ავტორი:

ტრაგედია იტალიაში - პარაპლანით ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპა ცნობილი სკაიდაივერი ფელიქს ბაუმგარტნერი, რომელმაც მსოფლიო 2012 წელს სტრატოსფეროდან "ფრენით" გააოცა

ტრაგედია იტალიაში - პარაპლანით ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპა ცნობილი სკაიდაივერი ფელიქს ბაუმგარტნერი, რომელმაც მსოფლიო 2012 წელს სტრატოსფეროდან "ფრენით" გააოცა

17 ივლისს, იტალიაში, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, დაიღუპა ცნობილი ავსტრიელი სკაიდაივერი ფელიქს ბაუმგარტნერი - ადამიანი, რომელიც 2012 წელს, პრაქტიკულად, კოსმოსის ზღვართან სტრატოსფეროში მდებარე, საჰაერო ბუშტიდან დედამიწაზე დაეშვა.

ავსტრიელი ექსტრემალური სპორტის პიონერმა ათ წელზე მეტი ხნის წინ მსოფლიო გააოცა, როდესაც გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ზებგერითი ბარიერი გადალახა და კოსმოსის ზღვრიდან თავისუფალი ვარდნა განახორციელა. უშიშარი ავსტრიელი 39 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტა. ამ ისტორიული ნახტომის შემდეგ ბაუმგარტნერმა ჟურნალისტებს განუცხადა:

"როცა მსოფლიოს უმაღლეს წერტილზე ვიდექი, ვიგრძენი, როგორ გაქრა ჩემში ყოველგვარი სიამაყე. იმ მომენტში ვეღარ ვფიქრობდი რეკორდებზე ან სამეცნიერო მონაცემებზე. ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, დავბრუნებულიყავი დედამიწაზე ცოცხალი“.

ტრაგედია ქალაქ პორტო-სანტ-ელპიდიოსთან დატრიალდა, სადაც პარაპლანი ერთ-ერთი სასტუმროს აუზთან ახლოს ჩამოვარდა. ბაუმგარტნერმა მოტორიზებული პარაპლანით ფრენისას კონტროლი დაკარგა და მიწაზე დაეცა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 56 წლის ბაუმგარტნერმა, სავარაუდოდ, გონება ფრენის დროსვე დაკარგა, თუმცა ზუსტად რა მოხდა, ჯერჯერობით უცნობია.

მას "უშიშარ ფელიქსს“ ეძახდნენ. მისი გამბედაობა მართლაც რომ გასაოცარი იყო. ის ისტორიაში შევიდა არაერთი გამაოგნებელი ნახტომით, მათგან გამორჩეული იყო 1999 წელს პარაშუტით გადმოხტომა რიო-დე-ჟანეიროში, ქრისტეს ქანდაკებიდან, იმავე წელს ექსტრემალი გადმოხტა "პეტრონასის კოშკებიდან". 2003 წელს, ბაუმგარტნერმა სპეციალურად შექმნილი ნახშირბოჭკოვანი ფრთებით გადაიფრინა ლა-მანშის სრუტე, რომელიც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს აკავშირებს.

ის ჰაერში მყოფი თვითმფრინავიდან გადახტა ინგლისის თავზე და საფრანგეთამდე იფრინა.

  • მოამზადა ეკა ასათიანმა