Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ბაირონმა, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი რომანი კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსთან, კრისტინ კაბოტთან, Coldplay-ის კონცერტზე გამჟღავნდა.
ინციდენტმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ბაირონის ქორწინებისა და კომპანიის რეპუტაციის ირგვლივ უამრავი კითხვა გააჩინა.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
ყველაფერი Coldplay-ის კონცერტზე დაიწყო, სადაც ტრადიციულად, დიდ ეკრანზე მაყურებლებს აჩვენებენ და მათ კოცნას სთხოვენ. ამჯერად, კამერამ VIP-ლოჟაში მყოფი ჩახუტებული წყვილი დააფიქსირა. მოულოდნელად, წყვილმა უკან დაიხია და სახეების დამალვა სცადა, რამაც Coldplay-ის სოლისტის, კრის მარტინის, ყურადღება მიიპყრო. მარტინმა იხუმრა: "ძალიან მორცხვები არიან. იმედია, ცუდი არაფერი ჩაგვიდენია“.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეკრანზე ასახული მამაკაცი Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი იყო, ხოლო მასთან ერთად მყოფი ქალბატონი - კრისტინ კაბოტი, კომპანიის HR-ის ხელმძღვანელი. კონცერტზე გადაღებული ვიდეო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და მილიონობით ნახვა დააგროვა. გასაკვირი არ არის, რომ ვიდეო ბაირონის მეუღლემაც ნახა.
ინციდენტის შემდეგ, საზოგადოება შეშფოთდა არა მხოლოდ მილიარდერის დანგრეული ქორწინების, არამედ კომპანია Astronomer-ის ბედის გამოც, რომელსაც მსხვილ დამკვეთებთან კონტრაქტები აქვს. გაჩნდა შიში, რომ კომპანიას სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა და მოგებას დაკარგავდა.
საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ენდი ბაირონმა გადაწყვიტა Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაეტოვებინა. კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის რეპუტაციას ჩრდილი მიადგა, ისინი გააგრძელებდნენ საქმიანობას.
განცხადებაში ასევე ეწერა: "Astronomer ერთგულია იმ ღირებულებებისა და კულტურის მიმართ, რომლებითაც ჩვენ დაარსებიდანვე ვხელმძღვანელობთ. ჩვენი ლიდერებისგან მოელიან ქცევისა და პასუხისმგებლობის სტანდარტების დადგენას, თუმცა ბოლო დროს ეს სტანდარტები არ იყო დაცული. ენდი ბაირონმა გადადგომის თხოვნით მიმართა დირექტორთა დაბჭოს და თანხმობაც მიიღო".
სკანდალის ფონზე, ყურადღების ცენტრში მოექცა კრისტინ კაბოტის პირადი ცხოვრებაც. გავრცელდა ფოტოები, სადაც კაბოტი საქორწინო ბეჭდით, სავარაუდოდ, მეუღლესთან, Privateer Rum-ის მფლობელ ენდრიუ კაბოტთან და ორ შვილთან ერთად პოზირებს. ეს ფოტოები კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას, რადგან ირკვევა, რომ კრისტინიც დაქორწინებულია.
როგორც ირკვევა, კრისტინი და ენდრიუ წლებია ერთად ცხოვრობენ რაიში, ნიუ-ჰემფშირში და ხუთი თვის წინ 2.2 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი შეიძინეს. კრისტინი ასევე არის ენდრიუს კომპანიის, Privateer Rum-ის, მრჩეველთა საბჭოს წევრად 2020 წლის სექტემბრიდან.

ენდი ბაირონის მეუღლემ, მეგან კერიგან ბაირონმა, მეუღლის ვიდეოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ ჯერ ფეისბუქიდან მეუღლის გვარი წაშალა, შემდეგ კი სოციალური მედიის გვერდები საერთოდ გააუქმა.
სკანდალის ფონზე, სოციალურ ქსელებში ენდი ბაირონის სახელით ყალბი ანგარიში შეიქმნა, სადაც ბოდიშის ტექსტი გამოქვეყნდა. ტექსტში ეწერა: "მინდა გამოვთქვა ჩემი აზრი იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი მღელვარება გამოიწვია და ფართოდ განიხილება ინტერნეტში. გუშინ უნდა ყოფილიყო კარგი მუსიკისა და ბედნიერების საღამო, რომელიც სერიოზულ შეცდომად იქცა, დრამად, რომელიც საჯაროდ განვითარდა. მინდა გულწრფელად მოვუბოდიშო ჩემს მეუღლეს, ოჯახს და Astronomer-ის გუნდს. თქვენ უკეთეს მოპყრობას იმსახურებთ ჩემგან, როგორც ქმრისგან, როგორც მამისგან და როგორც ხელმძღვანელისგან.“

ტექსტში ასევე იყო ნათქვამი: "ეს არ არის ის, ვინც მინდა ვიყო, როგორ მინდა წარმოვადგინო კომპანია, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მივიღე. ახლა ვფიქრობ შემდეგ ნაბიჯებზე, როგორც პირად, ისე პროფესიულ დონეზე. გთხოვთ, მომეცით დრო. ასევე მინდა გამოვხატო უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩემი პირადი ცხოვრების მომენტი საჯარო გახდა ჩემი თანხმობის გარეშე. პატივს ვცემ ხელოვნების მოღვაწეებსა და გასართობ ინდუსტრიას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველას შეგვეძლება უფრო ღრმად დავფიქრდეთ სხვისი ცხოვრების სპექტაკლად გადაქცევის შედეგებზე.“ მოგვიანებით Astronomer-მა განაცხადა, რომ ეს გვერდი ყალბი იყო.