან წლებში ის ხელმძღვანელობდა თერეკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (SOBR), რომლის მიზანი იჩქერიული ფორმირებების წევრებთან ბრძოლა იყო.

  • ადამ კადიროვი

ჩეჩნეთის კონსტიტუციის თანახმად, კადიროვის მესამე ვაჟი რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე 30 წლის ასაკამდე ვერ აირჩევა, თუმცა ადამს ადრეც მიუღია რეგალიები, რომლებიც მის ასაკს არ შეესაბამება - მაგალითად, ჩეჩნეთის გმირის წოდება ან რესპუბლიკის მეთაურის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა .

  • აიშატ კადიროვა

2020 წელს აიშატ კადიროვამ ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, ხოლო 2021 წელს კულტურის მინისტრი გახდა და ამ თანამდებობაზე 2023 წლის შემოდგომამდე დარჩა, სანამ ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ არ დაინიშნა. მიმდინარე წლის თებერვალში მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი სამსახური "უფრო ძლიერ მამაკაცს შეეფერება“.

წყარო