ავტორი:

ტეხასიდან ყაზბეგში - ამერიკელი ბიჭისა და რუსი გოგონას ქართული ქორწილი: ვინ არის წყვილი, რომლის ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა

ტეხასიდან ყაზბეგში - ამერიკელი ბიჭისა და რუსი გოგონას ქართული ქორწილი: ვინ არის წყვილი, რომლის ფოტოებმა ინტერნეტი მოიცვა
  • ფოტოები: ანდრია თათარაშვილი(Andria Photography)

წყვილის გარეგნობა ჩემთვის უცნობი იყო, მხოლოდ ფოტოსესიის დღეს ვიხილე და იმ წამს მივხვდი, რომ მთებში და მათი გამორჩეული გარეგნობით საუკეთესო ნამუშევარი შეიქმნებოდა" - გვეუბნება ფოტოგრაფი ანდრია თათარაშვილი, რომელმაც ქორწილის ულამაზესი ფოტოსესია, სახელწოდებით "ტეხასიდან ყაზბეგში“ გამოაქვეყნა. შთამბეჭდავ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი აღფრთოვანება მოყვა...

ანდრია თათარაშვილის დახმარებით უცხოელ წყვილს, დევიდ და ჯულიანა უილსონებს დავუკავშირდით...

- დევიდ, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, რა პროფესიით ხართ?

- დავიბადე შეერთებულ შტატებში, ქალაქ ოუკ ჰარბორში, ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე. თუმცა ნამდვილ სახლად ტეხასი მიმაჩნია - სწორედ იქ გავიზარდე პატარა ასაკიდან. ბევრ სხვადასხვა სფეროში მიმუშავია, მაგრამ ჩემი პროფესიული მიმართულება ვიდეო სფეროს დაუკავშირდა. უკვე წლებია ვმუშაობ ვიდეომონტაჟში, ვიდეოგადაღებებსა და მედია პროდუქციაში, ხარისხის კონტროლის ჩათვლით. ამჟამად ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოში ვმუშაობ, სადაც ვასწორებ ვიდეომასალების შეცდომებს და ვზრუნავ ხარისხის შენარჩუნებაზე.მანამდე კი დიდი საქველმოქმედო ორგანიზაციის მედია-დირექტორი ვიყავი და ვქმნიდი გასართობ პროგრამებს ბავშვებისთვის, სადაც სიყვარულსა და თანაგრძნობას ვასწავლიდით მომდევნო თაობას ღვთის გზავნილის მეშვეობით.

- როდის და როგორ გაიგეთ პირველად საქართველოს შესახებ?

- ბევრი სხვადასხვა სამუშაო გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში, რომელთაგან ერთ-ერთი მასწავლებლობა იყო. მსოფლიო გეოგრაფიას ვასწავლიდი, ასე რომ საქართველოს ისტორია და კულტურა ჩემთვის უცხო არ ყოფილა. მაგრამ როგორც ტურისტული მიმართულება? ამაზე უფრო გვიან დავიწყეთ ფიქრი. მე და ჩემს ცოლს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და არჩევანის გაკეთების შემდეგ ორივემ შევთანხმდით — ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილი საქართველო უნდა ყოფილიყო.

- რატომ გადაწყვიტეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოში გაგეტარებინათ?

- მე და ჩემი მეუღლე თითქოს ორი სხვადასხვა სამყაროდან ვართ — მე ამერიკელი ვარ, ის კი რუსი. ქვეყანა ავირჩიეთ იმის მიხედვით, რაც ორივეს გვაინტერესებდა — ახალი ადგილების აღმოჩენა, ბუნება, მთები… ორივეს გვიყვარს მთები და ველური ბუნება — ამიტომ საქართველოზე შევაჩერეთ არჩევანი.

- როგორ გახსენდებათ თქვენი ქორწილი ყაზბეგში?

გაკვეთილივით დაძაბული და დატვირთული! მთელი დღე სხვადასხვა ადგილას ვმოგზაურობდით ფოტოსესიისთვის — მთებში სიარული ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ ყოველ წუთი ღირდა! ეს იყო ჯადოსნური დღე. მთები - თითქოს ზღაპარში ვიყავით, ემოციები — სიტყვებით აღუწერელი.

- თუ გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას?

მე და ჩემს ცოლს მსოფლიოს კვლევა ძალიან გვიყვარს და ბევრი მიმართულება გვაქვს მოსანახულებელი, მაგრამ საქართველო არის ადგილი, რომელიც დიდხანს დაგვამახსოვრდება! შესანიშნავი ბუნება, გულწრფელი სილამაზე და განცდილი ემოციები — უდიდესი სიამოვნება იყო იქ ყოფნა. და როცა დრო მოვა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დავბრუნდებით!

ჯულიანა უილსონი:

- მე იურისტი ვარ. დავიბადე და გავიზარდე რუსეთში, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთის, პატარა ქალაქ სალეხარდში. ეს არის ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს პირდაპირ ჩრდილოეთ პოლარული წრის გარშემო. აქ მუდამ ზამთარია და ცივი ამინდები, მაგრამ ხალხი — თბილი, გულღია და სტუმართმოყვარეა.

- საქართველოს შესახებ როდის გაიგეთ პირველად?

- მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოს შესახებ განხილვა მაშინ დავიწყეთ, როცა ვფიქრობდით, სად შეგვეძლო შევხვედროდით და ერთად გვეხილა ახალი ადგილი. ორივეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა. ასე მივედით ერთხმად გადაწყვეტილებამდე — ამჯერად უნდა აღმოგვეჩინა საქართველო!

- რატომ გადაწყვიტეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სწორედ საქართველოში გაგეტარებინათ?

- იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ დაქორწინდებოდით. მაგრამ ასევე გვსურდა, ეს გაგვეკეთებინა ისეთ ადგილას, სადაც ლამაზ ბუნებასთან ერთად ადგილობრივი კულტურის გაცნობაც შეგვეძლო. ინტერნეტში ინფორმაციის ძიების შემდეგ მივხვდით საქართველო იდეალური არჩევანია! ჩვენი გეგმები ივნისის დასაწყისს დაემთხვა, რაც, როგორც ვკითხულობდით, კარგი ამინდის გარანტიას იძლეოდა ბათუმში. მართლაც გაგვიმართლა — არც ძალიან ცხელა და არც ცივა. თავდაპირველად რამდენიმე დღე ბათუმში გავატარეთ — ვსეირნობდით, დავათვალიერეთ ქალაქი, დავაგემოვნეთ ტრადიციული ქართული სამზარეულო… იქვე, ბათუმში გავაფორმეთ ქორწინება. და სწორედ ქორწილის დღეს გავემგზავრეთ გრძელი გზით სტეფანწმინდისკენ, სამხედრო გზაზე გავლით, სადაც გაიმართა ჩვენი საქორწინო ფოტოსესია საქართველოს დიდებულ მთებს შორის.

- როგორ გახსენდებათ თქვენი ქორწილი ყაზბეგში?

- ეს იყო დაუვიწყარი მოგზაურობა! მე და ჩემს მეუღლეს განსაკუთრებით გვიყვარს მთა და ბუნება. ჩვენი საქორწინო ფოტოსესია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მას ჩვენთან ერთად თბილისის ფოტოგრაფი ხელმძღვანელობდა, რომელიც თან გვათვალიერებინებდა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს. ყველაფერი მარტივი არ ყოფილა - მთებში საკმაოდ ცივა და ჩემი კაბა მძიმე და გრძელი იყო. გადაღებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა, ერთ-ერთი მათგანი გერგეტის სამება იყო, პირდაპირ ყაზბეგის მთის ძირში. სურათებზე ნანახი ეს ადგილი რეალურ ცხოვრებაში კიდევ უფრო ზღაპრულად მოგვეჩვენა. ჩვენ ორივემ ვიგრძენით - საქართველოში ქორწინება და ფოტოსესია ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო!

- აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- ქართველი ხალხის გულწრფელი სითბო და სტუმართმოყვარეობა, უგემრიელესი ტრადიციული სამზარეულო და საოცარი ატმოსფერო, რომელსაც აქ ვიგრძენით, გვაიძულებს ვთქვათ — აუცილებლად დავბრუნდებით!შემდეგ ჯერზე ძალიან გვინდა თბილისის მონახულებაც.